თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების ოჯახებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყო

დედაქალაქში საბავშვო ბაღები ჯერ არ მუშაობენ, მაგრამ სურსათის გაცემა აღსაზრდელთა მშობლებისთვის უკვე დაიწყო.

თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების ოჯახებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყო

დაიწყო თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტების გაცემა მათი ოჯახებისთვის, იუწყება თბილისის მერია.

როგორც უწყების პრეს–სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, პროექტი ერთჯერადად განხორციელდება. ის კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესის დაწყების გადატანას უკავშირდება.

თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ამჟამად დედაქალაქის 183 საბავშვო ბაღში 58 005 ბავშვია დარეგისტრირებული.

გვანცელაძე ისნის რაიონში №182 საბავშვო ბაღს ეწვია, სადაც 500–ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული. სურსათის ჩამონათვალი დიეტოლოგებთან არის შეთანხმებული.

„მოგეხსენებათ, ქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი მარტიდან ივნისის ჩათვლით უკვე განვახორციელეთ და პროდუქტი შვიდ ეტაპად გაიცა. ნობათები, ჯამში, 50 000-ზე მეტმა აღსაზრდელმა მიიღო. პროდუქტების გაცემისას დაცული გვაქვს COVID-19-ის პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. იმედი გვაქვს, რომ პროცესი ამჯერადაც უსაფრთხოდ წარიმართება“, – განაცხადა გვანცელაძემ.

სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი საბავშვო ბაღებში 14 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ორი კვირით – 1 ოქტომბრამდე გადაიდო.

“სპუტნიკი”