“თუ ამან მიიღო გრძელვადიანი დაპირისპირების სახე, საქართველოსაც მძიმე დღეები დაუდგება”…

“თუ ამან მიიღო გრძელვადიანი დაპირისპირების სახე, სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოს, მძიმე დღეები დაუდგება” – ექსპერტი მამუკა არეშიძე

"თუ ამან მიიღო გრძელვადიანი დაპირისპირების სახე, საქართველოსაც მძიმე დღეები დაუდგება"...

უკიდურესად გართულდა ურთიერთობა ჩვენს ორ მეზობელს – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები განახლდა. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამჯერად და რა გავლენას მოახდენს მთელ რეგიონზე შექმნილი ვითარება, გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტრევიუდან:

– აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ სამხეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების განახლება მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეებზეა დამოკიდებული. ვეჭვობ, რომ ამ პოლიტიკური მოთამაშეების სურვილების რეალიზაცია დაიწყო. ერთმნიშვნელოვნად რთულია იმის თქმა, თუ ვისი მხრიდან. არ არის გამორიცხული, ამ პროცესების უკან იდგეს რუსეთი, რომელსაც სურს სამხეთ კავკასიაში ერთხელ და სამუდამოდ გაამყაროს საკუთარი გავლენა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს არც თურქეთის სურვილი, რომ თავისი გავლენა დაიბრუნოს ამ რეგიონზე, რისკენაც კარგა ხანია ისწრაფვის. დაწყებულია რუსეთისა და თურქეთის ბრძოლა სამხრეთ კავკასიისთვის, თუმცა მათ უკანაც საკმაოდ სერიოზული ძალები მოიაზრება.

ერთი შეხედვით აშკარად არ ჩანს აშშ-ის ინტერესები, მაგრამ, მეორე მხრივ, შავი ზღვის გაკონტროლების მზარდ სურვილს ნატო არც მალავს. პარალელური სამხედრო წვრთნებიც ამაზე მიუთითებს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, თუ ყარაბაღის კონფლიქტი მასშტაბურად განახლდა, ყველა მოთამაშე შეეცდება მეტი დივიდენდის მოპოვებას. წინა პლანზე იქნებიან თურქეთი და რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს პარტნიორები არიან, მათი ინტერესები ბევრ საკითხში კვეთს ერთმანეთს, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში. პროცესების ლოგიკა გვაჩვენებს ასეთ რამეს: როგორც ჩანს, მსხვილ მოთამაშეებს თავუზის საზღვრის მონაკვეთში ეს კონფლიქტი არ აწყობდათ და პროცესები ისევ ყარაბაღში გადავიდა. თუ დაპირისპირება 3-4 დღეზე მეტხანს არ გაგრძელდა, ეს იქნება რიგითი ინციდენტი, მაგრამ თუ ამან მიიღო გრძელვადიანი დაპირისპირების სახე, გაგრძელდა ყარაბაღის საზღვრის მთელ პერიმეტრზე და დაერთო ინტენსიური სამხედრო ოპერაციები, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ამით მსხვილი მოთამაშეები არიან დაინტერესებული. ასეთ შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოს, მძიმე დღეები დაუდგება.

"თუ ამან მიიღო გრძელვადიანი დაპირისპირების სახე, საქართველოსაც მძიმე დღეები დაუდგება"...

– ჩვენთვის აზერბაიჯანიც და სომხეთიც მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები არიან. როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია ამ ვითარებაში?

– მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო. დაპირისპირებულ მხარეებს თბილისი უნდა შესთავაზონ მოლაპარაკების პლატფორმად, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ შეთავაზებად დარჩება და საქმედ ვერ იქცევა, რადგან მოვლენების განვითარების ლოგიკა, თუნდაც რუსეთისა და გაეროს ბოლოდროინდელი ურთიერთობა ცხადყოფს, რომ რუსეთმა გადაწყვიტა გადადგას რადიკალური ნაბიჯები, მით უფრო, რომ სანქციების გამო ის ვერაფრით ახერხებს დასავლეთთან საერთო ენის გამონახვას და მოქმედებს პრინციპით, სადაც ვიწროა, იქ გაწყდესო.

თურქეთიც გეოპოლიტიკურ რეალობაში დაახლოებით ასეთ განწყობაზეა და მისი ამბიციები, როგორც რეგიონული ლიდერისა, მუდმივად მისივე პარტნიორების ინტერესებს ეჯახება.

წყარო: ambebi.ge