შალვა კერესელიძემ სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა დატოვა

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ თანამდებობა დატოვა. კერესელიძე პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თიანეთში, ყაზბეგში, მცხეთაში და დუშეთში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით ,ბოლო სამუშაო დღე უკვე ყოფილმა გუბერნატორმა რეგიონში საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებთან შეხვედრით დაასრულა.

შალვა კერესელიძემ სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა დატოვა

შალვა კერესელიძემ სამხარეო ადმინისტრაციის და სამხარეო სამსახურების წარმომადგენლებს, ასევე მცხეთის, დუშეთის ყაზბეგის, თიანეთის მერიისა და საკრებულოს წევრებს, ახლაგორის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პარტია „ქართულ ოცნებას“ ასეთი დიდი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის.ვიყო მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ ახალი გამოწვევა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა პარტიის წინაშე და ხელისუფლების წინაშე. მცხეთა-მთიანეთში მცხოვრები თითოეული ადამიანის წინაშე ამ ორი წლის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა გადავჭერით, განათლების ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, წყალმომარეგება, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკული კუთხით ძალიან სერიოზული პროექტები განვახორციელეთ.მე მქონდა ბოლო გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გუბერნატორის სტატუსით მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოს წევრებთან და საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებთან. მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე ამ ორი წლის განმავლობაში განხორციელებული თითოეული პროგრამისთვის, რაც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით პარტიის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა, სწორედ თითოეული თანამშრომლის ჩართულობით და მონდომებით შევძელით ეს გაგვეკეთებინა“ – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

შალვა კერესელიძე გუბერნატორად მცხეთა-მთიანეთის მხარეში 2018 წლის აგვისტოში დაინიშნა. მისი მხარის რწმუნებულის პოსტზე მუშაობის პერიოდში რეგიონში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს დღეიდან ტოვებენ.

„ქართულმა ოცნებამ“ 20 ივლისს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

 

“იმედინიუსი”