სომხეთში უფრო მაღალი პენსიებია, ვიდრე საქართველოში – “ფორბსი”

“ფორბსის” ქართულენოვანი ვერსია სტატიას უძღვნის პენსიის მსყიდველუნარიანობის საკითხს. ციფრობრივი ზრდის მიუხედავად, ქართველი პენსიონერები პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე უფრო დაჩაგრული ხალხია, მათი პენსიების ნაკლები მსყიდველობითი უნარის გამო.

სომხეთში უფრო მაღალი პენსიებია, ვიდრე საქართველოში - "ფორბსი"

მთავრობა 20-20 ლარის მატებით მაშინ, როდესაც ეს 20 ლარი უკვე ლამის ფარატინა ქაღალდად იქცა, ხალხისთვის წარმატებული ქვეყნის იმიჯის თავსმოხვევას ცდილობს.

ზემოთ აღნიშნულ სტატიაში წერია: პენსიები საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური და პოლიტიკური საკითხია. მეტიც, ის ასიათასობით ადამიანისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, ამიტომაც მისი მოცულობა ხშირად საარჩევნო დაპირებებისა და პოლიტიკური დისკურსის განუყოფელი ნაწილია.

2020 წელს, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, კანონში ცვლილებები შევიდა, რის შედეგადაც ყოველწლიურად პენსიების გადახედვის ავტომატური მექანიზმი განისაზღვრა. პენსიის ინდექსაციის ფორმულის შედეგად, 2021 წლიდან საბაზისო ასაკობრივი პენსია 20 ლარით იზრდება და 240 ლარს მიაღწევს, 70 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა პენსია კი 25 ლარით გაიზრდება და 275 ლარი გახდება. საპენსიო ინდექსაციის ფორმულის თანახმად, პენსიის ზრდის ტემპი ინფლაციასა და ეკონომიკური ზრდის დონეზე იქნება დამოკიდებული. უფრო კონკრეტულად, საპენსიო ინდექსაცია კანონით ასეა განსაზღვრული:

1) 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით გაიზრდება.

2) 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით გაიზრდება.

სომხეთში უფრო მაღალი პენსიებია, ვიდრე საქართველოში - "ფორბსი"

თუკი საბაზისო პენსიის ამ დონეს რეგიონის სხვა ქვეყნებისას შევადარებთ, დავინახავთ, რომ საქართველოში არსებული პენსია საკმაოდ ახლოს დგას უკრაინის საშუალო პენსიასთან, რაც $72 დოლარს შეადგენს. უფრო მაღალია პენსიები სომხეთში, რაც, დაახლოებით, $86 დოლარია. აზერბაიჯანში საშუალო პენსიის მოცულობა $176 დოლარია; რუსეთში კი – $218 დოლარი.

ინდექსაციის ფორმულის მიღება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი იყო.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე ჯამურად 2.6 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს. ეს 2020 წელთან შედარებით 370 მილიონი ლარით მეტია. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, აქედან უშუალოდ ინდექსაციის დანერგვაზე 210 მილიონი ლარის ხარჯი მოდის, პენსიონერთა რაოდენობის ზრდა კი 160 მილიონი ლარით ზრდის სისტემის ხარჯებს.

მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში პენსიონერთა რაოდენობის ზრდის ტემპი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება, რადგანაც დღეისთვის ერთ-ერთი დიდი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები – 55-60 წლის ადამიანები, ანუ ე.წ. “ბეიბი ბუმერები“ პენსიაზე გასვლას დაიწყებენ. შესაბამისად, უკვე 2022 წლიდან მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ბიუჯეტი 3 მილიარდ ლარს მიაღწევს.

ბიუჯეტის ასეთ ზრდასთან ერთად, საინტერესოა, შევხედოთ, თუ როგორ არის შეცვლილი თავად პენსიის მსყიდველუნარიანობაც. აშშ დოლართან მიმართებით საბაზო პენსიის მოცულობას თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ დოლარებში გამოსახული პენსია საქართველოს ყველაზე მაღალი 2013 წელს ჰქონდა, როდესაც მაშინდელი 150-ლარიანი პენსიის ღირებულება $86 დოლარი იყო. 2020 წელს კი 220-ლარიანი საბაზო პენსიის ღირებულება აშშ დოლარში მხოლოდ $66.8 დოლარს შეადგენს. თუკი ლარი მომდევნო წელს არ გაუფასურდება, მაშინ 240-ლარიანი საბაზო პენსიის ღირებულება $72.9 დოლარი გახდება, რაც ასევე ნაკლებია 2013 წელს არსებულ პენსიაზე.