რა უსუსური ქმედებით უპასუხა გომელაურმა გახარიას კრიტიკას და ფაქტები, რის გამოც შს მინისტრი უნდა გადადგეს!

პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს დაუპირისპირდა და მთავრობის სხდომაზე პირდაპირ უთხრა, რომ შსს გამოძიებას ეფექტურად ვერ ანხორციელებს და ამ მხრივ პრობლემები აქვს.

 

რა უსუსური ქმედებით უპასუხა გომელაურმა გახარიას კრიტიკას და ფაქტები, რის გამოც შს მინისტრი უნდა გადადგეს!

გამოძიების საქმეში პრობლემები არა მარტო შსს–ში, ყველა იმ უწყებაშია, რომელთაც გამოძიების უფლება აქვთ – პროკურატურაში, სუს–სა  და ფინანსურ პოლიციაში. თუმცა, გახარია ამჯერად გომელაურზე იმიტომ შეჩერდა, რომ გიორგი შაქარაშვილისა  მკვლელობის საქმეში, არა ერთი შეცდომა დაუშვეს პოლიციის გამომძიებლებმა. ამას კი მოჰყვა თამარ ბაჩალიაშვილის გაქრობა, როგორც ნელ-ნელა ირკვევა, მკვლელობა და აქაც მოიკოჭლა პოლიციამ. ამის საპასუხოდ კი, ფონიჭალაში  სპეცოპერაცია  განახორციელა შსს–მ, რამდენიმე ნარკორეალიზატორი დააკავა და  დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებაც ამოიღო. შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ ეს იყო  გომელაურის უსუსური პასუხი გახარიას კრიტიკაზე,  რომ შსს ეფექტურად მუშაობს და მინისტრს პრემიერი უსაფუძვლოდ აკრიტიკებს.

ფონიჭალაში ჩატარებული ერთი და თუნდაც რამდენიმე ანტინარკოტიკული  სპეცოპერაცია არაფერია, რადგან გომელაური არ არის ნარკობიზნესთან მებრძოლი კაცი. მეტიც – ბევრი მას მის ერთ–ერთ მფარველად მიიჩნევს.   2018  წელს, ანაკლიის  მუსიკალური ფესტივალის დროს  რამდენიმე ახალგაზრდა გარდაიცვალა და რამდენიმე კინაღამ მოკვდა ნარკოტიკით. მაშინ  დიდი ამბავი ატყდა საქართველოში, მეტადრე, თბილისში მოძალებული ნარკოტიკების გამო. მერე ამას მოჰყვა უხარისხო ნარკოტიკების შედეგად რამდენიმე ახალგაზრდის დაღუპვა. ამავე პერიოდში, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა–შენახვის ბრალდებით, შოუ–ბიზნესის რამდენიმე ცნობილი სახე დააკავეს, მათ შორის, მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, კახა მამულაშვილი, გიორგი გიორგანაშვილი („ბახალა“), ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე.

ხალხი მაშინ ძალიან აღშფოთდა, რადგან ფაქტები დაიდო, რომ საქართველოში ნარკოტიკების შემომტანი ერთი წყარო,  შოუ–ბიზნესის ელიტის წარმომადგენლები იყვნენ და დიდი ალბათობით, მათი ნარკოტიკი იყიდებოდა ანაკლიის ფესტივალებზეც.  იმ დროს გომელაური სუს–ის უფროსად მუშაობდა და სუს–ს, მოგეხსენებათ, ანტინარკოტიკული სამსახური აქვს. ხელი არ გაუტოკებია  ვახტანგ გომელაურს, სუს–სის გამოძიება უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი გამხდარიყო, ამ წრიდან სხვა ნარკორეალიზატორები თუ ნარკოტიკების ქვეყანაში შემომტანები, „ჩემოდნები“  გამოევლინათ.  „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე, ლამის ყოველ დღე წერდა „ფეისბუკში“, „ბასიანში“ და სხვა ღამის კლუბებში, ნარკოტიკული ნივთიერებები უპრობლემოდ იყიდებაო, ასახელებდა იმ სხვა კლუბებსაც და მათ მფლობელებსა და ლობისტებს ხელისუფლებაში.  მაგრამ არც შსს–ს, რომლის შეფიც მაშინ გიორგი მღებრიშვილი იყო, არც ვახტანგ გომელაურის სუს–ს, ხელი არ გაუნძრევიათ, დანაშაულის აღსაკვეთად.

მხოლოდ 2018  წლის 12 მაისს შევიდა პოლიცია „ბასიანსა“ და კლუბ „გალერიში“, საიდანაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო და რამდენიმე პირი დააკავა. თუმცა, ამ დროს შს მინისტრი გიორგი გახარია იყო.  ვახტან გომელაურმა ვერ გაბედა და ვერც ერთ ღამის კლუბში ვერ ჩაატარა სპეცოპერაცია, ნარკორეალიზატორების გამოსავლენად.

გამწარებული ხალხი, „ფეისბუკში“ სდებდა “ნარკობარიგების“ მისამართებს სახელითა და გვარებით, ფონიჭალასა და თბილისის სხვა უბნებში, რუსთავში, მარნეულში, ბოლნისში… სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ამირეჯიბი „ალიას“ მეშვეობით  ითხოვდა და თან არა ერთგზის, დამკითხეთ, მე ვიცი, ვის და რა გზებით შემოაქვს ნარკოტიკი საქართველოში, ფონიჭალელ „ნარკობარიგებს“ ვინ ამარაგებს,  ისინიც ვიციო, მაგრამ ყური არ შეუბერტყავს არც შსს–ს, არც სუს–ს და არც პროკურატურას. პირიქით, ამის შემდეგ, საზოგადოების მიერ „ბარიგად“ გამოცხადებული ერთი პიროვნება, რომელიც რუსთავში ცხოვრობდა, საქართველოდან გაიყვანეს შსს–ს მაღალჩინოსნებმა.  ლაშა ამირეჯიბი იმასაც ამბობდა, რომ თავად პოლიცია ჰყიდდა ნარკოტიკს და სავარაუდოდ,  სუს–ის შეფი, ვახტანგ გომელაური მფარველობდა ამ ბიზნესს.  კაცს არ მოსვლია აზრად პროკურატურაში, ამ განცხადების საფუძველზე, ამირეჯიბი დაეკითხათ, საიდან ჰქონდა ინფორმაცია. არადა, კანონით ზემოთ რაც მოგახსენეთ, ყველა საჯარო ინფორმაციაზე, გამოძიება უნდა დაწყებულიყო, რადგან ისინი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს
ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ  პირადი ერთგულების გამო დანიშნა ვახტანგ  გომელაური სხვა და სხვა მაღალ პოსტებზე, სუს–ის უფროსიც ამის გამო გახდა და ახლა შს მინისტრია.  ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი, შესაძლოა, მართლა კარგი დაცვის უფროსი იყო, მაგრამ ძალოვანი სახელმწიფო სტრუქტურების მართვისა რომ არაფერი გაეგება, ეს ნაღდია. სუს–ში მისი მუშაობის პერიოდს მერე  მივუბრუნდები, მაგრამ ჯერ  შს მინისტრ გომელაურზე ვთქვათ. ზოგადად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დანაშაულთა რიცხვმა და განსაკუთრებით, მძიმე კატეგორიის დანაშაულმა  მოიმატა.  ტელევიზორი ვეღარ ჩაგირთავს კაცს, ლამის დღე არ  გავა, სადღაც მკვლელობა და დაჭრა არ მოხდეს.  ცხადია, რეალურ დანაშაულს ვგულისხმობ და არა გაყალბებულ სტატისტიკას.  „ნაციონალების“ რეჟიმის დროს, უამრავ უდანაშაულო ადამიანს იჭერდნენ, სვამდნენ ციხეში, ზოგს ნარკოტიკს უდებდნენ, ზოგს იარაღს, ზოგს სხვის ფიზიკურ შეურაცხყოფას, ქურდობას, ყაჩაღობას და ათასგვარ ჩაუდენელ დანაშაულს აბრალებდნენ. გატენეს ციხეები ხალხით და შესაბამისად, პატიმართა რაოდენობით, ევროპაში პირველ ადგილზე ვიყავით. ამას დაამატეთ საპროცესო გარიგებით ციხეს თავდაღწეულები, „უდოს“ კომისიით  და პრეზიდენტის  შეწყალებით  ციხიდან გამოსულები და მართლა კატასტროფა იყო. თუმცა, ბევრს კი იჭერდნენ, მაგრამ მათი ნახევარი მაინც ტყულად იჯდა ციხეში, ისინი უდანაშაულონი იყვნენ ანუ დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი.  დაფიქსირებული დანაშაულის  ნახევარი მომხდარი არ იყო, ის  მხოლოდ სტატისტიკა იყო.  ახლა, ცოდვას ვერ ვიტყვი, ამ  ხელისუფლებას, ამ საქმეში „ნაცებს“ ვერ შევადარებ. უდანაშაულო ადამიანების დაჭერის შემთხვევები არის, მაგრამ არა ყოველ ფეხის ნაბიჯზე, არა  მასობრივად. სამაგიეროდ, დღეს  ვისაც  იჭერენ, მართლა დასაჭერია, დანაშული აქვს ჩადენილი. ათიდან ცხრა კაცს მაინც. ანუ,  შესაბამისად, დღეს რეალურად ხდება ის ყველა დანაშული, რის გამოც ხალხს იჭერენ. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ დანაშაულის მატებაა, რადგან უდანაშაულოებს, ფაქტობრივად, იშვიათად იჭერენ.  მახსოვს, ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრობისას არ აღიარებდა, რომ დანაშაულის მატება იყო, კახური სიჯიუტით გვიმტკიცებდა, დანაშაულის აღრიცხვის, სტატისტიკის ახალ მეთოდიკას ვიყენებთ და იმიტომ გგონიათ, რომ დანაშაულმა დიდად მოიმატაო.  თანაც,  ჩვენ „ნაცებივით“ არ ვმალავთ და არ ვფარცხავთ დანაშაულებებს, ყველას ვაფიქსირებთ და შესაბამისად, წინა წლებთან შედარებით, ცოტათი  მოიმატაო. დაავიწყდა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ „ნაცები“ თუ 10 დანაშაულს ფარცხავდნენ, 100 უდანაშაულოს იჭერდნენ და მისი ეს განმარტება შეუსაბამო და ალოგიკურია. ღარიბაშვილის შემცვლელი, გიორგი მღებრიშვილიც „გვაბოლებდა“, დანაშაულმა არ მოიმატა, გეჩვენებათ, მედია აბუქებსო. წავიდა მღებრიშვილი მინისტრობიდან, მოვიდა გახარია და შს სამინისტრომ 2018 წელს  აღიარა –  „ბოლო 7 თვეში,  რეგისტრირებული დანაშაული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55,8%-ით იყო გაზრდილი, ხოლო გახსნის პროცენტული მაჩვენებელი 17,2%-ით – შემცირებული“. დანაშაულის სტატისტიკის მკვეთრი ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად კი, ზუსტად წინა წლებში  „შელამაზებული“ სტატისტიკა  დაასახელეს. მშვენიერია! მინისტრმა  გახარიამ ყოფილი მინისტრი ტყუილში, დანაშაულის სტატისტიკის გაყალბებაში ამხილა.  არც გიორგი გახარიას მინისტრობის პერიოდში შეცვლილა სასიკეთოდ რაიმე შსს–ში, მაგრამ ვახტანგ გომელაურის მინისტრობისას თავი იჩინა ყველა იმ მანკიერებამ, რაც სისტემაში არსებობს. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა, ამ ეტაპზე, გამოძიების ბოლო სტადიაშია, გამოკვეთილნი არიან სავარაუდო დამნაშავენი და მის ბიძას და ოჯახის ადვოკატს, მირიან ნიკოლაძეს დიდი იმედი აქვს, რომ დამნაშავენი დაისჯებიან. კი, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ის სასამართლომ უნდა დასაჯოს და არა პროკურატურამ. განაჩენი სასამართლოს გამოაქვს და მოსამართლეს დანაშაულის დასამტკიცებლად  მყარი მტკიცებულებები სჭირდება. ამ ბავშვის მკვლელობის საქმეში პოლიციამ უამრავი შეცდომა დაუშვა, დეტალურად არ მოვყვები მათ შესახებ, რადგან „ალიამ“ ყველა ეს ფაქტი გააშუქა. ყველამ კარგად იცის,როდესაც გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს, შსს ცდილობდა, ეს ფაქტი უბედურ შემთხვევად გაესაღებინა. მარტო შსს არა, არამედ მთელი „ქართული ოცნება“ მუშაობდა ამაზე. „ფეისბუკში“ შავ დღეს გაყრიდნენ „ქოცების“ „გამპრავებლები“, თუ იტყოდი, რომ შაქარაშვილი მოკლეს. ამგვარი ეჭვის გამოთქმის შემთხვევაშიც კი, დაგესეოდნენ და გიმტკიცებდნენ, რომ ბავშვი არაგვში დაიხრჩო. ცხადია, ეს შეკვეთილი ჰქონდათ „ქართული ოცნების“ პიარის მამებისგან.  ჰოდა, ამ ჩაფარცხვის მცდელობამ, მკვლელობის უბედურ შემთხვევად გასაღების მცდელობამ, უამრავი დრო დააკარგვინა გამოძიებას, ასეთ შემთხვევაში კი, დრო ნაკვალევს შლის, დანაშაულის ნაკვალევს. 4 დღის შემდეგ იპოვნეს გიორგის ცხედარი და აქედან, კიდევ 4 დღის შემდეგ დააკავეს 17 ადამიანი. „ტვ–პირველმა“ გაასაჯაროვა უტყუარი ინფორმაცია, რომ ეს  მკვლელობა იყო, მან დადო ექსპერტიზის წინასწარი დასკვნის მონაცემები და ამის მერე დაიჭირეს  ეს  17 ადამიანი. გვამს პირველადი გარეგანი დათვალიერების დროს, ძალადობის ნიშნები ეტყობა და  რატომ ელოდები ექსპერტიზის დასკვნას და რატომ არ იწყებ გამოძიებას მკვლელობის მუხლით? სად გაიქცეოდა ის უბედური შემთხვევის ვერსია?  უარესი ვერსიით დაიწყე საქმის გამოძიება და თუ მკვლელობა არ დადასტურდება, უკეთესი.  ეს გიორგი შაქარაშვილს ვერ გააცოცხლებდა, მაგრამ რაც ნაკლებ ადამიანს მოკლავენ, უკეთესი.  სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზას, გვამის გაკვეთას და მერე დასკვნის დაწერას ერთი დღე სჭირდება და გიორგი შაქარაშვილის შემთვევაში, ამას  22 დღე დასჭირდა. ამ ფაქტმა რატომ არ უნდა მაფიქრებინოს, რომ ამ საქმის ჩაფარცხვა სურდათ და არ გამოუვიდათ? იმიტომ არ გამოუვიდათ, რომ მედია არ გაჩუმდა, ადვოკატებმა ჟურნალისტებს მიაწოდეს საქმის მასალები, რომლებიც გასაჯაროვდა მედიით და რომლითაც მტკიცდება, რომ ეს ჯგუფური  მკვლელობა იყო.
კარგი, ეს 17 კაცი დაიჭირეს და ყველას წინასწარი აღმკვეთი ღონისძიება მიუსაჯეს. მათგან, სავარაუდოდ,  3–დან 5 კაცი მონაწილეობდა მკვლელობაში, მაგრამ სასამართლოში ამას დამტკიცება ხომ უნდა? 4 დღეში რამდენი მტკიცებულება განადგურდებოდა შემთხვევის ადგილზე?  ყველაფერს თავი დავანებოთ, პროკურატურამ წერილი რომ მისწერა შსს–ს, კითხვები რომ ჩამოუწერა, ამა და ამ მოწმეს, ეს და ეს კითხეთო, არ შერცხვათ იმ გამომძიებლებს? არა, ეს ჩვეული სამუშაო რუტინაა, „მოსულა“ გამოძიების პროცესში, მაგრამ გააჩნია, რას შეეკითხები გამომძიებელი მოწმეს და რას – არა. ელემენტარული  და სავალდებულო რაღაცები არ ჰკითხეს მოწმეებს, დაავიწყდათ ან შეგნებულად არ ჰკითხეს.  პროკურატურის  მხოლოდ ერთ კითხვას გავიხსენებ. პროკურატურა მოითხოვს შსს–სგან, მოწმე გური  ამირხანაშვილს კითხონ, როდესაც ის იმალებოდა, გაიგო თუ არა წყალში რაიმე მძიმე საგნის გადაგდების ხმა, რომელიც შეიძლება ადამიანის სხეულის გადაგდების ხმის მსგავსი იყო? გამომძიებელი რომ ხარ და  ამირხანაშვილი რამდენჯერმე დაკითხე, მან რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება, ეს კითხვა არ უნდა დაუსვა, როდესაც საქმე მდინარეში ნაპოვნ ცხედარს ეხება და  ლოგიკურად  არსებობს იმის ალბათობა, რომ ის გადააგდეს მდინარეში? ესეთ უტვინო ხალხს გამოძიება როგორ უნდა დაავალო? თან  მკვლელობის?

გიორგი შაქარაშვილის საქმეს თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარება და პოვნა მოჰყვა. ამ საქმის ჩაფარცხვასაც ლამობდა პოლიცია, მე ეჭვიც არ მეპარება.  4 დღის დაკარგული იყო 23  წლის გოგო, მაგრამ პოლიციამ სათანადოდ  არ დაიწყო მისი ძებნა. მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს ნორმალურად ძებნა, როდესაც ბაჩალიაშვილის ოჯახმა და მეზობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ბაჩალიაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა და 22 ივნისს, მეხუთე დღეს იპოვნეს, აქციის მეორე დილასვე. ვიმეორებ, ამ საქმის ჩაფარცხვის მცდელობაც ჰქონდა ხელისუფლებას. ჯერ ის, რომ ძებნის ოპერაცია 4 დღის მანძილზე სათანადოდ არ განხორციელდა. ეს უკვე აჩენს კითხვას – აპირებდა კი საერთოდ შსს ბაჩალიაშვილის პოვნას? მერე,  პირველი ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა ცხედრის პოვნის შემდეგ პოლიციამ ის იყო, რომ გოგონას ავტომობილში იპოვნეს  წამლები, წერილი, რომელიც მშობლებისთვის იყო განკუთვნილი და იქ ეწერა, რომ ჩემი   ანაბარი გამოიყენეთო. არადა, მშობლები იქ ნახსენები არ არიან. უბრალოდ, ასე ჩათვალეს, რომ მშობლებს დაუტოვა ბანკში შენახული ფული.   ხალხმა წამლები აღიქვა როგორც საწამლავი, ხოლო ეს სამ სიტყვიანი წერილი, როგორც მშობლებისთვის დატოვებული  მოკლე ანდერძი.  ამას მოაყოლეს ის ამბავი, რომ თამარ ბაჩალიაშვილს ჰყავდა ფსიქოლოგი.  იქვე ითქვა, რომ ბაჩალიაშვილი პროგრამისტი იყო, სერიოზულ კომპანიაში მუშაობდა და სტრესულ გარემოში უწევდა მუშაობა. მორჩა, ვერსიაც დაიდო, საქმე, ფაქტიურად, გაიხსნეს  „ფეისბუკის“ „ქოცგამპრავებლებმა“ – თამარ ბაჩალიაშვილი იმდენად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ ფსიქოლოგი  კი ჰყავდა, სტრესს ვერ გაუძლო და თავი მოიწამლაო. აი, ამ ვერსიას ავრცელებდნენ „ფეისბუკში“ „ქართული ოცნების“ აქტიური „გამპრავებლები“, რეალური იუზერები, „ფეიკები“  თუ  „ტროლები“. საბოლოოდ გაირკვა, რომ ფსიქოლოგი ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს ჰყავს და უცხოეთში, იშვიათია ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ დასჭირვებია ფსიქოლოგის მომსახურება.  ის წამლები წნევის დამწევი საშუალება გამოდგა, რომელსაც თამარის  დედა სვამს და შვილს მისთვის ჰქონდა ნაყიდი.  ხოლო ფერად, პატარა წებოვან ფურცელზე დაწერილი, ჩემი ანაბარი გამოიყენეთო, ანდერძი არ გამოდგა. ვისთვის, რატომ და როდის დაწერა ეს ბაჩალიაშვილმა, იმედია, გაირკვევა. ამ ფსიქოლოგს ნამეტანი ნუ „მიაწვებით“  „ქართული ოცნების“ „გამპრავებლებო“, თორემ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებით. ფსიქოლოგი ბიძინა ივანიშვილსაც ჰყავს და კვირაში 2 დღე,  2 საათიან სეანსს უტარებს.  რაღაც არ მგონია, ახლო მომავალში,  ივანიშვილი თავის მოკვლას აპირებდეს.

ერთი ძალიან  ამაზრზენი, ქართული ხასიათისთვის მეტისმეტად შეუსაბამო   ტენდენცია გამოიკვეთა ბოლო დროს. მეტიც, დამკვიდრდა. ადამიანი როდესაც კრიმინალის მსხვერპლი ხდება და ძალოვანები საქმის ჩაფარცხვას აპირებენ,  ეგრევე  იწყებენ მიცვალებულისა თუ დაზარალებულის, მათი  ჭირისუფლებისა თუ ოჯახის წევრების დისკრედიტაციას. ამით სურთ, მათ სახელი გაუტეხონ, საზოგადოების თვალში ცუდად გამოაჩინონ. საზოგადოების განწყობა კი მოგეხსენებათ. თუ კარგი ადამიანი მოკვდა, ტრაგედიაა, თუ ცუდი – არაუშავს. შესაბამისად, „ცუდი ადამიანის“ მკვლელობის საქმეს თუ ჩაფარცხავს ხელისუფლება, ამასაც არაუშვს.  ასე იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის დროს, ყველაზე აშკარად, სწორედ მაშინ გამოჩნდა ეს. უდანაშაულო ბავშვი ტერორისტ ჩატაევის თანამზრახველად მონათლეს, გამოაქვეყნეს ბევრი არაფრისმთქმელი ვიდეო, სატელეფონო საუბრები, სატელეფონო ამონაწერი,   რათა ხალხს მისი ტერორისტობა დაეჯერებინა. ტერორისტებთან მეგობრობა დასწამეს მამამისს, მალხაზ მაჩალიკაშვილს. „ქართული ოცნების“ მომხრეები ამ ვერსიებს, რაც შეეძლოთ, ამყარებდნენ. ამ დროს სუს–ის უფროსი ვახტანგ გომელაური იყო. მის სახელს უკავშირდება  სააკაშვილის კუდ–ის  სუს–ად გარდაქმნა და ვითომ რეფორმირება.  ის გახდა 2015 წელს სუს–ის პირველი უფროსი.  ეს მაძლევს საფუძველს, რომ ვთქვა, ეს ტენდენცია, მსხვერპლისა და მისი ახლობლების დისკრედიტაცია, სწორედ ვახტანგ გომელაურის სუს–ში მისვლის  დროს ამუშავდა, განახლდა  ამ ხელისუფლების პირობებში. არ ვამბობ, რომ ამ სიბინძურეს სხვა  ქვეყნებში არ იყენებენ, არ ვამბობ, რომ იმავეს არ აკეთებდნენ „ნაცმოძრაობის“ დროს. სხვა თუ არაფერი, თვეების მოსულები იყვნენ, 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლული ბუტა რობაქიძე და მისი მეგობრები, კრიმინალებად ოფიციალურად გამოაცხადეს და მერე  მათ მანქანაში  ავტომატები ჩაუდეს. „ნაციონალებზე“ უკეთ რომ მოგაქვს თავი და დღე და ღამ  9- წლიან სისხლიან რეჟიმს აძახებ, მათნაირად  არ უნდა მოიქცე, უკადრებელი შენც არ უნდა იკადრო. იკადრებ და მათსავით ნაძირალა ხარ ან უფრო მეტია.

შესაძლოა, ვინმე წარმატებად უთვლის, სუს–ს, 2017  წლის 22–23  დეკემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. თუმცა, თავიდან დავიწყოთ. ახმედ ჩატაევის ჯგუფის შემოსვლა გამოეპარა გომელაურის უწყებას. არადა, ჩატაევი და მისი თანამზრახველი, ბორზიევი ინტერპოლის ძებნილები იყვნენ. მათ სირიიდან საქართველოშიც შემოაღწიეს და მოახერხეს  იარაღისა და იმდენი ცეცხლსასროლი მასალის შოვნა, რომ 23 საათიანი სპეცოპერაციისას, ჯეროვან წინააღმდეგობას უწევდნენ სპეცრაზმებს. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, რამდენიმე ათასი ვაზნა აკრიფეს.  შემოიტანეს ასაფეთქებელი ნივთიერება, დურბინდები, ზურგჩანთები. ტერორისტები რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ თბილისში და მათი აღმოჩენა ვერ მოხერხდა. ეს კი  წარუმატებლობაა და არა წარმატება.  თავად სპეცოპერაციას რაც შეეხება, 23 საათი  ტერორისტებს ებრძოდნენ  არაპროფილური სპეცრაზმები, რომელთაც ტერორიზმის მიმართულებით, წრთვნაც კი არ ჰქონდათ გავლილი. სუს–ის კონტრტერორისტული სპეცრაზმი კი, ამ ხნის განმავლობაში შავნაბადას ბაზაზე იდგა. ამასობაში, დაიღუპა სპეცრაზმელი ვანო გოლაშვილი და 2 პოლიციელი დაიჭრა. მხოლოდ სპეცოპერაციის მიმდინარეობიდან  22 საათის შემდეგ ჩამოიყვანეს შავნაბადადან კონტრტერორისტული სპეცრაზმი. მას მხოლოდ 1 საათი დასჭირდა ტერორისტების გასანადგურებლად და სპეცოპერაციის დასასრულებლად. ბუნებრივად ჩნდება კითხვები. სპეცოპერაციის დასაწყისშივე კონტრტერორისტული სპეცრაზმი რომ  ჩაერთოთ საქმეში, დაიღუპებოდა თუ არა ვანო გოლაშვილი? არა, რადგან ის  იქ არ იქნებოდა,  არც სპეცოპერაციის ეპიცენტრში და არც მიმდებარე ტერიტორიაზე. დაიჭრებოდა თუ არა ორი პოლიციელი? დიდი ალბათობით არა, რადგან კონტრტერორისტული სპეცრაზმი ბევრად მოკლე დროში მოახდენდა ტერორისტთა გაუვნებელყოფას და პილიციელები უვნებლები გადარჩებოდნენ. პოლიციელები დაიჭრნენ მაშინ, როდესაც სპეცოპერაციის დაწყებიდან 13–14 საათი უკვე გასული იყო. ვანო გოლაშვილის დაღუპვა, პოლიციელების დაჭრა ვახტანგ  გომელაურისა და იმ რამდენიმე ადამიანის კისერზეა, რომელთაც დროულად არ ჩართეს სპეცოპერაციაში პროფილური და უმაღლეს დონეზე მომზადებული სპეცრაზმი.

ვახტანგ გომელაური იყო წარუმატებელი სუს–ის წარუმატებელი უფროსი. ამ პოსტზე ის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდა. სუს–ი არის  ივანიშვილის „პოლიტიკური პოლიცია“, რომელიც განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს სდევნის, უსმენს, უთვალთვალებს, აშანტაჟებს, მოისყიდის. მერე თუ დრო რჩებათ, შესაძლოა, ქვეყნის უსაფრთხოებაზეც ზრუნავენ. სუს–ი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურია და არა ქართული სახელმწიფოსი. ასეთად კი ვახტანგ გომელაურმა აქცია ივანიშვილის ბრძანებით. შს მინისტრის რანგშიც ვერ ივარგა გომელაურმა. მისი მინისტრობის დროს მომრავლდა მძიმე დანაშულებების რიცხვი ქვეყანაში, უკვე ტენდენციად იქცა ხელის დაფარება იმ სავარაუდო დამნაშავეთათვის, ვინც ხელისუფლებაშია და გავლენა აქვს, ან ვინც არ არის ხელისუფლებაში, ივანიშვილის გარემოცვის წევრი, ამ წევრებთან დაახლოებული პირია და გავლენიანია. უამრავი ინფორმაცია გამოქვეყნდა მაღალჩინოსნების დაუსაბუთებელი ქონების შესახებ, ზოგმა  ათეულობით მილიონი იშოვნა მოკლე დროში, სოციალურად დაუცველმა  სოსო გოგაშვილმა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ  რამდენიმე მილიონი ფულად და კიდევ რამდენიმე მილიონის ქონება იშოვნა, ლევან იზორიამ 5  ბინა  შეიძინა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, დაახლოებით ერთ თვეში შეიძინა რამდენიმე მილიონის უძრავი ქონება. ბიზნესმენი  ზაზა ოქუაშვილი ამტკიცებს, რომ ეს მის მიერ, ხელშეუხებლობის გარანტად  გადახდილი უკანონო  ფული იყო. გიორგი მღებრიშვილმა შეიძინა იმაზე ბევრად ძვირადღირებული სახლები, რომელთაც მისი ოჯახის შემოსავალი ვერ გასწვდებოდა. ალექსანდრე ჭიკაიძეს, ასევე, მოულოდნელად გაუჩნდა  დაუსაბუთებელი ქონება და  ვახტანგ გომელაურს, კანონით ევალება, ამ ხალხს მოჰკითხოს საიდან აქვთ ეს ქონება და კორუფციული გზით ხომ არ აქვთ ნაშოვნი. სუს–ში  იყო გომელაური, ანტიკორუფციული სამსახური აქვს სუს–ს, შს მინისტრია და შსს–საც აქვს ანალოგიური სამსახური, მაგრამ გომელაურს ყურიც არ გაუპარტყუნებია. არადა, დღესაც მოქმედებს სააკაშვილის დროს მიღებული კანონი – თუ ბანკში 15 000 დოლარზე მეტი დაგიფიქსირდა, მეორე დღესვე გიბარებენ ფინანსურ პოლიციაში და გთხოვენ, დაასაბუთო ფულის კანონიერი  წარმომავლობა. ვერ დაასაბუთებ? ანგარიშს გიყინავენ და გარკვეულ დროს გაძლევენ. თუ ვერც მერე დაასაბუთე, შენს  ფულს გართმევენ,  ბიუჯეტში რიცხავენ. ასეთია ქართული სამართალი, რიგით მოქალაქეებს 15 000  დოლარზე დასდევენ და ბიძინა ივანიშვილის მაფიოზებს, მოპარულ მილიონებს არ მოჰკითხავენ.

ვახტან გომელაური უნდა გადადგეს, რადგან ეს კაცი საშიშროებაა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ეს მკვლელობები არ შეჩერდება, ვიდრე პოლიციას ნორმალური მინისტრი არ ჩაუდგება სათავეში, თუმცა, არც ეს არის გამოსავალი, უნდა შეიქმნას ერთიანი საგამოძიებო უწყება, რომელიც გამოიძიებს ყველს სახის დანაშაულს, პოლიციას, ფინანსურ პოლიციასა და პროკურატურას უნდა ჩამოერთვათ გამოძიების უფლება, პროკურატურა უნდა იყოს მიუკერძოებელი ზედამხედველი გამოძიებისა. ერთადერთი, სუს–ს უნდა დარჩეს იმ სახის დანაშაულებების გამოძიების უფლება, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის სერიოზულ საფრთხეს  და  მათი სხვა უწყებისთვის გამოსაძიებლად  გადაცემა, ქვეყნის ინტერესებისთვის შესაძლოა, საზიანო გახდეს, თუნდაც, საიდუმლო  საგამოძიებო მასალების გასაჯაროების კუთხით. რამდენიმე ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახურს  უტოვებენ ამ უფლებას, უმთავრესად, ტერორიზმისა და ფულის გათეთრების საქმეების გამოძიებას. თუმცა, ამის გაკეთებას მაშინ აქვს აზრი, თუ ბიძინა ივანიშვილი ხელს აიღებს ძალაუფლების მონოპოლიაზე. მის ხელში, დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურაც სათამაშო გახდება, რასაც უბრძანებს მის უფროსს, იმას გააკეთებინებს. გამოსავალი? „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდნენ  ფორმალური და არაფორმალური მმართველობიდან და ქვეყანა უნდა ჩაიბარონ პატრიოტმა, პატიოსანმა და კომპეტენტურმა  ადამიანებმა. მაშ, რა აზრი აქვს გომელაურის გადადგომას, თუ ახალი მინისტრიც ივანიშვილის „სკრიპკა“ იქნება? ერთი, რომ ახალი ცოცხი კარგად გვის, შეცდება დანაშაულთან ეფექტურ ბრძოლას  და მეორე, ხალხს იმედი მიეცემა და დროებით მაინც გაუქრება განცდა, რომ 90–იან წლებში არ ვბრუნდებით. მერე კი, იქნებ მართლა გვეშველოს.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №27