რუსეთის პატრიარქის განცხადებით, აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება საფრთხეს შეუქმნის ქრისტიანობას

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილის განცხადებით, მოწოდებები სტამბოლში მდებარე აია სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების შესახებ, საფრთხეს უქმნის ქრისტიანობას.

რუსეთის პატრიარქის განცხადებით, აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება საფრთხეს შეუქმნის ქრისტიანობას

ამის შესახებ ნათქვამია მოსკოვის პატრიარქის განცხადებაში, სადაც ის მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას, შეინარჩუნოს აია სოფია, როგორც მუზეუმი.

“აია სოფიას წინააღმდეგ მიმართული საფრთხე მთელი ქრისტიანული ცივილიზაციის, ჩვენი სულიერებისა და ისტორიის წინააღმდეგ მიმართული საფრთხეა. ის, რაც შესაძლოა აია სოფიას დაემართოს, ძალიან ღრმა ტკივილს მიაყენებს რუს ხალხს”, – აცხადებს მოსკოვის პატრიარქი.

აია სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთის საკითხს კრემლიც გამოეხმაურა.

“ვიმედოვნებთ, რომ თურქეთის ხელისუფლება გაითვალისწინებს აია სოფიას, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სტატუსს”, – თქვა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, 29 მაისს, კონსტანტინოპოლის დაცემის წლისთავზე, აია სოფიაში ყურანის კითხვა გაიმართა. ერთი კვირის შემდეგ, კი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მმართველი მართლმსაჯულებისა და განვითარების პარტიის ცენტრალურ კომიტეტს დაავალა შეისწავლონ აია სოფიას მეჩეთად გადაქცევის შესაძლებლობა.

აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხი განიხილა თურქეთის სასამართლომ, რომელმაც გადაწყვეტილების გამოტანის თარიღად 17 ივლისი დაასახელა.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის ინიციატივა, აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ, არაერთმა პოლიტიკურმა და რელიგიურმა ლიდერმა გააკრიტიკა, მათ შორის მსოფლიო პატრიარქმა, ბართოლომეოსმა, ასევე საბერძნეთმა, საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მოუწოდა თურქეთს, სტამბოლში მდებარე აია სოფიას ტაძარი შეინარჩუნოს, როგორც მუზეუმი და მეჩეთად არ გადააკეთოს.

თურქეთი აცხადებს, რომ აია სოფიას სტატუსის განსაზღვრა თურქეთის შიდა საქმეა და ამ საკითხის შესახებ გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება აღიქმება, როგორც თურქეთს სუვერენიტეტზე თავდასხმა.

წყარო: ghn.ge