პანტომიმის თეატრი დახმარებას მაყურებელს სთხოვს

ახალი შენობა პანტომიმის თეატრის დასის დიდი ხნის ოცნებაა და ის ახლა უკვე იძენს რეალურ კონტურებს.

პანტომიმის თეატრი დახმარებას მაყურებელს სთხოვს

ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი ახალ სახლს ელოდება – თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დახმარებისთვის ხალხს მიმართა.

თეატრის ხელმძღვანელი ამირან შალიკაშვილი–უმცროსი Facebook–გვერდზე თეატრის მოყვარულებსა და ყველას სთავაზობს, გახდნენ „საუკუნის პროექტის მონაწილე“. თეატრის დახმარებისთვის საკმარისია შესაბამისი სატელეფონო ნომრის აკრეფა. ერთი ზარის ღირებულებაა 1 ლარი.

თბილისის მერიამ თეატრს ლისის ტბის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი გადასცა და ამასთან, შენობის აშენებაშიც ეხმარება. შენობა ნულიდან აშენდება და დასს ძალიან სურს, რომ ის ყველასგან განსხვავებული იყოს.

„ჩვენი ხელოვნება თქვენია! ჩვენი თეატრი თქვენია! დაგვეხმარე 1 ლარით და ქვეყანას ექნება პანტომიმის თეატრი ისეთი, როგორიც შენ გინდა! თეატრი ქვეყნის უდიდესი სახელია! თეატრი შენდება საუკუნეში ერთხელ და ზუსტად ახლა გაქვს შანსი, ააშენო შენი თეატრი საქართველოში!“, – წერს შალიკაშვილი.

თბილისის პანტომიმის თეატრი 1965 წლიდან იღებს სათავეს. ჯერ კიდევ 1962 წელს ამირან შალიკაშვილმა, როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა, დაინტერესებული სტუდენტებისგან ჩამოაყალიბა პანტომიმის ჯგუფი და ინსტიტუტის იუბილეზე პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარი – „პანტომიმის რომანები“ წარმოადგინა.

მოგვიანებით შალიკაშვილმა ჩამოაყალიბა პანტომიმის დამოუკიდებელი ჯგუფი პროფკავშირების კულტურის სასახლეში. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო პანტომიმის სტუდიის შექმნა 1969 წელს ამიერკავკასიის რკინიგზის სახლში.

ამირან შალიკაშვილი

წარმატება იმდენად დიდი იყო, რომ დადგა საკითხი, შექმნილიყო სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებული პანტომიმის თეატრი, რაც განხორციელდა კიდეც 1970 წელს. ის პირველი იყო მაშინდელ საბჭოთა კავშირში.

თეატრის დადგმები „ელექტრა“, „შექსპირის სონეტები“, „გაათავისუფლე სიმღერა“, „ტერენტი გრანელი“, „სტუმარ–მასპინძელი“, „ქრისტე“ და სხვა, პანტომი9მის ხელოვნების მარგალიტებად იქცა. ქართველი მსახიობების შემოქმედებამ გულწრფელად არაფრთოვანა ცნობილი ფრანგი მიმი მარსელ მარსო.

ქართული პანტომიმის ფუძემდებელი ამირან შალიკაშვილი და მისი მეუღლე – პირველი ქალი–მიმი საქართველოში კირა მებუკე უკვე აღარ არიან ცოცხალი. მათ ერთად ხანგრძლივი შემოქმედებითი გზა გაიარეს და თითქმის ერთად წავიდნენ იმ ქვეყნად: ამირან შალიკაშვილი 2018 წლის მიწურულს, ხოლო მებუკე – 2019 წლის დასაწყისში, მეუღლის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ.

“სპუტნიკი”