„სააკაშვილი სომეხი მოსახლეობის მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს!“ – ჯავახეთის სომხები

ჯავახეთის რეგიონში აქტიურად განიხილება განცხადება, რომელიც Facebook-ის საკუთარ გვერდზე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა იმის თაობაზე, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია.

„სააკაშვილი სომეხი მოსახლეობის მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს!“ - ჯავახეთის სომხები

ახალქალაქში ბევრი მიიჩნევს, რომ მათ არ უნდა მისცენ ხმა სააკაშვილის პარტიას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

„ვინც მის პარტიას მისცემს ხმას – მოღალატეა!“.

„ეს ყველა გაგებით ღალატია. ვინც არ უნდა წარმოადგენდეს ჯავახეთში მის პარტიას, არ უნდა მისცეს მას ხმა. ისინი თურქების მოკავშირეები არიან“.

„არ შემოუშვათ მისი პარტია ჯავახეთში“, – ასეთი კომენტარები შევკრიბეთ ნინოწმინდის ქუჩებში.

მელიქ რაისიანი, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლის ლიდერიც მიხეილ სააკაშვილია, ამბობს, რომ სააკაშვილის ნათქვამი მისთვის მიუღებელია, თუმცა, რაიმე სიახლეს ამაში ვერ ხედავს:

„არ მინახავს საქართველოში ლიდერი, რომელიც ღიად არ იცავდა აზერბაიჯანის ინტერესებს. ადამიანები ნათლად და ღიად საუბრობენ ამაზე. ამას არ ვიღებ, მაგრამ მესმის ამ საკითხისადმი მათი მიდგომა. სააკაშვილი უკვე 15 წელია ერთსა და იმავეს ამბობს. აქ ცუდი ისაა, რომ 17 წლის ბიჭები ომობენ. სააკაშვილის ნათქვამი სიახლე არავისთვისაა, ამაში გასაკვირი არაფერია, მან ეს სომეხ მაღალჩინოსნებსაც კი უთხრა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი იყო“, – ამბობს რაისიანი.

თუმცა, ის არ უარყოფს, რომ სააკაშვილის სიტყვები ნეგატიურად აისახება არჩევნებზე ოპოზიციის შანსებზე:

„როდესაც ომი მიდის, დაუშვებლად მიმაჩნია არჩევნებზე საუბარი. რა თქმა უნდა, სააკაშვილის განცხადებამ დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს რაიონზე და ჩვენი შანსები კრიტიკულად შემცირდა, ეს უკვე ფაქტია“, – აცხადებს რაისიანი.

თავად მელიქ რაისიანმა ერთი დღით ადრე Facebook-ზე სომხეთის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და ყარაბაღში მიმდინარე ამბებს აზერბაიჯანის მორიგი სისხლიანი პროვოკაცია უწოდა, რომელსაც თურქეთი ეხმარება.

სომხეთის მხარდამჭერ ერთმნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებენ სხვა პოლიტიკოსებიც, რომლებიც მომავალ არჩევნებზე იყრიან კენჭს.

სომხები მშვიდი ხალხია, მაგრამ „როდესაც მათ თავს ახვევენ ომს, ისინი იღებენ ამ გამოწვევას“, – აცხადებს სამველ პეტროსიანი, „პატრიოტთა ალიანსის“ (ეს პარტია ანტითურქული პოზიციებით გამოირჩევა) კანდიდატი.

პეტროსიანი ქართველ ხალხს ახსენებს, რომ „აზერბაიჯანი პრეტენზიას აცხადებს საქართველოს ტერიტორიაზე“:

„ცალსახად ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანი საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, რადგან დღეს სწორედ აზერბაიჯანმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიის ოკუპირება, სადაც ქართული ისტორიული ძეგლი, დავით გარეჯი მდებარეობს“, – დაწერა სამველ პეტროსიანმა Facebook-ზე.

„საქართველოს მოქალაქე სომხები სრულად სოლიდარულები არიან არცახისა და სომხეთის და მზად არიან, ნებისმიერი შესაძლო და შეუძლებელი დახმარება აღმოუჩინონ“, – ამბობს ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი არსენ კარაპეტიანი. არის თუ არა საუბარი სამხედრო დახმარებაზე, პოლიტიკოსი არ აზუსტებს.

Facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და ჯავახეთის მკვიდრ ახალგაზრდებს მოუწოდა, არ შეუშალონ ხელი სომხეთს, პარლამენტის მოქმედმა მაჟორიტარმა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, ენზელ მკოიანმა.

„სომხეთის ხელისუფლების ცნობით, დღეს არცახის დაცვა საიმედო ხელშია, არმიას ძალა შესწევს, ნებისმიერი აგრესია მოიგერიოს, ამიტომ, ძვირფასო ახალგაზრდებო, მოგიწოდებთ, აუცილებლობის გარეშე არ გადადგათ გარკვეული ნაბიჯები და ხელი არ შეუშალოთ დაცვის არმიას წმინდა მისიის შესრულებაში“, – დაწერა მკოიანმა facebook-ზე.

29 სექტემბერს, საგანგებო განცხადებით გამოვიდა აგრეთვე ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭო.

ქართველი ხელისუფლებისადმი წერილში, მისმა წარმომადგენლებმაც ახსენეს დავით გარეჯის ტერიტორიული პრობლემა, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის წინაშე დგას:

„მართებულია შეხსენება აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ მოძრაობის აკრძალვისა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისკენ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს და ქართველი მომლოცველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე თაყვანსაცემ ქრისტიანულ სიწმინდეს წარმოადგენს“, – ნათქვამია მიმართვაში. 

 

აღუნიკ აივაზიანი,

“ჯამნიუსისთვის”, ჯავახეთიდან