პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები იწყება

პარლამენტში საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები იწყება.

პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები იწყება

7 ოქტომბერს გაიმართება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა და პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა, სადაც პროექტს განიხილავენ. მომხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე იქნება.

„საქართველოს პარლამენტში შემოსულია 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, რომელიც საკომიტეტო განხილვების და მოსმენების შემდეგ, შესაბამისი მოსაზრებებით და შენიშვნებით გაიგზავნება საქართველოს მთავრობაში და შემდგომ უკვე წლის ბოლოს შემოვა გადამუშავებული , საბოლოო ვერსია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ამ ბიუჯეტის ერთ-ერთი მიმართულება არის კორონავირუსიდან გამომდინარე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევა. ამ თვალსაზრისით, ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია ის მექანიზმები, რომლებმაც უნდა მოახდინოს ეკონომიკური რეცესიის შედეგების აღმოფხვრა, ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესება.

„იყო სპეკულაციები, თითქოს საბიუჯეტო ორგანიზაციებში და საჯარო სექტორში ხელფასების მატებაა გათვალისწინებული, ეს იქნებოდა ძალიან კარგი თუმცა ბიუჯეტის რესურსი არააა იმდენი რომ ასეთი მატება დაფიქსირდეს.

გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერებს 25 ლარის ოდენობით გაზრდა. სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა, იზრუნოს სოციალურად დაუცველებზე, მასწავლებლებზე, პენსიონერებზე, პოლიციელებზე, ჯარისკაცებზე და ყველა იმ ადამიანზე, რომელიც ეწევა საქმიანობას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

5 ოქტომბერს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში განსახილველად შევიდა.

 

“იმედინიუსი’