ვიდეო: ” ღვინო აბაზანაში ჩავუსხი: ადე, ვერან, „პახმელიაზე“ უნდა გამოგიყვანო მეთქი! – ლევან თედიაშვილი და ძმები პეტერსონები

სპორტული არენის მიღმა მეგობრობაზე ხშირად გვსმენია გულშემატკივარსაც და ჟურნალისტსაც. უშუალოდ შეჯიბრების დროს ყველაფერს იღებდე მოსაგებად და მერე, ვისთვისაც ამ გამარჯვების წართმევას ლამობ – ემეგობრო, ხშირი არაა, თუმცა ასეც ხდება.

ვიდეო: " ღვინო აბაზანაში ჩავუსხი: ადე, ვერან, „პახმელიაზე“ უნდა გამოგიყვანო მეთქი! – ლევან თედიაშვილი და ძმები პეტერსონები

ლევან თედიაშვილი და ძმები ჯონ და ბენ პეტერსონები, 70–იან წლებში, მსოფლიოში ყველასათვის აღიარებულები იყვნენ თავისუფალ ჭიდაობაში, მაგრამ ქართველმა ფალავანმა ამერიკელი კონკურენტები ძალიან დაჩაგრა სარბიელზე. ამერიკაში მას ,,დიდ ტედი“ შეარქვეს.

დიდი ტედი და ძმები პეტერსონები

თედიაშვილი მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადაზე 82 კგ–ში ასპარეზობდა და ჩემპიონიც გახდა. გზად ოქროს მედლისკენ, მან ამერიკის გუნდიდან ჯონი პეტერსონის ბარიერი გადალახა, ჯონი ვერცხლს დასჯერდა. იქვე მიუნხენში, 90 კგ–ში ჯონის უმცროსი ძმა ბენ პეტერსონი ჭიდაობდა. იმან ჩემპიონობა იზეიმა.

1976 წელს, მონრეალის ოლიმპიადაზე ლევანმა უკვე 90 კგ–ში გადაინაცვლა. ახლა ამ ძმებიდან ბენ პეტერსონთან მოუწია შეხვედრა, მასაც მოუგო ჩვენმა ფალავანმა, ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა და ახლა ბენს მოუწია ვერცხლის მედლით დაკმაყოფილებამ. სამაგიეროდ, თედიაშვილის არყოფნაში ჯონ პეტერსონმა 82 კგ–ში თავი ლაღად იგრძნო და შეძლო სანუკვარი ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

ოლიმპიადა სპორტსმენისთვის კარიერის ყველაზე დიდი სამიზნეა და განა მსოფლიოს ჩემპიონატზე დააკლო თედიაშვილმა პეტერსონებს ხელი? იქაც ხვდებოდა და იქაც უგებდა მათ.

ასე სპორტსმენს და თან ერთს კი არა – ძმებს, კაცი თუ გაამწარებს, გვესმის, თოფით არცერთ შემთხვევაში უნდა გამოეკიდო, მაგრამ რასაკვირველია ძალიან იშვიათია, რომ დაუმეგობრდე.

ლევან თედიაშვილი და პეტერსონები კი დამეგობრდნენ.

კახური ღვინის სმა ამერიკულად

ერთხელაც ჯონი პეტერსონი თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ჩამოვიდა. ლევანმა მას ხელი ჩაავლო და… თუმცა ამ ამბავს მერე მწერალ ნუგზარ შატაიძეს მოჰყვა. მოდით შატაიძის წიგნიდან ამონარიდს გავეცნოთ:

„თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ჩამოსული ამერიკელების გუნდი სასტუმროში დაბინავდა. მინდოდა ჯონისთვის ისეთი პატივი მეცა, რომ მთელი ცხოვრება დამახსოვრებოდა. ამიტომ შეჯიბრების წინა დღეს სასტუმროში გავუარე და კახეთში წავიყვანე.

ჩვენებს ძალიან გაუხარდათ. სანამ დედაჩემი სუფრას გააწყობდა, მამაჩემმა ქიტესამ მარანში შეგვიყვანა, აიღო კედელზე მიყუდებული თოხი, მიადგა ერთი ქვევრის პირს, მიწა გადააცალა და გამოაჩინა ქვის სარქველი. მიაყუდა თოხი ისევ კედელზე, აიღო ახლა სუფთა ჩვარი და სარქველი გულმოდგინედ გადაწმინდა.

პეტერსონი თვალს ინტერესით ადევნებდა, შეკითხვებს არ იძლეოდა, იდგა და ელოდა რა მოხდებოდა ბოლოს. ქიტესა დაწვდა, სარქველი აიტაცა და იქვე მიწაზე გულაღმა მიაწვინა. ჯონს ხელი მოვკიდე და ახლოს მივიყვანე. გადააცალა მამაჩემმა ქვევრის პირს საფენი და გამოჩნდა ღვინის მუქი, ლაპლაპა ზედაპირი. უცებ ის ზედაპირი აშხივლდა, ამოყარა ზემოთ წინწკლები და ამოჩქროლებული ღვინის საამო სურნელიც მოედო მთელ მარანს.

მამაჩემი ჭიქას გადაწვდა, ქვევრში ჩაუშვა, გაავსო და ქარვისფერს სითხეს ღია კარიდან შემოსულ შუქზე გახედა. მერე მიიდო ტუჩზე, ნელა დაგემოვნებით დალია და თვალები კმაყოფილებით გაუბრწყინდა.

დედაჩემმა ხონჩით პური, ყველი, მწნილი და ჭიქები შემოიტანა, მაგრამ არ ვიცი რა მომივიდა, ავიხირე – გინდა თუ არა, ამერიკულად უნდა დავლიოთ მეთქი!

ამერიკული დალევა როგორიღააო? – გაუკვირდა მამაჩემს. ავიღე ღვინის ჩამოსასხმელი გრძელი შლანგი, გადავჭერი შუაზე, ერთი სტუმარს მივეცი, მეორე ქვევრში ჩავუშვი და დავიწყე წრუპვა, ვითომ კოქტეილია.

რაღას იზამდა, ჯონმაც მომბაძა. დავიწყეთ სმა. მამაჩემმა გვიყურა, გვიყურა, ჩაიქნია ხელი და გავიდა მარნიდან. კარგა ბლომად რომ დავლიეთ პეტერსონს მერეღა გაახსენდა: ეჰეე, რას ვშვებით ხვალ ხომ შეჯიბრება გვაქვსო!

მე ვუთხარი, – კაცო რა გინდა, ერთმანეთს არა ვხვდებით–მეთქი? ერთნაირად დავლიოთ და ხვალაც ზუსტად ერთნაირად ვიქნებით-მეთქი.

ერთი სიტყვით, კარგა მაგრად გამოვიბრუჟეთ.

წამოსვლისას მამაჩემს რამდენიმე ბოცა ღვინო გამოვართვი და წამოვედით თბილისში. პეტერსონი სასტუმროში მივიყვანე, ძლივს ავიყვანე მეორე სართულზე და ჩავაწვინე ლოგინში.

ვიდეო: " ღვინო აბაზანაში ჩავუსხი: ადე, ვერან, „პახმელიაზე“ უნდა გამოგიყვანო მეთქი! – ლევან თედიაშვილი და ძმები პეტერსონები

დილით მივედი, წევს ისევ, ვერა დგება. თავი პირსახოცით გაუკრავს ისეთ დღეშია ხმას ვერ იღებს, ზმუის მარტო. ჩავედი, ამოვიტანე ის ბოცები, ღვინო აბაზანაში ჩავუსხი და ვუთხარი – ადე ვერან, „პახმელიაზე“ უნდა გამოგიყვანო მეთქი!

როგორაო?

როგორ და ღვინოში უნდა ჩაწვე, ჩვენა ქართველები, აი ეგრე გამოვიდვართ ნაბახუსევზე–მეთქი.

რაღას იზამდა, ჩაწვა. ეტყობა ღვინის სუნმა იმოქმედა. ერთ ათ წუთში ისე გამოჩიტდა, იტყოდი გუშინ წვეთიც არ დაულევიაო. გაგიჟებული იყო. თქვენ რა ხალხი ყოფილხართ, ეს რა კარგი რამე გცოდნიათო“

ჯონ პეტერსონი: ჭიდაობა თქვენი დნმ–ია

რამდენიმე წლის წინათ, ერთ ჩვეულებრივ დღეს, გორში, ჩემს ტელეფონზე ნუგზარ სხირელის ზარი გაისმა. ,,ვასილ, შეგიძლია ჩვენს დარბაზში ჩამოხვიდე? ლეგენდარული კაცი მინდა გაგაცნო“ – მითხრა ბატონმა ნუგზარმა. ზედმეტი კითხვების დასმა არც სხირელს უყვარს და მეც ვიცი, რომ ის უსაფუძვლოდ ვინმეს აღმატებით ხარისხში არ ახსენებს, შესაბამისად, მივხვდი, ,,უცნობი კაცი“ უთუოდ საინტერესო ვინმე იქნებოდა, ამიტომ მალევე ჩავედი თავისუფალი ჭიდაობის დარბაზში იმ ,,ლეგენდარული კაცის“ სანახავად.

ბატონი ნუგზარი დარბაზის ფოიეშივე დამხვდა. ,,გეცოდინება თედიაშვილმა რომ ამერიკელი ძმები დატანჯა ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე. ჰოდა, ერთი მათგანი ჯონი პეტერსონი დღეს აქ გვყავს სტუმრად“ – მითხრა მან.

ჯონი პეტერსონი თავისი საჭიდაო კლუბის წევრებთან ერთად იყო საქართველოში ჩამოსული და გორში თავისი სპორტსმენების ლადო ხინჩეგაშვილთან, გენო პეტრიაშვილთან და სხვებთან ერთობლივი ვარჯიშის შანსს, აბა, ხელიდან როგორ გაუშვებდა?!

და არც მე გამიშვია ხელიდან ოლიმპიური ჩემპიონის გაცნობის და მასთან საუბრის შანსი. ჯონ პეტერსონის მაშინდელი მონაყოლი მაშინ გაზეთ ,,ლელოში“ დაიბეჭდა. აქ შემოკლებით შემოგთავაზებთ:

,,ლევან თედიაშვილს პირველად 1972 წელს თბილისის საერთაშორისო ტურნირზე შევხვდი და დავმარცხდი. ერთი თვის შემდეგ მან ისევ მომიგო, ამჯერად ამერიკაში. იმავე წელს ლევანმა ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაშიც დამამარცხა – მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც 82 კგ-ში ოქროს მედალი მას დარჩა.

ლევანი ჩვენთვის მუდამ დიდი მოტივაცია იყო. ამიტომ თედიაშვილის სახელი ამერიკაში, ჩემს სახლში, სადაც სავარჯიშო დარბაზიც მაქვს მოწყობილი – კედელზე მიწერია. კერძოდ: ,,დაამარცხე დიდი ტედი“. ჩვენ, მე და ჩემი ძმა როცა ვვარჯიშობდით სწორედ ასე მოვუწოდებდით ერთმანეთს! ამასთან, ძმები ყოველთვის ვმეგობრობდით თედიაშვილთან. მისი შვილი 90-იან წლებში ჩვენთან ამერიკაში სწავლობდა.

ვიდეო: " ღვინო აბაზანაში ჩავუსხი: ადე, ვერან, „პახმელიაზე“ უნდა გამოგიყვანო მეთქი! – ლევან თედიაშვილი და ძმები პეტერსონები

საქართველოში ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა, აქ ძალიან კარგი ხალხი და მაღალი დონის სპორტსმენები არიან. ჩვენს კლუბს Athlets In Action, აქვს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყანასთან.

საქართველოში ჭიდაობის დონეს და ხარისხს დიდი ხანია კარგად ვიცნობ. ძალიან გული მტკიოდა, რომ 90-იან წლებში საქართველოში ჭიდაობა ძველებურად წარმატებული აღარ იყო. მოჭიდავეები ცუდ პირობებში ვარჯიშობდნენ. ახლა ძალიან მახარებს მდგომარეობის გაუმჯობესება. მე მიყვარს საქართველო და პატივს ვცემ ქართველ მოჭიდავეებს. სასიამოვნოა, რომ აქ, გორში ვნახეთ ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი, ეს ორი უმაღლესი კლასის სპორტსმენი, რომლებიც განასახიერებენ თქვენს ქვეყანაში ჭიდაობის მაღალ კლასს, დონეს. აქ შევხვდით მათ მწვრთნელს ნუგზარ სხირელს. სხვათაშორის, გორშიც არ ვარ პირველად. 1994 წელსაც ვიყავით თქვენს ქალაქში. მაშინაც, ბევრი აქაური მოჭიდავე გავიცანი. მაშინაც, ჩავატარეთ ერთობლივი ვარჯიში გორელ სპორტსმენებთან. მიმაჩნია, რომ გორელებისთვის ჭიდაობა დნმ-ის ნაწილია, სისხლში აქვთ და ამიტომაცაა თვალშისაცემი მაღალი კლასის ფალავნების სიმრავლე“ – გვესაუბრა ოლიმპიური ჩემპიონი.

ჯონ პეტერსონს კახური ღვინის იმ პირველ დაჭანიკებაზეც ვკითხეთ. გაიღიმა, ცერი თითი მაღლა შემართა და მითხრა: ,,ქართველები კარგი ხალხი ხართ და დიდებული ღვინო გაქვთო“