არჩევნების მეორე ტური – რამდენიმე უბანი არ გაიხსნა

მეტეოროლოგიური პირობების გამო რამდენიმე მაღალმთიან რაიონში მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობას ვერ ღებულობს.

არჩევნების მეორე ტური - რამდენიმე უბანი არ გაიხსნა

მცხეთა–მთიანეთის რეგიონში უამინდობის გამო რამდენიმე საარჩევნო უბანი დროულად  ვერ გაიხსნა, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს–სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე.

კერძოდ, საარჩევნო უბნები არ გაიხსნა გუდაურსა და შატილში, ხოლო ხადას ხეობაში კი დაგვიანებით გაიხსნა.

 „ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე იხსნება. ერთეული უბნების გახსნა ვერ მოხერხდა უამინდობის გამო. ხადას ხეობაში საარჩევნო უბანი შედარებით გვიან გაიხსნა, რაც შეეხება შატილს, აქ ვერ იხსნება უბანი, ვინაიდან ვერტმფრენი უამინდობის გამო ვერ გადაიყვანს კომისიის წევრებს ადგილზე. ასევე გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურზეც, იგივე მიზეზის გამო ვერ იხსნება სპეციალურად შექმნილი უბანი, სადაც 19 ამომრჩეველია.  ასევე ვერ იხსნება ერთ–ერთი უბანი,  სადაც 205 ამომრჩეველია. ეს ბოლო ორი უბანი შესაძლებელია მოგვიანებით გაიხსნას“, – განაცხადა ცესკოს პრეს–სპიკერმა.

21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. ამჯერად ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთებს, რომელთაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ.

ოპოზიცია არ აღიარებს საპარლამენტო არჩვენების პირველი ტურის შედეგებს და არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტს უცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ მონაწილეობენ არჩევნებში, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც რჩებიან.  მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატურის მოხსნა მხოლოდ ხმების დათვლის შემდეგაა შესაძლებელი.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 2140210 ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს 1923 უბანსა და საკარანტინო ზონაში მდებარე 80 სპეცუბანზე გააკეთებს.

მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები
© SPUTNIK / KONSTANTIN IVANOV
მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები

 

“სპუტნიკი”