ყარაბაღის ომის წახალისების გამო თურქეთს პრობლემები ექმნება

აზერბაიჯანი უკვე მესამედ არღვევს ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ ამჯერად აშშ-ში მიღწეულ შეთანხმებას და ცდილობს, მოიპოვოს გადამწყვეტი სამხედრო უპირატესობა. თუმცა ეს ამოცანა, თურქეთის დახმარების მიუხედავად, რთული განსახორციელებელია.

ყარაბაღის ომის წახალისების გამო თურქეთს პრობლემები ექმნება

ფოტოკოლაჟი: globalresearch.ca

 

აქამდე აზერბაიჯანულმა არმიამ სომხებით დასახლებული ვერც ერთი მსხვილი დაბა ან, მით უმეტეს, ქალაქი, ვერ აიღო. მდინარე არაქსის ხეობის გაყოლებით, ძირითადად, დაბლობ ლანდშაფტზე შედარებით იოლად შესული აზერბაიჯანელი სამხედროები ისეთივე სილაღით ვეღარ მიიწევენ წინ, მთებისაკენ – ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს კიდეც მთიან ყარაბაღს.

აზერბაიჯანული ჯარის ძლიერ მხარეებს, სომხური ჯარის წინაშე, მის მრავალრიცხოვნობასთან ერთად, წარმოადგენს თურქული უპილოტო საფრენი აპარატების – ე. წ. დრონების ფლობა, რომელთა ჩამოსაგდები შეიარაღება სომხებს არ გააჩნიათ. აზერბაიჯანს აქვს როგორც სადაზვერვო, ისე დამრტყმელი დრონები – ძირითადად, თურქული წარმოების. ავსტრიული გაზეთი Der Standard იუწყება, რომ ამ ქვეყნის ტრადიციულმა “ჰაი-ტექ” კომპანია Rotax-მა  შეაჩერა ძრავების გაგზავნა უცხოეთში, კერძოდ, იტალიაში, რადგან აღმოჩნდა, რომ იტალიიდან ძრავები თურქეთში იგზავნებოდა, ხოლო თურქები ამ ძრავებს თავიანთი სამხედრო დრონებისთვის იყენებენ. კერძოდ, თურქული კომპანია Baykar, რომელიც აწარმოებს “Bayraktar”-ის (ქართულად – “ბაირახტარი” ანუ “მედროშე”) ტიპის დრონებს, იტალიიდან ეზიდებოდა Rotax-ის ძრავებს. თავისთავად ავსტრიული ძრავი არ არის სამხედრო დანიშნულების, ამ ძრავებით ცნობილი კანადური ბიზნეს-თვითმფრინავების მწარმოებელი “ბომბარდიე”-ც მარაგდება. მაგრამ ავსტრიული ძრავი, როგორც ვნახეთ, სამხედრო ტექნიკასაც კარგად ერგება და მისი მწარმოებელი კომპანია, სანამ ეს საქმე იმავე ავსტრიულმა გაზეთმა არ გაახმოვანა, არ ადევნებდა თვალს, თუ საით მიდიოდა მისი ნაწარმი იტალიიდან.

ავსტრიის კანონმდებლობა კრძალავს ნებისმიერი ნაწარმის ექსპორტს, რომელიც შესაძლოა, გადაკეთებულ და გამოყენებულ იქნას სამხედრო მიზნებისათვის და ადამიანის უფლებების დასარღვევად. შესაბამისად, თურქეთის დრონების მწარმოებელს სერიოზული მოწოდების არხი შეუწყდა.

ამასობაში კი, თურქეთის ეროვნული ვალუტა ლირა, დოლართან მიმართებაში, გაუფასურებას განაგრძობს. ბოლო თვის მანძილზე ლირა 4,2%-ით გაიაფდა და თუ 25 ოქტომბერს 1 დოლარი 7,96 ლირა ღირდა, 26 ოქტომბერს უკვე 8,04 ლირა გახდა. ამრიგად, მიღწეულია თურქული ვალუტის ახალი ისტორიული მინიმუმი ამერიკულ დოლართან მიმართებაში. ლირის დასუსტება მიმდინარეობს მთლიანობაში თურქული ეკონომიკის პრობლემების ფონზე და ძლიერდება ყარაბაღის ომით გამოწვეული გაურკვეველი მომავლის გამო.

თუმცა თურქეთი დიპლომატიური პრობლემის წინაშეც დგას. მიუხედავად რუსეთის შედარებით რბილი რეაქციისა ყარაბაღის ომში თურქულ ჩარევაზე, ოფიციალურმა მოსკოვმა საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის პირით, თურქეთს წითელ ხაზებზე მიუთითა.

26 ოქტომბერს ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მხარს არ უჭერს იდეას, ყარაბაღის პრობლემა გადაწყვეტილ იქნას სამხედრო ძალით. არადა, თურქეთის ლიდერი ერდოღანი და, მისი წამხედურობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი, სწორედ სამხედრო გზას აცხადებენ პრიორიტეტულად, თუკი სომხური მხარე ფაქტობრივად კაპიტულაციას არ დათანხმდება. ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთისა და თურქეთის მიდგომები, სადავო რეგიონულ საკითხებთან მიმართებით, ერთმანეთისაგან სერიოზულად განსხვავდება:

“მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, რუსეთისა და თურქეთის ჩართულობას საკუთარი ნიუანსები აქვს. არ დავმალავთ, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ამ პრობლემის სამხედრო გადაჭრის შესაძლებლობასა და მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ მას. ჩვენ ორივე ხალხს, სომხებსაც და აზერბაიჯანელებსაც, მეგობრულ, ძმურ ხალხებად მივიჩნევთ, ჩვენ ვერ დავეთანხმებით ასეთ [ძალისმიერ] მისწრაფებებს” – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანვე შეახსენა ყველას, რომ არსებობს მინსკის ეუთოს ჯგუფის ფორმატი – რუსეთის, აშშ-ის და საფრანგეთის სამეული და ამ სამეულმა მხარი დაუჭირა კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მოგვარებას. ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ თანათავმჯდომარეების ეს სამეული წარმოადგენს საშუამავლო მისიის საყოველთაოდ აღიარებულ ფორმატს.

ერდოღანის გათვლა, რომ რუსეთი დაეთანხმებოდა ფორმატის შეცვლას და ამერიკა-საფრანგეთს თურქეთის სასარგებლოდ “ჩააჩოჩებდა”, არ გამართლდა. რუსეთი კვლავაც გამოხატავს დაინტერესებას, რომ ყარაბაღის კონფლიქტი პოლიტიკური, დიპლომატიური მეთოდებით გადაწყდეს.

 

გულბაათ რცხილაძე