სკოლების სახურავებზე მზის პანელებს დაამონტაჟებენ

პროექტი ბათუმში მოიცავს 13 სკოლას, ასევე სხვა რეგიონებში რამდენიმე სკოლას, იგეგმება სისტემის თბილისშიც დანერგვა.

სკოლების სახურავებზე მზის პანელებს დაამონტაჟებენ

საქართველოს 20 სკოლის სახურავზე მზის პანელებს დაამონტაჟებენ, რაც სასწავლო დაწესებულებებს ელექტროენერგიის ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

თურნავამ ბათუმში მზის ელექტროსადგურით აღჭურვილი ერთ–ერთი საჯარო სკოლა მოინახულა. ელექტროსისტემების დადგენილი სიმძლავრე 333 კვტ-ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება კი ნახევარ მილიონ ევროს აღემატება.

„ერთი მხრივ, ეს  სკოლებს ელექტროენერგიის საფასურს დააზოგინებს და მეორე მხრივ, ჭარბი ენერგიის გამომუშავების შემთხვევაში, სკოლას შესაძლებლობას მისცემს ელექტროენერგია სისტემას მიაწოდოს და დამატებითი შემოსავალი მიიღოს… მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარება ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია. ეს პრიორიტეტი გულისხმობს ისეთი პროექტების განვითარებასაც, რომელიც ახალი განახლებადი ენერგიის წყაროებს, ამ შემთხვევაში მზის ენერგიას ამუშავებს ჩვენი განათლების სისტემის სასარგებლოდ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

პროექტი ხორციელდება ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით. პროექტი მარტო ბათუმში მოიცავს 13 სკოლას, ასევე სხვა რეგიონებში რამდენიმე სკოლას. ამასთან, იგეგმება სისტემის თბილისშიც დანერგვა.

სპეციალისტების ვარაუდით, ათი წლის შემდეგ საქართველო შეიძლება სერიოზული  ენერგოდეფიციტის წინაშე დადგეს. პროგნოზების თანახმად, ქვეყანაში 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება  22 მლრდ კილოვატ–საათს მიაღწევს, მაშინ როდესაც დღეს 13 მლრდ–ის დონეზეა.

მეზობელი ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების მიზნით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები, ასევე ენერგიის ალტერნატიული წყაროები.

“სპუტნიკი”