მავანს ანტირუსული ისტერია უკვე პარანოიდალურ-შიზოიდურ სინდრომში გადაეზარდა

წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას გულუხვად ამარაგებენ ამერიკაში მოფიქრებული და დაგეგმილი ანტირუსული პროპაგანდის ნაირნაირი ნიმუშებით.

 

მავანს ანტირუსული ისტერია უკვე პარანოიდალურ-შიზოიდურ სინდრომში გადაეზარდა

ამ დიდ „მამულიშვილურ“ საქმეში, თითქმის სრული შემადგენლობით, ჩართულნი არიან საქართველოს გამყიდველი პოლიტიკოსები, არასამთავრობოები, ჟურნალისტები, სხვადასხვა ჯურის „ექსპერტები“, ასევე გაურკვეველი წარმომავლობის, უსახელო-უგვარო ფეისბუქ-აქტივისტები და ასე შემდეგ, მოკლედ ყველანი, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით აწყობს ამ თემის ტირაჟირება და რუსეთის გლობალურ მონსტრად წარმოსახვა, რომელიც მათი აზრით ერთპიროვნულადაა დამნაშავე ყველა გლობალურ კონფლიქტსა თუ კატაკლიზმში, რაც დედამიწას დაატყდა თავს, განსაკუთრებით კი საქართველოს ყველა უბედურებაში.

ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთის, (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის), „თავზე“ რაიმე სახის ნათება ისტორიის მანძილზე არასდროს შეუნიშნავთ და მეც არ ვთვლი ამ ქვეყანას, (ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას) „გლობალურ მშვიდობის მტრედად“ , მაგრამ რაც საქართველოში ამდენი წლის მანძილზე ხდება, უკვე ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა: მავანს ანტირუსული ისტერია უკვე პარანოიდალურ-შიზოიდურ სინდრომში გადაეზარდა. ყველაზე ცუდი კი არის ის, რომ ასეთი „ჩახვევა“ თუ „გაჭედვა“, რაც გინდათ უწოდეთ, ამით არსი არ იცვლება, ავნებს პირველ რიგში სწორედ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, რადგან მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭება არანაირად არ შედის ჩვენს ინტერესებში, სამაგირეოდ ეს ყველაფერი წამქეზებელი ქვეყნის- აშშ-ის გლობალურ ინტერესებს ემსახურება, რომელიც უკვე რამდენი წელია, რაც რუსეთის ირგვლივ „რკალს კრავს“, ამას ეწირება მარიონეტი ქვეყნების ინტერესები და ტერიტორიული მთლიანობა. უკრაინაში მომხდარი მოვლენებიც სწორედ ამ რაკურსში უნდა განვიხილოთ…..მოკლედ, პარანოიაა გაქანებული….

პარანოიასთან დაკავშირებით მცირე ისტორიული ექსკურსი მინდა შემოგთავაზოთ: 60 წლის წინ, აშშ-ის პირველი თავდაცვის მინისტრი და სამხედრო-საზღვაო ფლოტის მინისტრი ჯეიმს ვინსენტ ფორესტოლი მეთექსვსმეტე სართულიდან გადმომხტარა შეძახილებით: „რუსები მოდიან….“

პრეზიდენტმა ტრუმენმა, 1949 წლის 28 მარტს, ჯეიმს ფორესტოლი ფსიქიკური პრობლემების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა, ის დააწვინეს საავადმყოფოში სამკურნალოდ და დაუდგინეს დიაგნოზი: ნერვული და ფსიქიკური აშლილობა, დეპრესია. ყველაზე უცნაური ამ ისტორიაში კი ისაა, რომ მთელი ავადმყოფობის განმავლობაში ფორესტოლი გამუდმებით იმეორებდა: „რუსები მოდიან, რუსები მოდიან…ისინი ყველგან არიან….მე დავინახე რუსი ჯარისკაცები…“

იყო კიდევ ერთი შემთხვევა, რომელსაც ასევე იხსენებენ- ფორესტოლმა ვაშინგტონის ქუჩაზე წითელი სახანძრო მანქანა შენიშნა და წამოიყვირა ხმამაღლა: „რუსები მოდიან“….

ცხოვრების ბოლო წლებში, ფორესტოლს თავთან მიმართებაში სერიოზული პრობლემები ჰქონდა. თვითმხილველები, რომლებმაც ფორესტოლი პენტაგონის დერეფანში, არაადეკვატურ მდგომარეობაში შენიშნეს, ყვებიან: „ …ის გარბოდა და ყვიროდა: ჩვენ დაგვიპყრეს…“ ფორესტოლი ყოველთვის ეჭვობდა რომ მას უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ, ყველაფერში რუსების, კომუნისტების და ებრაელთა შეთქმულებას ხედავდა.

მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ ფორესტოლი მომჯობინდა, დაიბრუნა დაკარგული წონა- 12 ფუნტი, მაგრამ 1949 წლის 22 მაისს ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა, თვითმკვლელობის მიზეზები მაშინ განმარტებული არ ყოფილა. თვითმკვლელობის შემდეგ, პალატაში მაგიდაზე ნახეს ფორესტოლის ბოლო წერილი- ფრაზა სოფოკლეს ძველბერძნული ტრაგედიიდან: “რა აზრი აქვს დღეთა გადაგორებას, ეს ხომ სიცოცხლის დასასრულის დროებით გადაწევაა და სხვა არაფერი“.”

რომელ ქვეყანას ეამაყება იმის აღიარება, რომ ერთ-ერთ უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობას იკავებდა პირი, რომელსაც ფსიქიკური გადახრები ჰქონდა. ალბათ ამიტომაც ფორესტოლის თვითმკვლელობის ინფორმაცია დიდი ხნის მანძილზე ბურუსით იყო მოცული.

მისი სიკვდილის შემდეგ დასავლეთში დამკვიდრდა ახალი მცნება: „ფორესტოლის სინდრომი“, რაც გულისმობს იმას, რომ ადამიანი კრიზისულ, ექსტრემალურ სიტუაციაში იწყებს საკუთარი თავის დაშინებას- აშინებს, აშინებს, აშინებს…..მანამ, სანამ „ბუა“ თუ „ბაბაიკა“ მართლაც არ ეახლებიან. (არადა, ასეთი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, ისინი აუცილებლად მოდიან ხოლმე…მოკლედ, ასეა, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ (თუ სხვა სახის) „გაჭედვას“ ადამიანის ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელი ზიანი მოაქვს! ნუ გაჭედავთ! კეთილი სურვილებით,

                                                                                 კონსტანტინე ჩიკვილაძე