“ვიტალი შკლიაროვი, გრიგოლ ვაშაძის შტაბის უფროსის რანგში, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართული პოლარიზებული საარჩევნო კამპანიის არქიტექტორი იყო”

„ვიტალი შკლიაროვის ძალისხმევამ უზრუნველყო სალომე ზურაბიშვილის მოღალატედ გამოცხადების კამპანია, რუსეთთან მის არარსებულ კავშირებზე სპეკულაციის აგება და საპროტესტო ელექტორატის მობილიზება საბჭოთა საგარეო სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, გრიგოლ ვაშაძის გარშემო”, – ასე გამოეხმაურა მინსკში რუსი პოლიტტექნოლოგის, ვიტალი შკლიაროვის დაკავებას საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი.

“ვიტალი შკლიაროვი, გრიგოლ ვაშაძის შტაბის უფროსის რანგში, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართული პოლარიზებული საარჩევნო კამპანიის არქიტექტორი იყო”

როგორც ტვ „იმედის” „დღის ქრონიკაში” გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა, ვიტალი შკლიაროვი, რომლის ბიოგრაფიაშიც ქსენია სობჩაკისა და ბერნი სანდერსის საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობა ირიცხება, გრიგოლ ვაშაძის შტაბის უფროსის რანგში იყო არქიტექტორი იმ პოლარიზებული საარჩევნო კამპანიისა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატისა და საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მისი თქმით, რომ არა “ქართული ოცნების” მობილიზება არჩევნების მეორე ტურისთვის, შკლიაროვის წარმატება შესაძლოა, ორმაგად სასიხარულო ყოფილიყო.

“რუსი პოლიტტექნოლოგი, ვიტალი შკლიაროვი, რომელმაც ჩვენთან სახელი გაითქვა “ნაცმოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანლობით, მინსკში მას შემდეგ დააკავეს, რაც ბელორუსის უშიშროების კომიტეტმა რუსული კერძო საომარი კომპანია ვაგნერის 32 მეომრის დაჭერის შესახებ განაცხადა. სპეცოპერაციას ვრცელი სტატია მიუძღვნა ნიუ იორკ ტაიმსმა, ხოლო თავად ვიტალი შკლიაროვს ბიბისიმ.

შკლიაროვი მინსკში მიმდინარე ზაფხულს გამოჩნდა და ბლოგერ სერგეი ტიხანოვსკისა და მისი მეუღლის, პრეზიდენტობის კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას სასარგებლოდ დაიწყო მუშაობა. მის ამოცანას კანდიდატის ირგვლივ საპროტესტო ელექტორატის მობილიზება წარმოადგენდა. ბელორუსის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელსაც მმართველობის ფორმა და დემოკრატიის ტრადიცია მას შემდეგ დიდად არ შეცვლია, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს ელის. ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც უკვე მესამე ათწლეულია რაც ბელორუსს მართავს, რუსეთის მიმართ ამბივალენტური პოზიციით გამოირჩევა და დამოუკიდებლად თამაშს ცდილობს.

ბრალდება რუსული სპეცსამსახურების მიმართ, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყნის და, განსაკუთრებით, მეზობელი ქვეყნების საარჩევნო პროცესში ჩარევას ცდილობენ, წლიდან წლამდე მატულობს. ამ ფონზე ბელორუსის პრეზიდენტის ბრალდება დამაჯერებლად ჩანს, მითუმეტეს რომ დაკავებული პირების შემხებლობა საომარ წერტილებთან რუსეთშიც დაადასტურეს, თუმცა არჩევნებში ჩარევის განზრახვას უარყოფენ. გამოქვეყნებული სიიდან რამდენიმე დაკავებული ამოიცნო რუსმა მწერალმა, ზახარ პრილეპინმა, რომელიც დონბასის საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა.

შკლიაროვი, რომლის ბიოგრაფიაშიც ქსენია სობჩაკისა და ბერნი სანდერსის საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობა ირიცხება, გრიგოლ ვაშაძის შტაბის უფროსის რანგში იყო არქიტექტორი იმ პოლარიზებული საარჩევნო კამპანიისა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატისა და საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული. შკლიაროვის ძალისხმევამ უზრუნველყო სალომე ზურაბიშვილის “მოღალატედ” გამოცხადების კამპანია, რუსეთთან მის არარსებულ კავშირებზე სპეკულაციის აგება და რეკორდული რაოდენობის საპროტესტო ელექტორატის მობილიზება საბჭოთა საგარეო სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, გრიგოლ ვაშაძის გარშემო. რომ არა ქართული ოცნების მობილიზება არჩევნების მეორე ტურისთვის, შკლიაროვის წარმატება შესაძლოა, ორმაგად სასიხარულო ყოფილიყო. არჩევნების შემდეგ მის მიერ დარიგებულ ინტერვიუებში ქართული კამპანია მან ისედაც წარმატებად მიითვალა.

მიმდინარე საარჩევნო წელს კი ორმაგი და სამმაგი ყურადღებაა საჭირო, რათა საარჩევნო პროცესი კვლავ არ გახდეს მანიპულაციებისა და თავდასხმების ობიექტი. მითუმეტეს რომ შეტევები უკვე დაწყებულია. შარშან ოქტომბრის ბოლოს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმაში ოფიციალურადაა ბრალდებული რუსეთის ფედერაცია. ზუსტად თვენახევრის წინ კი ქართულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს ვინმე ვასამბეკ ბოკოვი, რომლის მიზანსაც პროვოკატორი ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მკვლელობა წარმოადგენდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ ფაქტის შეფასებისას აღნიშნეს, აღნიშნული განზრახვა ქვეყნაში არეულობის წარმოშობასა და წინასაარჩევნო პროცესის დესტრუქციას წარმოადგენდა.

საბედნიეროდ, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა ორივე სპეცოპერაციას, რომელსაც ერთ შემთხვევაში პოლიტტექნოლოგი შკლიაროვი ხელმძღვანლობდა, მეორეში კი – პირდაპირ “ქილერი”. ერთ შემთხვევაში მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა ქართული დემოკრატია, სამოქალაქო შეგნება და საღი აზრი, მეორე შემთხვევაში კი – ქართული სპეცსამსახურები. სამი ათეული წლის განმავლობაში უდიდესი ძალისხმევის ფასად ნაშენები ქართული დემოკრატია ამ შემოდგომაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდის ჩასაბარებლად ემზადება. განსხვავებით ბელორუსისგან, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანას წარმოადგენს, აბსოლუტურად განსხვავებული მართვის წესი და ტრადიცია გააჩნია, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებთან გამკლავების კუთხით”, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

წყარო: exclusivenews.ge