დონალდ ტრამპი ღიად ჩადგა უცხო ქვეყნის სამსახურში

…და ეს უცხო ქვეყანა რუსეთი არ გახლავთ, ეს უცხო ქვეყანა – ისრაელის ებრაული სახელმწიფოა. დონალდ ტრამპი არჩევამდე და არჩევის შემდგომაც არ მალავდა ისრაელისადმი ცალმხრივ და უპირობო მხარდაჭერას, რაც აშშ-ის ყველა პრეზიდენტს ახასიათებს, მაგრამ ტრამპმა ყველა მათგანს გადააჭარბა ამ საკითხში თავისი რადიკალიზმით.

დონალდ ტრამპი ღიად ჩადგა უცხო ქვეყნის სამსახურში

აშშ-ის, კერძოდ კი, ტრამპის ებრაელი სიძის, 39 წლის ჯარედ კორი კუშნერის შუამავლობით, აგვისტოში ხელი მოეწერა შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ისრაელსა და გაერთიანებულ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ავიამიმოსვლის თაობაზე, პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა ტელ-ავივსა და აბუ-დაბის შორის. გუშინ კი თეთრ სახლში ხელი მოეწერა ანალოგიურ შეთანხმებას ისრაელსა და ჯუჯა, მაგრამ მდიდარ არაბულ სახელმწიფო ბაჰრეინს შორის.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ისრაელის სახელმწიფო აღარ არის იზოლირებული არაბულ სამყაროში, აშშ-ის შეუზღუდავი მხარდაჭერის წყალობით. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ტრამპი არაბებისთვის ვითომც-და წმინდა თემას – იერუსალიმსაც შეეხო. კერძოდ, თავისი გაპრეზიდენტებიდან ცოტა ხანში, მან აასრულა ისრაელის ნებისმიერი ხელისუფლების სანუკვარი ოცნება და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, 1967 წელს ისრაელის ჯარის მიერ დაპყრობილ აღმოსავლეთ იერუსალიმთან ერთად. შესაბამისად, აშშ-ის საელჩო ტელ-ავივიდან იერუსალიმში იქნა გადატანილი, რაც ისრაელის დიდი დიპლომატიური გამარჯვებაა.

ოკუპაციის ქვეშ მყოფი პალესტინელი არაბები თავს ღალატის მსხვერპლად გრძნობენ. მაგრამ მათ ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლიათ, გარდა ქუჩის პროტესტების მოწყობისა. ერთადერთი “შეღავათი”, რასაც მას გაერთიანებული არაბთა საემიროების თხოვნით ისრაელი გაუწევს, არის ის, რომ ისრაელი აღარ მოახდენს “სუვერენიტეტის განვრცობას” იუდეასა და სამარიაში (ებრაული ვერსიით) ანუ საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პალესტინურ ტერიტორიებზე. ამიტომ, პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ისრაულ-ემირატულ შეთანხმებას პირდაპირ “ღალატს” უწოდებს. მეტიც, პალესტინელებისადმი გამოჩენილ უსამართლობაზე თავად ისრაელშიც საუბრობენ. მაგალითად, გერმანიაში ისრაელის ყოფილმა ელჩმა ავი პრიმორმა “დოიჩე ველესთან” საუაბრში განაცხადა:

“რასაც პალესტინელებს სთავაზობენ, რბილად რომ ვთქვა, საცოდაობაა. პალესტინელები არ ღებულობენ სახელმწიფოებრიობას, ნაცვლად ამისა, მათ რჩებათ დანაწევრებული ქვეყანა, ისრაელის მიერ გარშემორტყმული; მათ რჩებათ დანაწევრებული ავტონომია, თუკი საერთოდ ესეც დაუტოვეს… რასაკვირველია, ეს ძალიან იმედგამაცრუებელია, ძალიან მწარეა!” – ამბობს ებრაელი დიპლომატი.

დონალდ ტრამპი ღიად ჩადგა უცხო ქვეყნის სამსახურში
სურათზე: ღაზას სექტორში არაბები ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს და გაერთიანებული საემიროების კრონ-პრინცის, მუჰამედ ბინ-საიდ ალ-ნაჰიანის ფიტულებს წვავენ.

 

ტრამპმა ამერიკაში მოქმედი უძლიერესი ებრაული ლობის დავალება ბრწყინვალედ შეასრულა. როგორც ჩანს, მას ამ ლობის ხელშეწყობით, მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, დიდი პრობლემების გარეშე გადაირჩევენ. კომიკური ამ ვითარებაში ის არის, რომ მისი კონკურენტის როლში “დემოკრატების” მხრიდან გამოდის წარმოშობით ებრაელი ჯო ბაიდენი, რომელიც ებრაელებს უმტკიცებს, რომ ტრამპი “ებრაელებისთვის ცუდია”.

თუმცა ეს, შესაძლოა, არც ისე სასაცილო აღმოჩნდეს. მართალია, არაბულ სამყაროში ახლა განხეთქილებაა და ისრაელის პოზიციები ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ამ 10-15 წლის წინ; მაგრამ, “სიონისტურ რეჟიმთან” ბრძოლის დროშა ახლა უფრო მყარად უპყრია ხელთ ისრაელის მთავარ მტერს – ირანის ისლამურ რესპუბლიკას. სპარსეთის ყურის არაბული მონარქიები – გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი და თვით ყველაზე მძიმეწონოსანი, უმდიდრესი საუდის არაბეთი, შიშით უყურებენ შიიტურ ირანს და ისინი ტრამპის ახირებას ვერ უძლებენ, ირანისგან დაცვის მოტივით, ამერიკისკენ იხრებიან და სახიფათო, არაბულ სამყაროში არაპოპულარულ თამაშს ეწევიან ისრაელთან თანამშრომლობის სახით. პერსპექტივაში არაბული მონარქიები თავიანთ ქვეყნებში რადიკალიზაციის საფუძველს ქმნიან – დღეს და ახლა. ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა და ფარული თანამშრომლობა (როგორც ამას საუდის არაბეთი აკეთებს) მათ ვერ დაიცავს ირანისაგან, რეგიონში ომის შემთხვევაში; სამაგიეროდ, ირანის ავტორიტეტი და პოზიციები ისრაელის მიმართ რადიკალურად განწყობილ არაბებში გაძლიერდება.

ამასთან, პრობლემას მარტო ირანი როდი წარმოადგენს. კიდევ უფრო დიდი პრობლემა, ახლო მომავალში, სავარაუდოდ, თურქეთის რესპუბლიკა იქნება. განსხვავებით ირანისაგან, თურქეთი, არაბების უმეტესი ნაწილის დარად, სუნიტური ისლამის მიმდევარია და არა შიიტურის. თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი კარგა ხანია, ანტიისრაულ რიტორიკას იყენებს და მისი რეიტინგი ამ ფონზე მყარია საკუთრივ თურქეთში და, ბუნებრივია, არაბულ სამყაროში. თურქეთის აქტიური პოლიტიკა ლიბიაში კიდევ ერთი დამატებითი გარემოებაა, რომელიც უნდა აფიქრებდეს “მშვიდობისმყოფელ” ტრამპს, მაგრამ მას ეს საკითხები არ ესმის და არც აინტერესებს, მისთვის მთავარია, განახორციელოს ისრაელისთვის სასარგებლო ამოცანები.

რა თქმა უნდა, შეთანხმება ისრაელსა და ემირატებს, ასევე ისრაელსა და ბაჰრეინს შორის, მკვეთრად დაგმეს თეირანსა და ანკარაში. ირანის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს ქმედებები “რეგიონში წინააღმდეგობის ღერძს გააძლიერებს”, თურქეთის მთავრობაშიც ამ რწმენას გამოხატავენ და საემიროების გადაწყვეტილებას პალესტინელებივით ღალატად აფასებენ.

ტრამპმა, გარდა ახლო აღმოსავლეთში მიღწეული ამ საეჭვო წარმატებისა, მართლმადიდებელი სერბებიც ბოლომდე გაასწორა მიწასთან და მათი მოლიბერალო პრეზიდენტი ვუჩიჩი აიძულა, სეპარატისტულ კოსოვოსთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაზე მოეწერა ხელი. ვუჩიჩი ტრამპის კაბინეტში “ოროსანი” მოსწავლესავით დასვეს შუაგულ ოვალურ კაბინეტში სკამზე, მას კი წინ, საწერ მაგიდასთან მჯდომი დონალდ ტრამპი სკოლის დირექტორივით მკაცრად უყურებდა (იხ. ფოტო ქვემოთ), რაც ორ თანასწორუფლებიან სახელმწიფოს მეთაურთა შორის ურთიერთობებში სრული აბსურდია.

დონალდ ტრამპი ღიად ჩადგა უცხო ქვეყნის სამსახურში

აშშ-ის პრეზიდენტს ეს ყოველივე არ აინტერესებს, იგი იმით არის ახლა კმაყოფილი, რომ თავისი ფსევდოსამშვიდობო დიპლომატიის გამო, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მშვიდობის სფეროში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ეს წარდგინება არც ისე ალოგიკურია, რადგან ტრამპს ოფიციალურად არც ერთი ომი არ გაუჩაღებია თავისი მმართველობის უკვე თითქმის 4 წლის მანძილზე, განსხვავებით თავისი სისხლიანი წინამორბედებისგან – ობამასგან, ბუშისგან, კლინტონისგან… სამაგიეროდ, მის მიერ “მოგვარებული” საკითხები საერთაშორისო არენაზე ქმნის საფუძველს, რომ არსებული კონფლიქტები არც თუ შორეულ მომავალში ახალი ძალით იფეთქებენ. ეს ასეა, იმიტომ, რომ ტრამპის დიპლომატიის შედეგად, არ გვარდება პრობლემები სამართლიანობის საფუძველზე. ტრამპისეული “მოგვარება” უსამართლობის ცემენტირებაა. უსამართლობის “ცემენტი” კი, როგორც ცნობილია, ადრე თუ გვიან, დაირღვევა.

გულბაათ რცხილაძე