სინგაპურში ლაბორატორიაში შექმნილი „ქათმის ხორცი“ გაიყიდება

ამერიკულმა კომპანიამ Eat Just სინგაპურში ხელოვნური „ქათმის ხორცის“ გაყიდვის ნებართვა მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.

სინგაპურში ლაბორატორიაში შექმნილი „ქათმის ხორცი“ გაიყიდება

გამოცემის ინფორმაციით, კომპანია ლაბორატორიაში შექმნილ ხორცს ნაგეთსების დასამზადებლად გამოიყენებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის გახდება პროდუქტი ხელმისაწვდომი. Eat Just-ში სინგაპურის გადაწყვეტილებას „საკვების გლობალური ინდუსტრიისთვის გარღვევა“ უწოდეს და იმედი გამოთქვეს, რომ მალე ქვეყნის მაგალითს სხვა სახელმწიფოებიც მიჰყვებიან.

თავის მხრივ, სინგაპურელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კომპანიის პროდუქცია უსაფრთხოების ყველა წესს აკმაყოფილებს.

სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც მომხმარებელს ხორცის მცენარეულ საფუძველზე შექმნილ ალტერნატივას სთავაზობენ, Eat Just-ი ხელოვნურ ხორცს ცხოველების კუნთოვანი მასის უჯრედებისგან „ზრდის“.

Barclays-ის მონაცემებით, მომდევნო ათწლეულში ალტერნატიული ხორცის ბაზრის ღირებულება შესაძლოა 140 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს, რაც ხორცის ინდუსტრიის ღირებულების ($1,4 ტრილიონი) 10%-ს შეადგენს.

 

“იმედინიუსი”