სტამბულის ხორას მონასტერი, რომელშიც წმიდა მესიის ეკლესია მდებარეობს, მეჩეთად გადაკეთდება

აღსანიშნავია, რომ თურქეთის სახელმწიფო საბჭომ მონასტერს მუზეუმის სტატუსი ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს გაუუქმა

 

სტამბულის ხორას მონასტერი, რომელშიც წმიდა მესიის ეკლესია მდებარეობს, მეჩეთად გადაკეთდება

 სტამბულის ხორას მოანსტერი, რომელშიც წმიდა მესიის ეკლესია მდებარეობს, მეჩეთად გადაკეთდება, ასეთია თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილება, რის შესახებაც  ბრძანებულება სამთავრობო გაზეთშია გამოქვეყნებული, იუწყება საბერძნეთის საზოგადოებრივი ტელევიზია ERT–ი.

„ეს იმპერატორ კომნენების ეპოქის ერთ–ერთი ყველა სიმბოლური ბიზანტიური ძეგლია, რომელიც ცნობილია თავისი შედევრული ფრესკებით. ის მეჩეთად იგივე პროცედურებით გადაკეთდება, როგორითაც აია–სოფიას ტაძარი. მონასტერი რელიგიის საქმეთა სამმართველოს გადაეცემა და როგორც მოსალოდნელია, დაიხურება ბიზანტიური ფრესკები, რათა ეკლესია მეჩეთად გადაიქცეს“, —იუწყება ტელეარხი.

როგორც თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველომ დაუდასტურა РИА Новости–ს, ხორას მონასტერი მუსლიმური ლოცვებისთვის იქნება გამოყენებული.

ხორას მონასტერი შედის სტამბოლის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. აგებულია 1077-1081 წლებში, იმპერატორ ალექსი I კომნენოსის სიდედრის, მარია დუკას მიერ.მონასტრის მოზაიკა და ფრესკები პალეოლოგოსების რენესანსის მხატვრულ მიღწევად მიიჩნევა.

1453 წელს, კონსტანტინოპოლის ალყის დროს, ტაძარში დააბრძანეს ღვთისმშობლის ხატი ოდიგიტრია.

ნახევარი საუკუნის განმავლობაში ოსმალებმა თეთრად გადაღებეს ბიზანტიური პერიოდის მხატვრობა და ტაძარი 1511 წელს მეჩეთად გადააკეთეს. მონასტერს 1945 წლიდან მუზეუმის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის სახელმწიფო საბჭომ მონასტერს მუზეუმის სტატუსი ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს გაუუქმა.

“სპუტნიკ-ჯორჯია”