“საქართველო გადავარჩინეთ; რას ვღებულობთ სანაცვლოდ?!”- აზერბაიჯანის პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ

პოპულარული რუსულენოვანი აზერბაიჯანული სააგენტო “ჰაქინ” ხშირად ავრცელებს ანტიქართულ მასალებს. ბოლო ასეთი მასალა ყველა რეკორდს ხსნის.

"საქართველო გადავარჩინეთ; რას ვღებულობთ სანაცვლოდ?!"- აზერბაიჯანის პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ

თურმე ნუ იტყვით და, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში, ტოვუზის დაბომბვისთვის სომხეთს სერბული ნაღმმტყორცნები დასჭირვებია, რომლებიც რუსეთიდან მიეწოდა სომხეთს – საქართველოს გავლით. საქართველო, ამ შემთხვევაში მთავარ დამნაშავედ არის გამოყვანილი. ვრცელი სარედაქციო სტატია-პასკვილი ძირითადად, საქართველოს ეძღვნება, თუმცა “ჰაქინის” რედაქციის აზრით, აზერბაიჯანის დახმარების წყალობით გადაურჩა სერბეთი კორონავირუსს. ბრალდებები ისმის რუსეთის მიმართაც.

თუმცა დავუბრუნდეთ საქართველოს თემატიკას, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, ცენტრალურ ადგილს იკავებს “ჰაქინის” სტატია-პასკვილში. აი რას წერენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტები:

როგორც haqqin.az-ისთვის სამხედრო წყაროებიდან გახდა ცნობილი, [სომხეთის მიერ განხორციელებულ] შეტევამდე რამდენიმე დღით ადრე და სამხედრო მოქმედებების პიკშიც, სერბეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, ჩამოტანილ იქნა სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნების ჭურვების დიდი პარტია. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ იმავე დღეებში სომხეთმა რუსეთიდან, მაგრამ ისევ და ისევ საქართველოს გავლით, მიიღო “გრადისთვის” განკუთვნილი ლაუნჩერებითა და ნაღმმტყორცნი ჭურვებით დატვირთული “კამაზის” ავტომობილები.

/…/ ეს ფაქტები იწვევს აზერბაიჯანული მხარის სერიოზულ შეშფოთებასა და სამართლიან აღშფოთებას. როგორ დაუშვა საქართველომ, თავისი ტერიტორიის გავლით მიეწოდებინა საბრძოლო მასალები და სამხედრო აღჭურვილობა, რომლის დანიშნულება ეჭვს არ იწვევდა, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში იქნებოდა გამოყენებული? როგორ თუ ასე? ამ ორ ქვეყანას ხომ ყოველთვის მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა აზერბაიჯანთან, ისინი ავითარებდნენ მასთან საქმიან პარტნიორობას.

/…/ რას იღებენ საქართველოსგან ჩვენი მოწინააღმდეგეები? ჭურვებსა და ნაღმმტყორცნებს, რომლებითაც ჩვენს ჯარისკაცებს კლავენ. მაგრამ საქართველოსგან ჩვენ ასევე ვიღებთ უწყვეტ პროვოკაციებს კეშიკჩი-დაგში (დავით გარეჯის მონასტერში), მეორე აზერბაიჯანული რესპუბლიკის დამაარსებლის – ნარიმან ნარიმანოვის რევიზიონისტულ კრიტიკას და მისი ძეგლის დემონტაჟის მუდმივ მოწოდებებს, დაბოლოს, ქართული მასმედიის გვერდებზე აზერბაიჯანის ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებსა და ბრაზიან ფილიპიკებს.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მას შემდეგ, რაც გადავარჩინეთ საქართველო, შემდგომ წლებში აზერბაიჯანი მეზობელი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს ინვესტორად იქცა, ჩადო კოლოსალური თანხები. მეტიც, ბაქომ ყველაფერი იღონა ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გასაღრმავებლად და გასამყარებლად.

და რას ვიღებთ ამის სანაცვლოდ? გაუთავებელ და მზაკვრულ მცდელობებს, გაძევებულ იქნან აზერბაიჯანელი ინვესტორები ხელისუფლების ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენებით. ყველაზე უსინდისოა ზეწოლა, რომელსაც ახოცრიელებენ აზერბაიჯანელ ინვესტორებზე, რომლებსაც კაპიტალი აქვთ დაბანდებული ნეოენერგეტიკულ სექტორში: საქართველოს მთავრობა ხშირად ცდილობს, მიითვისოს ჩვენი ინვესტორების ბიზნესი, არსებითად ახორციელებს რა სარეიდერო მითვისებებს“- ნათქვამია “ჰაქინის” სარედაქციო სტატიაში და მის ბოლოს ისიც არის ნათქვამი, რომ ბაქოს ოფიციალურ რეაქციას “უნდა დაველოდოთ”.

აი ასეთ სურათს ხატავს აზერბაიჯანული რედაქცია. რა თქმა უნდა, რედაქციამ არ დაიზარა აზერბაიჯანის მიერ საქართველოს მხარდაჭერის არსებული და არარსებული ფაქტების ჩამოთვლა, არსებულ ფაქტებში კი იმის მითითება დაავიწყდა, თავად რამხელა სარგებელი ნახა აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოსთან თანამშრომლობითა და საქართველოს სატრანზიტო დერეფნად გამოყენებით. “ჰაქინის” რედაქცია ყველა ზღვარს გადადის საქართველოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებებით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მათ რედაქციაში სომხური აგენტურა ზის, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, გააფუჭოს ისედაც ლატენტურად დაძაბული ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები.

საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ მარნეულის აზერბაიჯანული ეთნოსის (ისტორიულად, აზერბაიჯანლობა-მინიჭებული ბორჩალელი თათრები) ბლოკადაში მოქცევას ცდილიყო ამ გაზაფხულზე, კორონაკრიზისის პიკში, ვიღაცის ჯიბის გასქელების მიზნით, პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მოსახლეობის ინტეგრაციას და ამ მოსახლეობის მაქსიმალურ ეკონომიკურ დამოკიდებულებას თბილისზე და საქართველოს სხვა რეგიონებზე. დიახ, ქვემო ქართლის აზერბაიჯანელები თავიანთი შრომის ნაყოფით სარგებელს საქართველოში უნდა პოულობდნენ. კორონაკრიზისის გამო აზერბაიჯანთან ჩაკეტილი საზღვარი “გადატვირთვისათვის” ძალიან კარგი საბაბია; ახლებურად უნდა დავინახოთ და გავიაზროთ ქვემო ქართლის მოსახლეობის ინტეგრაციის საკითხი, რათა ბაქოში მოკალათებულ “ჰაქინის” რედაქციის მსგავს პროვოკატორებს არ ჰქონდეთ იმის იმედი, რომ საქართველოსთან დაპირისპირების შემთხვევაში ქვემო ქართლს “აგვიფეთქებენ”. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. უარი უნდა ითქვას დისკრიმინაციაზე, როგორც ეს სააკაშვილის დროს ხდებოდა, როდესაც  აზერბაიჯანელი ეროვნების ადამიანებს თანამდებობებზე არ ნიშნავდნენ. პირიქით, რეგიონში ადგილობრივ ბიუროკრატიულ სტრუქტურებში, რაც შეიძლება, მეტი აზერბაიჯანელი ჩვენი თანამოქალაქე უნდა დაინიშნოს, რა თქმა უნდა, შესაბამისი გადამოწმების შემდეგ, ვინაიდან მეზობელი სახელმწიფო წლების მანძილზე ეწევა სპეციფიურ საქმიანობას (და მას, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არც გაემტყუნება). აზერბაიჯანელების დაწინაურება ქართულ ბიუროკრატიულ აპარატში,  ქართული სახელმწიფოსადმი მათი ლოიალობის ხარისხს გაზრდის.