პროექტი, რომლითაც საქართველომ შესაძლოა აშშ-ის დახმარების 15% დაკარგოს, სენატს გადაეცა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტში ინიცირებული, მოგვიანებით კი პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომლითაც საქართველომ შესაძლოა აშშ-ის დახმარების [132 მილიონ 025 000 აშშ დოლარი] 15% [19 803 750] დაკარგოს, სენატს გაეგზავნა.

 

პროექტი, რომლითაც საქართველომ შესაძლოა აშშ-ის დახმარების 15% დაკარგოს, სენატს გადაეცა

კანონპროექტის თანახმად, საქართველო დაკარგავს დახმარების ნაწილს, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და არ შეატყობინებს კონგრესს, რომ:

  • საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის, უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვის ჩათვლით.

მოგვიანებით, 7 ივლისს, კომიტეტმა ასევე გამოაქვეყნა განმარტებითი ბარათი, სადაც ზემოთ ხსენებული ნაბიჯების გარდა კიდევ ერთი იყო დამატებული:

  • თუ საქართველოს მთავრობა შეზღუდავს მთავრობის ფუნქციონირებას და კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაში ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას;

24 ივლისს პალატამ ამ კანონს მხარი დაუჭირა. მომხრე იყო 224 კონგრესმენი, 189- წინააღმდეგი, 17-მა კონგრესმენს კი ხმა არ მიუცია. 224-ივე მხარდამჭერი დემოკრატიული პარტიის წევრია, ხოლო 189 მოწინააღმდეგიდან 181 რესპუბლიკელია, 7- დემოკრატი, 1 კი-დამოუკიდებელი.

ამის შემდეგ პროექტი უნდა განიხილონ სენატის შესაბამის კომიტეტში, რომლის მხარდაჭერის შემთხვევაშიც მას ასევე განიხილავს სენატის სრული შემადგენლობა — მისაღებად საჭიროა 51 ხმა (თუმცა, ხმების თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, საქმეში ჩარევის უფლება აქვს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც, ამავდროულად, სენატის პრეზიდენტია).

თუკი პროექტს სენატიც აუნთებს მწვანე შუქს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სენატისა და პალატის მიერ მიღებულ კანონებს შორის განსხვავებებზე იმუშავებს. ამ პროცესის დასრულების შემდეგაც, კანონპროექტი კიდევ ერთხელ გადაეცემა პალატისა და სენატის სრულ შემადგენლობას, ხოლო თუ ისინი მას მიიღებენ, პროექტი გადაეცემა აშშ-ის პრეზიდენტს, რომელსაც აქვს 10 დღე მის ხელმოსაწერად ან ვეტოს უფლების გამოსაყენებლად.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, კონგრესს მისი დაძლევა შეუძლია — ამისთვის საჭიროა ხმების 2/3, ანუ 67 ხმა სენატში და 290 – წარმომადგენელთა პალატაში.

“netgazeTi”