შიში ოხერია – იგორ გიორგაძე ყველა ლიბერასტი ხელისუფლების მიერ საფრთხედ აღიქმება

უკვე 25 წელიწადზე მეტია, რაც საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, სპეცსამსახურების ხაზით უმაღლესი დონის პროფესიონალი იგორ გიორგაძე გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე იდევნება, უსამართლო პროცესს თითქოს ბოლო არ უჩანს.

შიში ოხერია - იგორ გიორგაძე ყველა ლიბერასტი ხელისუფლების მიერ საფრთხედ აღიქმება

როგორც ცნობილია, ეს დევნა ედუარდ შევარდნაძემ დაიწყო, მასზე მოწყობილი (თუ ინსცენირებული – როგორც ბევრი დარწმუნებულია) ტერაქტის საბაბით – შევარდნაძემ, რომელსაც ქვეყნის დამაქცევრად მოიხსენიებდნენ მისი პოლიტიკური მემკვიდრეები – ჯერ “ნაცები”, შემდეგ კი “ქოცები”, მაგრამ ამ “დამაქცევარის” წყენას არ პატიობენ იგორ გიორგაძეს.

მიზეზი იოლი გამოსაცნობია – იგორ გიორგაძე, მიუხედავად იმისა, რომ მას 25 წელიწადია, საქართველოს მიწაზე ფეხი არ დაუდგამს, ჯერ კიდევ პოლიტიკურად საშიშია ლიბერასტური სისტემისათვის. გიორგაძეა ის პოლიტიკოსი, რომელსაც შეიძლება, გაჰყვეს ქართველი ხალხის უდიდესი თუ არა, დიდი ნაწილი, როდესაც ქვეყანაში ჭეშმარიტად თავისუფალი პოლიტიკური კონკურენციის პირობები შეიქმნება. ამიტომ იწელება მისი პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ არანაირი იურიდიული საფუძველი აღარ არსებობს. მართლაც რომ, “შიში ოხერია”…

ამის დასტურია გიორგაძის ადვოკატ, გაგი მოსიაშვილის მიერ გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჩამოთვლილი სენსაციური ფაქტები (ამ ინტერვიუს ქვემოთ გთავაზობთ სააგენტო “თვალსაზრისის” მოხმობით):

– (გაგი მოსიაშვილი): დემოკრატიულ ქვეყანაში ადვოკატის მომსახურება სჭირდება დამნაშავეს, რათა მას დანაშაულის შესაბამისი სასჯელი დაეკისროს. ჩვენს ქვეყანაში კი, დღის წესრიგში უდანაშაულო ადამიანების დაცვა დგას. თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ იგორ გიორგაძესთან არც პოლიტიკური მსოფლმხედველობა და არც ნათესაობრივი ურთიერთობა არ მაკავშირებს. მან არჩევანი ჩემზე შეაჩერა მხოლოდ კვალიფიკაციის და ობიექტურობის კრიტერიუმით. სასამართლოზე მე და ჩემი მეგობრები ვიცავთ არა იგორ გიორგაძის ინტერესებს, არამედ, მისი სახით – სრულიად უდანაშაულო ადამიანს, რომელიც გამიზნული შავი პიარის და მასშტაბური ცილისწამების სამიზნე გახდა. ამას ვამბობ, როგორც იურისტი, რომელიც ზედმიწევნით იცნობს 106 ტომისგან შემდგარ საქმეს, თუმცა, დაბეჯითებით ვიმეორებ – იქ მისხალი დანაშაულიც არ იკვეთება!

– მაშ, რის საფუძველზე იდევნება იგორ გიორგაძე?

– 25 წლის განმავლობაში იგორ გიორგაძე სისხლის სამართლებრივად დევნილია. ყველა ხელისუფლება მის გარშემო ყოველდღიურად ქმნიდა ნეგატიურ საზოგადოებრივ აზრს, მას აწერდნენ ყველა მკვლელობას, ტერაქტს თუ დივერსიას, რაც საქართველოში ხდებოდა, ამიტომ, თაობები აღიზარდნენ იგორ გიორგაძეზე მცდარი შეხედულებით. ფაქტი კი, ის გახლავთ, რომ 120 ტომის მომცველ, 320 მოწმის ჩვენებისგან შემდგარ საქმეში არც წერილობით მტკიცებულებებში და არც მოწმეთა ჩვენებებში არ დასტურდება იგორ გიორგაძის ჩადენილი, თუნდაც უმცირესი დანაშაული. არადა, ამ ხნის განმავლობაში, შევარდნაძეს ან სააკაშვილს იგორ გიორგაძის წინააღმდეგ რაიმე ობიექტური კომპრომატი რომ ჰქონოდათ, აუცილებლად აისახებოდა საქმეში.

– შეახსენეთ მკითხველს, რა ვითარებაში დაიწყო იგორ გიორგაძის დევნა?

– 1995 წლის სექტემბერში ბატონმა იგორმა საკუთარი ნებით დატოვა საქართველოს უშიშროების მინისტრის პოსტი და ჩაატარა ბრიფინგი, სადაც აღნიშნა, რომ ის პოლიტიკაში რჩება და გადადის ოპოზიციაში. ამის შემდეგ ერთ-ერთ გაზეთს მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც ედუარდ შევარდნაძის მთავრობა ამხილა კორუფციაში, ისაუბრა იმდროინდელი შს მინისტრ შოთა კვირაიას დანაშაულზე, რომელმაც სამეგრელოში 6 ახალგაზრდა დახვრიტა; ისაუბრა მის მიმართ შევარდნაძის ნეგატიურ განწყობაზე, ვინაიდან არ შეუსრულა რამდენიმე მნიშვნელოვანი, დანაშაულებრივი მოთხოვნა, მათ შორის ერთ-ერთი – დევნილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას ეხებოდა. როდესაც გავლენიანი, ზუსტი ინფორმაციების მფლობელი უშიშროების მინისტრი ხელისუფლებას ასეთ მძიმე დანაშაულებში ამხელს და ოპოზიციაში გადადის, რა თქმა უნდა, ის ხდება სახელმწიფოს მეთაურის რეალური ალტერნატივა! ამ საგაზეთო სტატიის გავრცელებისთანავე, 26 სექტემბერს იწყება იგორ გიორგაძის სისხლის სამართლებრივი დევნა.

– ეს ხდება შევარდნაძის წინააღმდეგ 29 აგვისტოს განხორციელებული ტერაქტის შემდეგ… ნუთუ, ამ ტერაქტში იგორ გიორგაძის როლი არ იკვეთება?

შიში ოხერია - იგორ გიორგაძე ყველა ლიბერასტი ხელისუფლების მიერ საფრთხედ აღიქმება

– არამცთუ არ იკვეთება… ედუარდ შევარდნაძე საკუთარ მემუარებში იხსენებს რა, ამ ეპიზოდს, განმარტავს, რომ ვინც ტერორისტული აქტი მოუწყო, შემდგომში ის თავადვე შეიწყალა. შევარდნაძე სიცოცხლის ბოლომდე საუბრობდა იმაზეც, რომ არსად არასოდეს მიუნიშნებია, თითქოს ტერაქტთან იგორს რაიმე სახით შემხებლობა ჰქონდა! აქედან ჩანს, ედუარდ შევარდნაძემ თავადვე კარგად იცოდა, ვინ მოუწყო ,,თავდასხმა’’.

გეტყვით უფრო მეტსაც – 29 აგვისტოს ტერაქტის მომენტში (ამჯერად, არ ვისაუბრებ იმაზე, ეს იყო ნამდვილი თუ ინსცენირებული ტერაქტი) შევარდნაძეს იგორ გიორგაძე საზღვარგარეთ ჰყავს გაგზავნილი მივლინებით, გარკვეული სახელმწიფოებრივი მისიის შესასრულებლად! საზოგადოებას შევახსენებ, რომ ტერაქტის საქმეზე 1996-1997 წლებში, დაიკითხა 14 ბრალდებული, ასევე, 168 დაზარალებული და 365 მოწმე, მაგრამ სასამართლოს არ მოუპოვებია იგორ გიორგაძის მამხილებელი, არცერთი მტკიცებულება, რადგან ბუნებაში მსგავსი არ არსებობს!

– ტერაქტის გარდა, კიდევ რა ბრალდება აქვს იგორ გიორგაძეს?

– არის ღიმილის მომგვრელი და აბსურდული ბრალდებები, მაგალითად, შიდა ქართლში პრეზიდენტ შევარდნაძის რწმუნებულის, ლევან მამალაძის მიმართ გიორგაძის ხულიგნური საქციელი. არის უფრო სერიოზულებიც – იგორ გიორგაძეს ხომ, 90-იანი წლების ყველა გაუხსნელი საქმე მიაწერეს, მაგალითად, ბორჯომში, ავზში ადამიანების დაწვა… ან გიორგი ჭანტურიას მკვლელობა. ოღონდ, არანაირი ობიექტური მტკიცებულება აქაც არ დევს! 25 წლის განმავლობაში, რაც იგორ გიორგაძე დევნილია, მის მიმართ შავი პიარი შეუწყვეტლად მიმდინარეობს. ფაქტია, სახელმწიფო მედია საშულებებმა დევიზად აქციეს, რომ იგორ გიორგაძე მუდმივად, ,,ნომერ პირველ საერთაშორისო ტერორისტად” მოეხსენიებინათ, რითაც უხეშად არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმციას. ამასობაში, საქართველოში თაობები აღიზარდნენ შეგონებით, თითქოს ეს კაცი ქვეყნის მტერია. სააკაშვილის ხელისუფლებამ თავის მხრივ, კიდევ უფრო განავრცო ეს დამოკიდებულება და შეთითხნა გახმაურებული საქმე, თითქოს იგორ გიორგაძის დავალებით მისი მომხრეები შეიარაღებულ გადატრიალებას გეგმავდნენ. გიორგაძის დისკრედიტაციის ეს მეორე, მძლავრი ტალღა თქვენ – ზაზა დავითაიასაც შეგეხოთ და ციხეში სრულიად უდანაშაულოდ წლების გატარება მოგიწიათ! გასაოცარი ის არის, რომ 12 ადამიანი გიორგაძის მიერ ორგანიზებული შეთქმულების ბრალდებით დაგაპატიმრეს, თუმცა, თავად გიორგაძის წინააღმდეგ რატომღაც, სისხლის სამართლის საქმეც არც აღძრეს. სამაგიეროდ, 12 ადამიანის რეპრესია ისევ და ისევ, გიორგაძის წინააღმდეგ მცდარი საზოგადოებრივი აზრის განსამტკიცებლად გამოიყენეს! 2018 წელს თქვენ სასამართლოს განაჩენით გამართლდით, მაგრამ „შეთქმულების ორგანიზატორის“ მიმართ საზოგადოების ცნობიერებაში დალექილი მცდარი აზრი არსებობას მაინც განაგრძობს!

– როდის დატოვა იგორ გიორგაძემ საქართველო?

– 1995 წლის 4 სექტემბერს, მაგრამ ეს არ გახლდათ გაქცევა! ვიმეორებ, რომ მას საქმე ყოველგვარი მტკიცებუკლებების გარეშე აღუძრეს საგაზეთო ინტერვიუს შემდეგ, 1995 წლის 26 სექტემბრს, რაც მისთვის ზურგში ნასროლ ქვას ჰგავდა. ბრალდების შეთითხნის დღიდან იგორ გიორგაძე იწყებს სამართლებრივ ბრძოლას. 106 ტომიანი საქმე თავიდანვე გაასაიდუმლოვეს. ეს უფლებამოსილება ხელისუფლებამ გამოიყენა იგორ გიორგაძის დამნაშავეობის მითის შესაქმნელად. გიორგაძის სახელს წინახელისუფლებები იყენებდნენ, როგორც პოლიტიკურ საფრთხობელას. აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი იდევნება მხოლოდ თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო! უფრო მეტს გეტყვით: 2006 წელს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად შესაძლებელი გახდა, ძებნილი პირების მიმართ საქმის წარმოება მათ დაუსწრებლად განხილულიყო. ჩვენ გვახსოვს, რომ იმ წლებში სასამართლო სრულად ემონებოდა ხელისუფლებას, მაგრამ იმდენად თეთრი ძაფით იყო ნაკერი ბრალდებები, სააკაშვილის ხელისუფლებამაც ვერ გაბედა საქმის სასამართლოსთვის გადაცემა და განაჩენის დაყენება.ხელისუფლება თავს კომფორტულად მხოლოდ ამ აბსურდული საქმის თაროზე შემოდებით გრძნობდა. დღემდე, დევნის დაწყებიდან 25 წლის შემდეგ, იგორ გიორგაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობს. მას აქვს განსასჯელის სტატუსი და ამჟამად სასამართლოზე მისი უდანაშაულობას ვამტკიცებთ! მსოფლიოში მსგავსი პრეცედენტი, რომ ვინმე 25 წლის განმავლობაში ბრალდებულის სტატუსით ყოფილიყოს – არ არსებობს!

შიში ოხერია - იგორ გიორგაძე ყველა ლიბერასტი ხელისუფლების მიერ საფრთხედ აღიქმება

 

– ინტერპოლის ცირკულარში ძებნილის სტატუსით როგორ აღმოჩნდა?

– ინტერპოლის ცირკულარში შევარდნაძის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე შეიყვანეს. მას შემდეგ, რაც ადვოკატების ჯგუფმა მივმართეთ და სამართლებრივი არგუმენტები წარვუდგინეთ, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ 2016 წლის ივნისში მისი მონაცემები ძებნილთა ნუსხიდან ამოიღო. ნიშანდობლივია, რომ გიორგაძის უდანაშაულობაში დასარწმუნებლად ინტერპოლს მხოლოდ თვენახევარი დასჭირდა! ახლა ჯერი ქართულ სასამართლოზეა. იმედია, იგორ გიორგაძის საქმეს სამართლიანად განიხილავს. „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან მოვუწოდებ ჟურნალისტებს – დაესწარით ამ სასამართლო პროცესებს, თავად დარწმუნდით, რომ იგორ გიორგაძის მიმართ ყველა ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა!

– გიორგაძეს დევნიდა შევარდნაძის და სააკაშვილის ხელისუფლებები… ამჟამინდელ ხელისუფლებას რა დამოკიდებულება აქვს მის მიმართ?

– 2013 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აქამდე „თაროზე შემოდებული“ საქმეების, მათ შორის, იგორ გიორგაძის საქმის განხილვის შესაძლებლობა გაჩნდა, ოღონდ, ნურავინ ჩათვლის, რომ გადაწყვეტილება პირადად მას მოარგეს. ეს გახლდათ დემოკრატიისთვის აუცილებელი წინაპირობა. მაგრამ, სასამართლო უკვე 5 წელია, იხილავს საქმეს, სადაც არც ერთი მტკიცებულება იგორ გიორგაძის წინააღმდეგ არ არსებობს, 321-დან არც ერთი მოწმე ბრალეულობას არ ადასტურებს და ამის მიუხედავად, უდანაშაულოდ დევნილი ადამიანის რეაბილიტაცია ჭიანურდება. ფერხდება საქმის ობიექტური და დროული განხილვა სასამართლოში, რისი მიზეზიც არის სახელმწიფო ბრალმდებლის მხრიდან უმოქმედობა, კერძოდ – პროცესზე პროკურორთა მიერ მოწმეების და სხვა მტკიცებულებათა შეფერხებულად, მდორე რეჟიმში წარმოდგენა, რაც ცალსახად ლახავს ბრალდებულის უფლებებს და აზიანებს სამართლიანობის აღდგენის პროცესს, რადგან წარმოუდგენელია ბრალდების მხარემ 5 წლის მანძილზე ვერ დაასრულოს და არ ამოწუროს საქმის სასამართლო განხილვა.

მსჯავრდებულებს – ირაკლი ოქრუაშვილს და გიგი უგულავას პრეზიდენტი იწყალებს იმ მიზნით, რომ მსოფლიოს წინაშე „დემოკრატიის მაღალი ხარისხი“ წარმოაჩინოს… იმავდროულად, არ ამჩნევს 25 წლის განმავლობაში უსაფუძვლოდ დევნილ ადამიანს. ასეთი გარემოებები იმაზე მიუთითებს, რომ უდანაშაულო იგორ გიორგაძის პოლიტიკური ნიშნით დევნა ნებსით თუ უნებლიედ, დღემდე გრძელდება!

ესაუბრა ზაზა დავითაია