რატომ თქვა უარი სტალინმა ჩრდილო ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში გაერთიანებაზე?

ავტონომიებმა ბევრი თავსატეხი გაუჩინა საქართველოს. ავტონომიების გამო მოხდა ეთნოკონფლიქტები, ეთნოომები, ეთნოწმენდები, ქვეყნის სამ ნაწილად დაყოფა, „რუსეთი ოკუპანტია“-ს ძახილი და „ჩახო“-ს ღია კარზე კაკუნი. ფრანგები NATO-ს OTAN-ად აფრანგულებენ, ჰოლანდიელები და ბელგოფლანდრიელები – NAVO-დ, რუსები – НАТО-დ, ქართველებმა კი რუსეთუმეობა ვერ მოვიშალეთ, მშვენიერ ქართულ ტერმინ „ჩახო“-ს (ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია) რუსულ НАТО-ს ვამჯობინებთ! მაგრამ დავუბრუნდეთ ავტონომიების საკითხს.

რატომ თქვა უარი სტალინმა ჩრდილო ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში გაერთიანებაზე?

სწორედ საქართველოს ავტონომიებისაგან გასაწმენდათ და „წმინდა ქართული“ საქართველოსთვის დაიწყეს ბრძოლა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს „ძაანპატრიოტმა“ (ბაკურ სვანიძის ტერმინია) ქართველებმა, რომლებმაც ჯერ „არაფორმალების“ სახით მოგვევლინენ და 9 აპრილის ჰეროიკული ტრაგედიის ჩატარების შემდეგ, „ეროვნული მოძრაობის ლიდერები“ დაირქვეს და, რაინდ ლევან ვასაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, ააფეთქეს აფხაზეთი და სამაჩაბლო: „უბედურმა, დაბნეულმა მატრიარქატმა შექმნა საწყალი ზვიადისაგან რაღაც კოლექტიური უკმარი ქმრის წარმოსახვითი ჰოლოგრამა, რომელიც ამ მატრიარქატის გულის მოსაფხანად რუსს აგინებდა. მაგან გადაგვამტვრია თავზე ის ჯოხები, რომლის თავზე არგადამტვრევისკენაც მოუწოდებდა ერს პატრიარქატი. მაგან აგვიფეთქა აფხაზეთი და სამაჩაბლო“.

რაინდ ლევანს რაღაც ეშლება: მისი მსჯელობით, გამოდის, რომ „კარვის ქალებმა“ შეაცდინეს ბატონი ზვიადი, როგორც ევამ ადამი. მაგრამ დამტკიცებულია, რომ ისტორიულად პიროვნება ქმნის საზოგადოებას, არა პირიქით. და ჩვენს შემთხვევაშიც, ბატონმა ზვიდმა შექმნა „კარვის ქალები“ და არა „კარვის ქალებმა“ – ბატონი ზვიდი! ბატონი ზვიადი უბრალოდ დარწმუნებული იყო და „კარვის ქალებიც“ დაარწმუნა, რომ აჭარა, აფხაზეთი და ე.წ. „სამაჩაბლო“ (ესეც ზვიადის მოგონილი ტერმინია, რომელსაც წარმატებით იყენებენ დღეს არა მარტო ზვიადისტები, არამედ ანტიზვიადისტებიც, და, ჩვენდა გასაკვირად, რაინდი ვასაძეც!) ისედაც საქართველოს შემადგენლობაში შევიდოდნენ, აბა, სად წავიდოდნენ (?) და დანაშაული იყო, მათთვის ავტონომიის სტატუსების მინიჭება!

ჟურნალისტ მანანა ნოზაძის თქმით, მაგალითად, „სტალინს რომ სდომოდა, ეს ავტონომიები არც იქნებოდა“ (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 27.08.2020). გამოხტება ვინმე ოსეთუმე (აფხაზეთუმეც, მაგრამ აქ ოსეთზეა საუბარი, უფრო სწორად, ჩრდილოეთ ოსეთზე) და შეეპასუხება ქალბატონ მანანას: არ იქნებოდა და – იქნებოდა ის, რაც დღეს გაბადიათ: უავტონომიებო „წმინდა“ საქართველო!

დაიცათ, დაიცათ, თქვე ბემურაზებო! ქალბატონი მანანა მარტო „სამაჩაბლოს“ გაავტონომიებაზე კი არ ჩივის, არამედ „ალანიას“ გაავტონომიების სურვილზეც, რომლითაც საქართველოს დაღუპვის იდეა სტალინს მოსწონებია, და რომელი საფრთხისგანაც საქართველო მიქოიანს გადაურჩენია: „როგორც ამბობენ, სტალინს ე. წ. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება სურდა საქართველოს შემადგენლობაში. ცხინვალის რეგიონის ოსთა ლიდერი მას კრემლში ეწვია ე.წ. ორი ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში გაერთიანების იდეით. სტალინს ეს იდეა მოეწონა, მაგრამ წინააღმდეგობას წააწყდა მიქოიანისა და სხვა ლიდერებისგან. სტალინი დაარწმუნეს, რომ ამ იდეის განხორციელებას შეიძლება ჩრდილო კავკასიის სხვა ნაციონალურ რესპუბლიკებშიც მსგავსი მისწრაფებები მოჰყოლოდა. თუნდაც კაზაკებს მოეთხოვათ საკუთარი რესპუბლიკა, ამას დაემატებოდა ბაშკირეთისა და თათრეთის მოთხოვნა რუსეთისგან გამოყოფის შესახებ. შემდგომ წლებშიც ოსურ ინტელიგენციას არაერთი მცდელობა ჰქონდა, საქართველოს შემადგენლობაში გაერთიანებულიყო, თუმცა 37 წლის რეპრესიებმა ეს ინტელიგენცია იმსხვერპლა“.

ქალბატონმა მანანამ ვის ნაამბობს მოკრა ყური, ვერ გეტყვით, მაგრამ ამის შესახებ, რამდენიმე ხნის წინ, სიმონ კილაძეც უამბობდა „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ გიორგი გიგაურს ინტერვიუში და იმ ოსთა ლიდერის პიროვნებასაც ასახელებდა, ვისაც სტალინისათვის ის იდეა შეუთავაზებია: „ოსური ავტონომიის შექმნა საქართველოს გასაბჭოებისთანავე იყო გარდაუვალი, რადგან, მოგეხსენებათ, 1920 წელს ცხინვალში მოწყობილი აჯანყება, რომელიც ვალიკო ჯუღელის გვარდიამ ჩაახშო, სწორედ ოსი ბოლშევიკების „შემოქმედება” გახლდათ. ამდენად, ოსები, როგორც საბჭოთა წყობილებისთვის დაზარალებულები, დაღვრილი სისხლის საკომპენსაციოდ, ავტონომიას მოითხოვდნენ! მეტსაც გეტყვით: სტალინს „სამხრეთ” და „ჩრდილოეთ” ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში გაერთიანება სურდა! 1925 წელს ჯერ „ჩრდილოეთ” შემდეგ კი „სამხრეთ ოსეთში” დაიწყო „ორი ოსეთის” გაერთიანების მოძრაობა. ცხინვალელ ოსთა პარტიული ლიდერი ტაკოევი სტალინსაც კი ეწვია კრემლში და „ორი ოსეთის” საქართველოს შემადგენლობაში გაერთიანების იდეა გაუზიარა! სტალინი თავიდან თითქოს დათანხმდა, მაგრამ შემდეგ ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ ანასტას მიქოიანი და სხვა პარტიული ლიდერები! გაერთიანების მოწინააღმდეგეთა არგუმენტი ასეთი იყო: საქართველო „ოსეთის” მიერთებით, სოლივით შეიჭრებოდა ჩრდილოეთ კავკასიის ეთნოგრაფიულ-პოლიტიკურად რთულ რეგიონში… გარდა ამისა, „ორი ოსეთის” გაერთიანება აბსურდულად მოინათლა იმის გამოც, რომ მათ შორის კომუნიკაცია არ არსებობდა – როკის გვირაბი მაშინ არ იყო გაჭრილი! მოკლედ, ბოლოს სტალინმა მაინც დაუჯერა ოსეთის გაერთიანების მოწინააღმდეგეებს“.

ბატონი სიმონი იქ სხვა რეგიონების შესახებაც საუბრობდა, სახელდობრ, სოჭის ოლქზე, საინგილოსა და ლორე-ტაშირზე, რომელთა „საქართველოსაგან მოწყვეტას“ ვიღაცები უსაფუძვლოდ სტალინსა და ორჯონიკიძეს აბრალებენ. ინტერვიუერის შეკითხვაზე, „მართალია, რომ ამბობენ, „სტალინს არაფერი გაუკეთებია საქართველოსათვისო“, რესპონდენტი გაკვირვებას გამოთქვამს: „რას ჰქვია, სტალინს არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის?! პირადად სტალინის დამსახურებაა, რომ დე გოლმა უნიკალური ეროვნული საგანძური დაუბრუნა ჩვენს ქვეყანას! ექვთიმე თაყაიშვილს ის სიმდიდრე საკუთარი გადაწყვეტილებით კი არ ჩამოუტანია საქართველოში! პირადად სტალინის დამსახურებაა ისიც, რომ მოხდა ილიას რეაბილიტაცია და მოეწყო სასამართლო პროცესი წიწამურის ტრაგედიის მონაწილეებზე! პირადად სტალინის მოთხოვნით აღიარა რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია! აღარაფერს ვიტყვი მეცნიერებათა აკადემიის შექმნაზე, „ვეფხისტყაოსნის” რუსულად თარგმნაზე და მსოფლიო მნიშვნელობის 800 წლისთავის იუბილეს გადახდაზე!“ (ეს ინტერვიუ ინტერნეტში დევს და გულისყურიან მკითხველს შეუძლია გაეცნოს).

სიმონ კილაძე სერიოზული მკვლევარია და კარგად ერკვევა საქართველოში ავტონომიების შექმნის საკითხებში. ამიტომ თუ მანანა ნოზაძეს ამ საკითხში გარკვევა სურდა, უმჯობესი იყო, აზრი ეკითხა ბატონი სიმონისათვის. ის კი, ადგა და, აზრი ჰკითხა „ჩახო“-ს (NATO-ს ქართული აბრევიატურა) საკითხებში გარკვეულ ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას და სტალინის სიძულვილით ობიექტურობადაკარგულ ისტორიკოს ვაჟა კიკნაძეს.

სიძულვილზე გამახსენდა: ლევ ტოლსტოის ექიმს პათოლოგიურად სძულებია ებრაელები, როგორც ბატონ ვაჟას – სტალინი. რასაც არ უნდა შეხებოდა საუბარი, წავიდოდა, წამოვიდოდა და, ებრაელების ლანძღვაზე გადადიოდა. ერთხელ გაბეზრებულ ტოლსტოის შენიშვნა მიუცია მისთვის: „შენ ბევრი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე, რომ ებრაელების სიძულვილისგან გათავისუფლდე“.

საქმე აქ ებრაელებზე ან სტალინზე არ არის. საქმე ის არის, რომ სიძულვილი (სხვათა შორის, სიყვარულიც!) ხელს უშლის ადამიანს აზროვნებაში, რისთვისაც ისევე აუცილებელია ობიექტურობა, როგორც მოსამართლისათვის – მიუკერძოებლობა.

ნათქვამია, კაცს პირში აფურთხებდნენ და ის იძახდა – რა ჟუჟუნა წვიმა მოდისო. მე არ ვიცი, ბატონ ისტორიკოსს „ჟუჟუნა წვიმად“ მოეჩვენება თუ არა ეს შედარება, მაგრამ ის ვიცი, რომ პროფესორ-ისტორიკოსებს აბდა-უბდა ლაპარაკი უვიცობით არ მოსდით, არამედ ცუდად ნასწავლით, რაც უვიცობაზე უარესია, რადგან უვიცობას ეშველება, ცუდად ნასწავლს კიაღარაფერი.

რაც შეეხება ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას, მასთან შედარებით, პროფესორ-ისტორიკოსი ვაჟა კიკნაძე პრიმიტივი ანტისტალინელია. ბატონ ვახტანგს ჭკუა ჰყოფნის, რომ პირდაპირ სტალინი არ ლანძღოს და ორჯონიკიძეს ლანძღავს, რაც ირიბად სტალინის ლანძღვას ნიშნავს: „ტროცკი და ორჯონიკიძე უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ვიდრე ორჯონიკიძე და სტალინი“.

ტროცკისთან უფრო ახლოს ყოფნა, ვიდრე სტალინთან, იმაზე უარესი ლანძღვაა, ვიდრე ჰიტლერთან უფრო ახლოს ყოფნა, ვიდრე სტალინთან. ჰიტლერი ბოროტების აფეთქებაა, ტროცკი – ბოროტების იდეოლოგია. აფეთქება ერთ რეგიონს დაანგრევს, როგორც, მაგალითად, „აფხაზეთსა და სამაჩაბლოს“, და მორჩა; იდეოლოგია კი გაზივით არის, რომელიც სულ ასაფეთქებლად მზად არის, როგორც მაგალითად, ზვიადიმი, რომელიც მთელ ქვეყანას ემუქრება დასანგრევად.

გუშინ ვუყურე კომპუტერში: მამუკა ხაზარაძე, „ლელოს“ პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად, ჩხოროწყუს ეწვივნენ, ამომრჩევლებისათვის თავიანთი პროგრამის გასაცნობად, მაგრამ ძლივს გამოასწრეს იქიდან. ერთი შლაპიანი ქალბატონი გაკაპასებული საცემრად იწევდა ბატონი მამუკასაკენ, 1989 წლის 18 თებერვალს ჯოხი რატომ მოუქნიე მერაბ კოსტავასო? მოუქნია, შე ქალო, ხომ არ მოარტყა?! რომ მოერტყა, არც 9 აპრილის ტრაგედია მოხდებოდა, არც „აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აფეთქება“! მაგრამ გააგებინე ახლა ამ ქალბატონს!

სინამდვილეში, სტალინი და ორჯონიკიძე უფრო უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ვიდრე ტროცკი და ორჯონიკიძე. ის ფაქტი, რომ საქართველოს გასაბჭოება ორჯონიკიძემ, ლენინთან ერთად, სტალინს უდეპეშა და არა ტროცკის („Ленину, Сталину, Баку. 25.II. 21 г. Над Тифлисом реет Красное Знамя Советской Власти. Да здравствуйет Советская Грузия. Орджоникидзе“), თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ იგი სტალინის დავალებას ასრულებდა და არა ტროცკის დავალებას, რადგან, როგორც ვახტანგ მაისაია თვითონვე ამბობს, „ტროცკის საქართველო სულ არ აინტერესებდა“. იგივე ითქმის ორჯონიკიძის მიერ თურქეთისაგან ბათუმის გამოტაცების საკითხზე, რაც სტალინთან საიდუმლო შეთანხმების შედეგი იყო, და რაც ლენინ-ტროცკის გეგმას ეწინააღმდეგებოდა.

ლენინ-ტროცკი და ათათურქი შეთანხმებული იყვნენ, რომ როგორც კი ქართული ჯარი, ჟორდანიას მთავრობის გაქცევის შემდეგ, ბათუმიდან გავიდოდა, თურქული ჯარი უნდა შესულიყო ქალაქში, რაც ასეც მოხდა. სტალინსა და ორჯონიკიძეს, ცხადია, არ სურდათ ბათუმის თურქეთისათვის დათმობა. მაგრამ საქართველოში შემოსული მე-11 არმიის სარდლობას აკრძალული ჰქონდა, ბათუმში მყოფ თურქულ ჯართან შებრძოლება. საჭირო იყო, რომ ფორმალურად ქართულ ჯარს გაეთავისუფლებინა ქალაქი და მერე დაეკავებინა იგი საბჭოთა ჯარს. ამიტომ სთხოვა ორჯონიკიძემ მაზნიაშვილს, „მენშევიკების გენერალო, იბრძოლე ჩვენთან ერთად, ბათუმი გავათავისუფლოთ“, რაზეც გენერალი დათანხმდა. აქედანაც ჩანს, ვინ ვისთან იყო ახლოს, როცა საქმე საქართველოს გადარჩენას ეხებოდა.

სტალინი სამ ვეშაპზე იდგა: ომის წინ ორჯონიკიძეზე, ომში – გენერალ როკოსოვსკიზე და ომის შემდეგ – მარშალ ბერიაზე. პირველი რომ გამოსცლოდა, ინდუსტრიალიზაციას ვერ ჩაატარებდა; მეორე რომ გამოსცლოდა, ომს ვერ მოიგებდა; და მესამე რომ გამოსცლოდა, ატომურ პარიტეტს ვერ შექმნიდა.

მაგრამ დავანებოთ თავი ვახტანგ მაისაიას და დავუბრუნდეთ იმ საკითხს, თუ სინამდვილეში, რამ შეუშალა ხელი სტალინს, განეხორციელებინა ჩრდილოეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში გაერთიანების იდეა. ცნობილია, რომ ნამდვილი მიზეზი ამისა გახლდათ არა მიქოიანის წინააღმდეგობა, რაც სასაცილოდ არ ეყოფოდა სტალინს, არამედ ქართველი ხელისუფლების (ფილიპე მახაძისა და სხვების) წინააღმდეგობა, რომლებსაც ჭკუაში არ დაუჯდათ ხსენებული იდეა, რადგან დიდი ოსეთის წარმომადგენლებიც აქტიურად ჩაერეოდნენ ერთიანი რესპუბლიკის მართვა-გამგეობაში და ხელს შეუშლიდნენ მის „ქართულად“ მართვაში.

მე ის მაკვირვებს, რომ ისეთი სერიოზული მკვლევარი, როგორიც სიმონ კილაძეა, რატომ არ ჩაუღრმავდა ამ საკითხს და არ ახსენა ქართველ ცრუსაბჭოთა ხელმძღვანელთა წინააღმდეგობა?

ქართველები „დიდ საქართველოს“ მისტირიან: „მაშინ დიდი ყოფილა საქართველო!“-ო. მაგრამ ავიწყდებათ, რომ დიდი ერები სხვა ერებთან გაერთიანებით ხდებიან დიდები. რუსი ერი, მაგალითად, სხვა ერებთან გაერთიანებით გახდა დიდი ერი. აღარაფერს ვამბობთ პატარა ლაციოზე, რომელიც ამავე გზით იქცა რომის იმპერიად. თუმცა რაღა შორს წავიდეთ, ბაგრატ III-ის მიერ გაერთიანებული საქართველოც ასევე არ გახდა დიდი?! შეუძლებელია, რომ „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“ გადაჭიმული საქართველო „წმინდა“ ქართული ყოფილიყო, მაგრამ რა ბედენაა, საქართველო იყო! დავით IV აღმაშენებელს „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შირვან-შა და შაჰან-შა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“ ერქვა, მაგრამ საქართველოს მეფე იყო! საგულისხმოა, რომ აფხაზეთის სამეფოს ქართლის სამეფოსთან გაერთიანება და „საქართველოდ“ გადაქცევა აფხაზეთის დედოფალ გურანდუხტის სურვილითა და მისი აფხაზი შვილის, ბაგრატ III-ის ნებით მოხდა. ამის გამო მიიღო მან პირველმა „მეფე აფხაზთა და ქართველთა“-ს ტიტული. იმ საქართველოს ღირსება ის იყო, რომ მისი ხელისუფალნი იმ დროისათვის საკვირველი ეთნიკური განურჩევლობით მართავდნენ ქვეყანას. ამიტომ უწოდებდნენ მას ჩრდილოელი მეზობლები „კავკასიის მზეს“. დღევანდელმა ქართველმა ხელისუფლებმა კი (ნოე ჟორდანიამ, ფილიპე მახარაძემ, ზვიად გამსახურდიამ და სხვებმა) „წმინდაქართულად“ მოისურვეს, ემართათ ქვეყანა, რამაც ეთნიკური კონფლიქტები, სეპარატისტული რეგიონების წარმოქმნა და საქართველოს სსრ-ის სამ ნაწილად დაყოფა გამოიწვია. ამიტომ ამბობდა სტალინი, საქართველოს თუ დაღუპავენ, აგრესიული ნაციონალისტები დაღუპავენ. და დაღუპეს კიდეც!

 

ომარ ხახაშვილი

 ვარეგემი, ბელგია