ანაკლიის პორტის პრობლემა ანუ რატომ ვერაფერს უპირისპირებს ივანიშვილი ამერიკულ ზეწოლას

ე. წ. “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” (ADC), რომელიც უშუალოდ მამუკა ხაზარაძის მიერ იმართება, აგრძელებს იერიშს მთავრობაზე და პირადად ბ. ივანიშვილზე. ანაკლიის პორტის საკითხი საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის არააქტუალურია, მაგრამ მნიშვნელოვანია ოლიგარქიული ბრძოლის თვალსაზრისით, რომლის ფარგლებში იკვეთება აშშ-ის საგარეო ინტერესები.

ანაკლიის პორტის პრობლემა ანუ რატომ ვერაფერს უპირისპირებს ივანიშვილი ამერიკულ ზეწოლას

 “რადიო თავისუფლების” ფოტომონტაჟი ნიშანდობლივია – ამერიკა ივანიშვილს წვრილმანებსაც არ პატიობს, მის სრულ მორჩილებას ითხოვს.

 

ამის პარალელურად, “კონსორციუმის” ხელმძღვანელობა და მის უკან მდგომი პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” იმედივნებენ, რომ მათ მიერ მომზადებული მასალა წინასაარჩევნო კომპრომატად გამოდგება, თუმცა გზავნილის მთავარი ადრესატები შეერთებულ შტატებში უნდა მოვიაზროთ. ამას ირიბად მოწმობს ის ფაქტიც, რომ “კონსორციუმის” მიერ გამოქვეყნებულ მასალას ქართულენოვანი “ფორბსი” მთავარ თემად, საკუთარი ვებ-გვერდის ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე აქვეყნებს.

გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების შეჩერება არის “მიზანმიმართული და კარგად ორკესტრირებული კამპანია პროექტის წინააღმდეგ, რომელსაც თავდაპირველად მთავრობა თვითონ უჭერდა მხარს, თუმცა შემდეგ მისი განადგურება გადაწყვიტა – მმართველი პარტიისა და მისი ლიდერების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გავლენით”.

აშკარა პროგრესია, რომ ამჯერად რუსეთი არ სახელდება პროექტის ჩამშლელად და მიზეზი თურმე მმართველი პარტიის ლიდერების “ეკონომიკური ინტერესები” ყოფილა, თუმცა ესეც დასადგენია, რამდენად სწორი ბრალდებაა. როგორც ცნობილია, პორტის მშენებლობაზე ამერიკელები არ აპირებდნენ თავიანთი ფულის დახარჯვას საქართველოს მთავრობისგან ფინანსური გარანტიების გარეშე; ჩვენი, უბრალო მოქალაქეების გადასახადებით შექმნილი ბიუჯეტი უნდა გამხდარიყო ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვის დამზღვევი. მაშასადამე, თუკი ტვირთბრუნვა არ იქნებოდა საკმარისი და ამერიკელები თავიანთ ინვესტიციებს უსწრაფესად ვერ ამოიღებდნენ, მათი მოგების დეფიციტი ჩვენ, ქართველებს უნდა დაგვეფარა. ასეთი დახმარება იციან ამერიკელებმა, ეს ყველგან იციან მსოფლიოში, მარტო საქართველოში ვერ გავიგეთ ბოლომდე. ის, რომ ტვირთბრუნვა არ იქნებოდა საკმარისი, საქართველოს მთავრობისთვის გასაგები გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკულმა მხარემ პროექტში ჩინელებისთვის წამყვანი როლის ჩამორთმევა მოითხოვა. ჩინური ტვირთების გარეშე ანაკლიის პორტი ხომ ეკონომიკურად აზრს მოკლებულია. დღესდღეობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ევროპაში გაგზავნილი ტვირთების უმეტესობა, როცა სახმელეთო გზით მიდის, რუსეთის და ბელარუსის ტერიტორიის გავლით ხვდება ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე. მაშ, რატომ უნდა იხადოს ჩინეთმა დამატებითი ხარჯი კავკასიურ “დერეფანში” და მით უმეტეს, ამერიკელების მიერ დამონებული ქართული ხელისუფლება რატომ უნდა არჩინოს?

ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად, პროექტის აშკარა წამგებიანობა და კაბალურობა გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ენთუზიაზმით არ მოეკიდა მას და ალტერნატიული ინვესტორების უშედეგო ძიების შემდეგ, პროექტის განხორციელება, ფაქტობრივად, შეაჩერა.

მთელ ისტორიაში საინტერესოა ისიც, რომ “კონსორციუმი” აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, ასევე ეკონომიკის მინისტრი ქობულია ანაკლიის პროექტს შეეწირნენ. მოხსენებაში, კერძოდ, ნათქვამია:

“[2019 წლის აპრილში] ბატონმა გიორგი ქობულიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, განაცხადა “Forbes Week”-ში, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული უარყოფითი საჯარო და მედია განცხადებები ნეგატიურ გავლენას იქონიებდა ბიზნეს გარემოზე საქართველოში. აღნიშნული ინტერვიუს შემდგომ ის რამდენიმე დღეში გადადგა.

[იმავე წლის ივნისში] პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, აშშ-ში სავაჭრო ვიზიტის დროს, ვაშინგტონში ცალ-ცალკე შეხვდა SSA Marine-ის, აშშ-ის კერძო საინვესტიციო ფირმის ხელმძღვანელობას, რომელიც დაინტერესებული იყო პროექტში ინვესტიციით, და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს. პრემიერ მინისტრთან გვერდით მდგომმა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ, გამოხატა მხარდაჭერა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით და განაცხადა რომ „ეს გააძლიერებს საქართველოს კავშირებს თავისუფალ ეკონომიკასთან და არ მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ“. საქართველოში დაბრუნებისთანავე, ბატონმა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა, რამაც პროექტი კვლავ ჩააყენა გაურკვეველ მდგომარეობაში”.

ხაზარაძის “კონსორციუმში” ასევე ნახსენებია საინტერესო ფაქტი: კოლონიალისტური სულისკვეთებით მომართული ამერიკული დელეგაცია, რომელიც შარშან შემოდგომაზე, სასტუმრო “რუმსში” გამართული სკანდალური თავყრილობის შემდეგ (სადაც მათ ირმა ინაშვილი მიუვარდა) პრემიერმინისტრმა გახარიამ მიიღო, პრემიერთან საუბრის შინაარსს პირდაპირ მამუკა ხაზარაძესთან განიხილავდა: “აშშ-ის დელეგაცია (რომელიც მონაწილეობას იღებდა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ დასპონსორებულ მე-5 ყოველწლიურ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე) შეხვდა პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს. დელეგაციის წევრებმა ბატონ ხაზარაძეს უთხრეს, რომ პრემიერ მინისტრმა გახარიამ მათ უთხრა, რომ ანაკლიის პროექტი არ იყო კომერციულად მომგებიანი, რაც სინამდვილეში ასე არ არის”.

გამოდის, რომ საქართველომ ამერიკელბისა და მათი პირდაპირი დამქაშის, ბანკირ-მევახშე მ. ხაზარაძის დაკრულზე უნდა იცეკვოს – პორტის მშენებლობა დააზღვიოს ანუ, ფაქტობრივად, დააფინანსოს. ეს პორტი, მისი არარენტაბელურობიდან გამომდინარე, რუსეთის მიმართ ახალი პროვოკაციების ბუდედაც უნდა გადაქცეულიყო, თუმცა ამ თემაზე უკვე იყო პუბლიკაციები და სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. ის, რაც ვთქვით, სავსებით საკმარისია იმის გასაგებად, რომ მომავალი არჩევნების ფარგლებში საქართველოზე ამერიკული ზეწოლის გაძლიერება მოსალოდნელია და უკვე დაწყებულიცაა.  ამ პროცესს ივანიშვილის მთავრობა ვერაფერს უპირისპირებს, რადგან ანტირუსული რიტორიკისა და ისევ ამერიკიდან ხსნის ფუჭი იმედების ტყვეობაში იმყოფება.