„ფულიზმი“ იდეალიზმისა და პატრიოტიზმის წინააღმდეგ – ვინ იჩემებდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას

ქართულ-რუსულ ურთიერთობებს ისედაც ბევრი მტერი ჰყავს – ლიბერალ-ფაშისტები, ვითომ-ეროვნულები, ამერიკის, თურქეთის თუ კიდევ სხვა ქვეყნების ღია და შენიღბული აგენტები… ვითომ ესენი არ ეყოფოდნენ ისედაც გაფუჭებულ საქმეს, რომ მათ „მზრუნველებიც“ არ დამატებოდნენ – პოლიტიკოსების ის კატეგორია, რომელთაც გაჯერებულ პოლიტიკურ ბაზარზე ასათვისებელი ნიშა რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების დალაგებაში დაინახეს.

„ფულიზმი“ იდეალიზმისა და პატრიოტიზმის წინააღმდეგ - ვინ იჩემებდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას

რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვისაც ამ საქმის დღემდე გულწრფელად სჯერა და ემსახურება კიდეც, ვინც ბევრ რამეზე თქვა უარი და მზად არის, საქართველოს ჭეშმარიტი სახელმწიფო ინტერესები, რაც რუსეთის გარეშე შეუძლებელია, ბოლომდე დაიცვას. რომელი პოლიტიკოსი გვეგულება ასეთად, ამაზე ბოლოს ვიტყვით, მანამდე კი გადავხედოთ იმ სპექტრს, რომელმაც ერთი პერიოდი რუსეთზე აიღო ორიენტაცია მხოლოდ დიდი ფულის გაკეთების მოლოდინში, ხოლო როდესაც ასეთი მოლოდინი არ გამართლდა, რადიკალურად შეცვალეს თავიანთი დამოკიდებულება რუსეთისადმი და, კერძოდ, ქართულ-რუსული ურთიერთობებისადმი.

ერთი ასეთი ნათელი მაგალითია, ნათელაშვილი შალიკო. ამ ვაჟბატონმა თავის დროზე არც რუსეთში მცხოვრებ „შავ“ ქართველებთან იუარა ურთიერთობების დამყარება, რათა მათი ინტერესების ლობირება გაეწია ქართულ პარლამენტში. შევარდნაძის პირობებში დაფრთიანებულმა „ნათელამ“ მალევე გამოავლინა თავისი უზომო პოლიტიკური ამბიციები, თუმცა თავადვე მიხვდა, რომ უვარგისი პოლიტიკოსია და 2002 წელს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობა უბრძოლველად დაუთმო მიხეილ სააკაშვილს, თუმცა უმრავლესობა  დედაქალაქის სათათბირო ორგანოში მის „ლეიბორისტებს“ ჰქონდათ. ნათელაშვილმა ამბიციებს სძლია და სიბრძნე გამოიჩინა – სჯობს დღევანდელი ქათამი (ანუ ფული) ავიღო, ვიდრე ხვალინდელ ფასკუნჯს (ანუ ერის მამობას) დაველოდოო – ფიქრობდა იურისტი შალვა, რომელსაც განათლება მოსკოვში აქვს მიღებული (რუსული ენის საშინელი დონის მიუხედავად). ნათელაშვილი იმჟამად რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე საუბრობდა და, კაცმა სიმართლე რომ თქვას, საქართველოს ნეიტრალიტეტის ძალიან ჯანსაღი იდეა პირველად სწორედ მან გააჟღერა. მაგრამ, შემდგომ წლებში, მას შემდეგ, რაც რუსები დარწმუნდნენ, რომ „ნათელა“ სიტყვის კაცი არაა და არც სააკაშვილთან ბრძოლას აპირებს რეალურად, მათ შეწყვიტეს მასთან ყველანაირი ურთიერთობა და, გაბოროტებულმა მთავარმა „ლეიბორისტმა“, შესაბამისად, რადიკალურ ანტირუსულ რიტორიკას მიმართა. დღეს ეს სიაფანდი მთხლე ამერიკას მოუწოდებს, რუსეთის საწინააღმდეგოდ ბირთვული შეიარაღება განათავსოს საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ჩვენი საზოგადოების ყველაზე უფრო რეგვენ და არაადაკვატურ ნაწილზე არის გათვლილი. ნათელაშვილი ხანდახან კლინიკური გიჟის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ არც ისეთი შეშლილია, ეს გარეგნული შეშლილობა მას გაბოროტებისა და ღვარძლისგან მოსდის, რომ დიდი ფულის პატრონმა, კიდევ უფრო მეტი ფული ვერ იშოვა რუსეთის საშუალებით.

უფრო ნაკლები მასშტაბის და სიგიჟეების არის წყალში ჩაუძირავი და მარად „მოტივტივე“ კახა კუკავა, რომელიც, თავის დროზე, ვლადიმირ ჟირინოვსკისაც კი შეხვდა მოსკოვში, იმდენად იყო გატაცებული რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების „დალაგების“ მიზნებით. ამ მიზნებში მას დიდი ფულის შოვნა ეიმედებოდა. კუკავას ნათელაშვილზე ნაკლებად როდი გაუმართლა – მას შემდეგ, რაც რუსეთში ვოიაჟები გაახშირა, ფული დაეტყო მის ყოფით პირობებს. კუკავამ რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენის, ალექსანდრე ებრალიძისგან დიდძალი დაფინანსება მიიღო. ეს დაფინანსება აისახა კიდეც კუკავას სამკაციანი პარტიის, „თავისუფალი საქართველოს“ 2012 წლის არჩევნების ხარჯებში. ამ არჩევნებზე კუკავა საქართველოს ნატოში გაწევრიანების კურსის წინააღმდეგ გამოდიოდა.

კუკავას ის მაინც უნდა „დავუფასოთ“, რომ რუსეთიდან დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ, ნათელაშვილივით არ ილანძღება რუსეთის მიმართ, თუმცა არსობრივად ნაკლებ უპრინციპობას არ ამჟღავნებს – თავის დროზე შევარდნაძის სამთავრობო დაცვის სამსახურიდან სააკაშვილის გარემოცვაში გადამხტარი, შემდგომში მარადიულ უწყინარ ოპოზიციონერად ჩამოყალიბებული კუკავას წინასაარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ:

„იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი გაურკვეველი ვადით არის შეფერხებული, დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს პირდაპირი სამხედრო დახმარება“.

თუმცა კუკავას და ნათელაშვილის ურპინციპობა ერთად ფერმკრთალდება ქ-ნი ნინო ბურჯანაძის უსირცხვილო მეტამორფოზებთან. მოგეხსენებათ, ეს ქალბატონი მიხეილ სააკაშვილის უმთავრესი დასაყრდენი იყო როგორც „ვარდების რევოლუციის“, ისე 2008 წლის იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ბურჯანაძის გარეშე „მიშა“ ვერ მოახდენდა თავისი პრეზიდენტობის ლეგიტიმაციას: პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე იყო ის ფიგურა, რომელმაც 2003 წელს, შევარდნაძის დამხობის შემდეგ, შეკრიბა 1999 წლის მოწვევის პარლამენტი და იმ შემადგენლობით ბათილად სცნო 2 ნოემბრის არჩევნები, ასევე დანიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2004 წლის 4 იანვარს უკონკურენტოდ ქცეული სააკაშვილის გამარჯვებით დასრულდა. 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, როდესაც სააკაშვილი იძულებით გადადგა პრეზიდენტობიდან და ნინო ბურჯანაძე ხელმეორედ გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, სააკაშვილს ნინო ბურჯანაძის იმედად ეძინა შედარებით მშვიდად – „მიშამ“ იცოდა, რომ ბურჯანაძე, პოლიტიკური დივიდენდის მოპოვების მოლოდინში, მას არ უგანებს. მართლაც ასე მოხდა – ბურჯანაძემ უზრუნველჰყო თავხედურად გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია, რომელიც 2008 წლის 5 იანვარს შედგა.

ბურჯანაძე მხოლოდ მაშინ წავიდა სააკაშვილის ოპოზიციაში, როდესაც მან მიიჩნია, რომ სააკაშვილი მას უმადურად მოექცა – „ნაციონალების“ საპარლამენტო სია არ გატენა ბურჯანაძის მეუღლის, ბადრი ბიწაძის მეგობრებითა და ნათესავებით. შეიძლება ითქვას, რომ ბურჯანაძე „პრორუსული“ სააკაშვილის ჯიბრით გახდა, 2008 წლის აგვისტოს ომის გასვლიდან რამდენიმე თვეში. მაშინ ქ-ნი ნინო უკვე აღარ იკავებდა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს, მანამდე კი, სანამ მას ეს თანამდებობა ეკავა, საერთაშორისო ფორუმებზე აქტიურ ოპონირებას უწევდა რუსეთს და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დაჩქარებას მოითხოვდა დასავლეთისაგან. ბურჯანაძის ოპონირება რუსული დეპუტაციისადმი სტრასბურგში საყოველთაოდ ცნობილია. რუსების დელაგაციას გოსდუმის თავმჯდომარის მოადგილე ლიუბოვ სლისკა ხელმძღვანელობდა. სლისკა ძალიან გაღიზიანებული ჩანდა ბურჯანაძის ვერბალური შეტევებით.

და აი, სწორედ ამ სლისკასთან ბურჯანაძემ ახალი კავშირები დაამყარა, მას ბრილიანტის ბეჭედიც კი აჩუქა (რომელიც შემდგომ სლისკას, სხვა სიმდიდრეებთან ერთად მოპარეს, მისი მოსკოვური აპარტამენტების გატეხვის შემდეგ). ნინო ბურჯანაძემ (ნათელაშვილივით ასევე მოსკოვში განათლებამიღებულმა) თავისი და თავისი ოჯახის პირადი კავშირები აამოქმედა რუსეთში და ამ გზით ბევრს მიაღწია – სულ მალე მან ექსპრემიერი ნოღაიდელი „ჩააჩოჩა“ და რუსეთის ხელისუფლებასთან მომლაპარაკებლის სტატუსი მოიპოვა არაფორმალურად.

რუსეთის პრემიერმინისტრ ვლადიმირ პუტინთან (იმჟამად პრეზიდენტის პოსტს მედვედევი იკავებდა) ნინო ბურჯანაძის შეხვედრა უდიდესი პატივი იყო ამ უკანასკნელისთვის. ბურჯანაძეს იმ დროს მხოლოდ „ყოფილის“ სტატუსი ჰქონდა – ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, ყოფილი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი… ბურჯანაძეს ჯერ ოპოზიციური პარტიის შექმნაც არ ჰქონდა დასრულებული, ჯერ კიდევ მაშინ მიიღო პუტინმა, რადგან მოსკოვში მიიჩნიეს, რომ საქართველოს გამოადგება ბურჯანაძისნაირი განათლებული, დახვეწილი მანერების ლიდერი. ბურჯანაძესთან კონტაქტების დამყარებით, რუსეთის ხელისუფლებამ მას ნულამდე დასული რეიტინგი საოცრად აუმაღლა საქართველოს შიგნით – სააკაშვილის რეჟიმის მოძულე საზოგადოების დიდ ნაწილში გაჩნდა იმედი, რომ ბურჯანაძე არის ის სოლიდური პოლიტიკოსი, ის ლიდერი, რომელიც რუსეთთანაც მოაგვარებს ურთიერთობებს, დასავლეთთანაც შეუძლია საუბარი და თან „მიშასაც“ გამოუთხრის ძირს.

რატომ ვერ შეძლო ბურჯანაძემ საზოგადოების ამ ნაწილის იმედების გამართლება, ვრცელი ანალიზის საგანია. მაგრამ უტყუარი ფაქტია, რომ თავად ყოფილმა პარლამენტის სპიკერმა ვერ გამოიყენა ის დიდი საჩუქარი, რაც მას რუსეთის ხელისუფლებამ გაუკეთა. დაფინანსებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ,  რომელიც ბურჯანაძის ახლადშექმნილ ოპოზიციურ პარტიასა თუ სახალხო მოძრაობას მალევე გამოუჩნდა, რუსეთიდან წამოსული „ზურგის ქარი“ მისთვის დიდი პოლიტიკური წარმატების საფუძველი შეიძლება, გამხდარიყო.

ბურჯანაძე ვერ დაიჩივლებს, რომ მას რუსეთში ზურგი აქციეს – მისთვის ყოველთვის ღია იყო ნებისმიერი რუსული მასმედიის კარი, მას იწვევდნენ ყველაზე უფრო რეიტინგულ სატელევიზიო გადაცემებში, საინფორმაციო სააგენტოებში, გაზეთებში… ყოველთვის დიდი პატივით მოიხსენიებდნენ მას რუსეთის ისტებლიშმენტის წარმომადგენლები. და რა ხდება დღეს? სად დგას ნინო ბურჯანაძე? – იგი დგას ქართულ-რუსული მეგობრობის მტრების გვერდზე, მათ გვერდით, ვინც მოახდინა 2008 წლის ომის პროვოცირება, მათთან, ვინც მისი მომხრეები დაარბია უსასტიკესი ფორმით, 2011 წლის 26 მაისს…

ამ შაბათს ბურჯანაძე უნდა შეერთებოდა ე. წ. „ევროპული საქართველოს“ აქციას თბილისში, რომელიც ამ ბოროტების შემოქმედმა პარტიამ, ბოკერია-ხოშტარიას ხროვამ, მომხრეების არყოლის გამო ჩაშალა და ეს ჩაშლა „კორონავირუსს“ დააბრალა… სამარცხვინოა ეს, როდესაც ყველაფერი გამჭვირვალეა, ყველაფერი კარგად ჩანს და ქალბატონ ნინოს ჰგონია, რომ მხოლოდ იგი ხედავს ყველაფერს და ხალხი ბრიყვია… არა, ქალბატონო, არ არის ასე. თქვენ მოგიწევთ, დასჯერდეთ თქვენს 1-პროცენტიან რეიტინგს, რომლითაც პარლამენტში, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ თქვენ შეხვალთ თქვენი პარტიიდან და აღმოჩნდებით კარიკატურულ მდგომარეობაში – მარტო-კაკალა პარლამენტში, რიგით წევრად, მაშინ, როდესაც ქვეყანას „აზანზარებდით“ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში!

რაც მთავარია, თქვენ დაკარგეთ იმ დიდებული ქართველების, მეტწილად უფროსი ასაკის ქალბატონებისა და ბატონების პატივისცემა, რომლებიც თქვენი ერთგული ამომრჩევლები იყვნენ ბოლო 10 წლის მანძილზე, რომლებსაც სჯეროდათ, რომ თქვენ მართლა შეიძულეთ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი, თქვენ მართლა გადადგით რუსეთთან შერიგების თამამი ნაბიჯები!

დაბოლოს, პირდაპირ უნდა ითქვას სათქმელი, რითაც თავიდან დავიწყე – ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებას ანუ საქართველოს გადარჩენას (დიახ, აქ ტოლობის ნიშანია!) ალტერნატივა არ გააჩნია. სამწუხაროა, რომ ამის საშუალებას არ აძლევენ კაცს, რომელმაც თავისი პრინციპულობა და საქმისადმი ერთგულება თავისი ცხოვრებით და სიმართლით დაამტკიცა. სამწუხაროა, მაგრამ იმედი არ გამქრალა. ამ კაცს იგორ გიორგაძე ჰქვია!

 

გრიგოლ რაზმაძე