გელათს თუნუქის ფილებით დროებით ვხურავთ, მომავალში ის კრამიტით შეიცვლება – კულტურული მემკვიდრეობა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათის თუნუქის ქილებით გადახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს გადახურვა დროებითია და მომავალში ის სრულად ჩანაცვლდება თიხის დაწნეხვის მეთოდით დამზადებული კრამიტით.

გელათს თუნუქის ფილებით დროებით ვხურავთ, მომავალში ის კრამიტით შეიცვლება - კულტურული მემკვიდრეობა

სააგენტოს განცხადებით, ტაძრის დროებით გადახურვის პროექტი საპროექტო ჯგუფმა “საქართველოს მემკვიდრეობამ” მოამზადა და მასზე სამშენებლო ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციის წევრების განხილვისა და მხარდაჭერის საფუძველზე გაიცა.

მათივე თქმით, პროექტი სამონასტრო კომპლექსის წინაშე არსებული კლიმატური და დროული საკონსერვაციო ჩარევის გამოწვევებს სრულად პასუხობს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ზამთრის სეზონზე ტაძარში წყლის ჩადინების დაცვას.

– “კედლის მხატვრობის დაცვისა და ტაძარში წყლის ჩადინების არიდების მიზნით, გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დროებითი გადახურვა შენარჩუნდება იქამდე სანამ კრამიტის სახურავი ახალი, თიხის დაწნეხვის მეთოდით დამზადებული კრამიტით სრულად არ ჩანაცვლდება. კრამიტის ხარისხი ლაბორატორიული შემოწმების წესითა და საექსპერტო დასკვნებით იქნება დამოწმებული” – წერია განცხადებაში.

გელათანის მონასტრის თუნუქის ფილებით დახურვას რამდენიმე დღის წინ კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციაში. “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის, გიგა შუშანიას, თქმით, თუნუქის ფირფიტებით ტაძრის გადახურვა მონასტერში ტენიანობის ზრდასა და, შესაბამისად, ფრესკების დაზიანებას შეუწყობს ხელს.

ცნობისთვის, გელათის მონასტერში უკვე 7 წელია რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მე-12 საუკუნის ტაძარის ერთ ნაწილში სახურავიდან წყალი ჩადის და უნიკალურ ფრესკებს თანდათან ანადგურებს.

წყარო: mtavari.tv