სერგეი ლავროვი: რუსეთს არასდროს უწოდებია თურქეთისთვის სტრატეგიული პარტნიორი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვისა და ანკარის პოზიციები მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.

 

სერგეი ლავროვი: რუსეთს არასდროს უწოდებია თურქეთისთვის სტრატეგიული პარტნიორი

 რუსეთის ხელისუფლება არ იზიარებს თურქეთის პოზიციას მთიან ყარაბაღში კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის შესაძლებლობაზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს არასდროს უწოდებია თურქეთისთვის სტრატეგიული პარტნიორი.

ამასთან ლავროვმა აღნიშნა, რომ თურქეთის მოქმედებები ყარაბაღის საკითხში უნდა იყოს გამჭვირვალე, როგორც ეს სირიაში მოხდა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

“სპუტნიკ-ჯორჯია”