რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში თავიანთ პოზიციებზე განლაგდნენ – თავდაცვის მინისტრი

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების პროცესი დაასრულა.

რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში თავიანთ პოზიციებზე განლაგდნენ - თავდაცვის მინისტრი

„რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტინგენტმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე განთავსება დაასრულა და თავისი ფუნქციების შესრულებას შეუდგა“ , – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ მთლიანობაში, 250 ავიარეისი განხორციელდა, რის შედეგადაც რეგიონში 1 960 სამხედრო და სამხედრო ტექნიკის 552 ერთეული გადაისროლეს.

10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.

-“იმედი”-