მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდნენ, არჩევნებში ჩემი დამარცხება სურდათ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები მის წინააღმდეგ მოქმედებდნენ და საპრეზიდენტო არჩევნებში მისი დამარცხება სურდათ.

მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდნენ, არჩევნებში ჩემი დამარცხება სურდათ

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მსხვილმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა ჩემს წინააღმდეგ მილიონობით დოლარის ღირებულების ნეგატიური რეკლამა გაუშვეს. სხვათა შორის, ეს არჩევნები მე მოვიგე. ჩვენ ამას კიდევ გავარკვევთ. თითქმის 74 მილიონი ხმა მივიღე. მსხვილი ფარმაცევტული კომპამიები, მედია და მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდნენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ კომპანია Pfizer-მა არჩევნებამდე ვაქცინის წარმატებული გამოცდის შესახებ ინფორმაცია სპეციალურად არ გაავრცელა.

„მათ ამ ინფორმაციის გავრცელების დაყოვნება გადაწყვიტეს. მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს არ მოსწონთ, რომ წამლებზე ფასების დაწევის პოლიტიკას ვატარებ“, – დასძინა დონალდ ტრამპმა.