გიგი უგულავა – ხალხს უკეთესი მიშა უნდოდა, მაგრამ უკეთესი მიშა არ არსებობს! …

პარტია “ნაციონალური მოძრაობა” ივანიშვილს არ დაუშლია არცერთ ეტაპზე – პარტია დაშალა მიხეილ სააკაშვილმა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტ-ქალაქში” განაცხადა.

გიგი უგულავა - ხალხს უკეთესი მიშა უნდოდა, მაგრამ უკეთესი მიშა არ არსებობს! ...

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ხალხს ახალი მიშა ვერ შესთავაზა და სთავაზობს ისევ ძველს, ოღონდ უფრო გაბოროტებულს.

“ნაციონალური მოძრაობა” ივანიშვილის გამო არ გაყოფილა. ეს ჩემი პარტია აღარ არის, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ამ 7 წლის მანძილზე ახალი ფუნქციით, ახალი ხედვით, ახალი იდეებით ახალი მიშა ვერ შესთავაზა საკუთარ ხალხს და სთავაზობს ისევ ძველს, ოღონდ უფრო გაბოროტებულს. ხალხს უკეთესი მიშა უნდოდა, მაგრამ უკეთესი მიშა არ არსებობს, თორემ უკეთესი მიშა, რომ შეეთავაზებინა ხალხისთვის, განახლებული ხედვით, იდეებით, დაბრძენებული, ბევრად უფრო წინ წასული, მათ შორის, საკუთარი მოღვაწეობის რეფლექსიით, მე დარწმუნებული ვარ, რომ მას დიდი პერსპექტივა ექნებოდა ამ ქვეყანაში, მაგრამ მან შესთავაზა წარსული და წარსულის დაბრუნება ხალხს აღარ უნდა”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, უგულავამ აღნიშნა, რომ ერთადერთი სწორი ხედვის და გამოცდილების მქონე პარტია არის “ევროპული საქართველო”, რომელსაც აქვს წარსულის რეფლექსიაც და მომავლის ხედვაც.

გიგი უგულავას თქმით, ისინი ისეთ თამაშის წესებს შეიმუშავებენ, რომლის მიღებაც მიხეილ სააკაშვილს მოუწევს.

” “ნაციონალური მოძრაობა” ბევრი მეგობარი მყავს და ბევრს ვთვლი, რომ პატრიოტი ხალხია. არა ისინი, ვინც ახლა, სიაში წამოიჭიმნენ წინ, არამედ ისინი, ვინც ცოტა უკან არიან… მიშას პერსონალურ საკითხს არავინ გადააყოლებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დარჩეს. მიშასაც მოუწევს თამაშის წესების მიღება. ეს მას არ ესიამოვნება, მაგრამ ხომ იცით, მწარე აბის მიღება არ გსიამოვნებს, მაგრამ აუცილებელია. საერთოდ, უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მომავალი არ იქნება მიშას და ივანიშვილის გარეშე, არც ერთი აპირებს გადაშენებას, არც მეორე გადაშენებას. ერთს ხუთი მილიარდი აქვს და მეორეს – უდიდესი პოლიტიკური კაპიტალი იმ გაგებით, რომ მას ცნობადობა აქვს ცოცხალ ქართველებს შორის.

მე იმედი მაქვს, რომ იმ თამაშის წესებით, რომელსაც დავამკვიდრებთ, მოუწევს ცხოვრება იმ ორივე მეგატრონს, რომელსაც დღეს ქვეყანაზე დიდად მიაჩნია თავი. ხალხის კომპასით, რომელიც მკაფიოდ ამბობს, რომ აღარ უნდა მეგატრონები და ადამიანები, რომელთაც ქვეყანაზე დიდად მიაჩნიათ თავი, რომლებმაც ქვეყანა საკუთარი შეურისძიების პოლიგონად აქციეს, ქვეყანა ამ ვითარებაში წავიდა უკან, გაღარიბდა და ორი დიდის ჩხუბში ბავშვი დარჩა მშიერი – ეს აღარ უნდა ხალხს.

ნაცები რომ გაბრაზდებიან, “ევროქოცებს” გვეძახიან, ქოცები რომ გაბრაზდებიან “ევრონაცებს” გვეძახიან. საბოლოო ჯამში ყველა საუკეთესო უნდა მოქაჩო, თამაშის წესები შეიმუშავო ისეთი, სადაც ამ თამაშის წესებს დაემორჩილება, მათ შორის ის ხალხი, ვისაც ღმერთი ჰგონია თავი”, – განაცხადა უგულავამ.

წყარო: interpressnews.ge