როგორც ოთხი წლის წინ ვვარაუდობდით, ტრამპს საბოლოო დარტყმა ვიცე-პენსმა მიაყენა

ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ სპეციალურად გაზეთისთვის “საქართველო და მსოფლიო” დავწერე სტატია –  “პრეზიდენტის აჩრდილი“, რომელიც ტრამპთან ერთად არჩეულ მაიკ პენსს – აშშ ვიცეპრეზიდენტს, მიეძღვნა.

როგორც ოთხი წლის წინ ვვარაუდობდით, ტრამპს საბოლოო დარტყმა ვიცე-პენსმა მიაყენა

ის მოსაზრება, რომ პენსი აღმოჩნდა არა პრეზიდენტის მყარი დასაყრდენი, არამედ “სისტემის მიერ მოვლენილი “აჩრდილი”, ტრამპისვე სამწუხაროდ, გამართლდა. ტრამპის მმართველობის ჟამს პენსის აქტივობების მთავარ ეპიზოდებს თუ დავაკვირდებით, მისი ფუნქცია იყო ტრამპის საგარეო პოლიტიკაში აგრესიული მიდგომების გამყარება – პირველ რიგში, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მიმართებით, ისრაელის სახელმწიფოს სასარგებლოდ. “ევანგელისტ-კათოლიკე” პენსი გახლდათ ისრაელის მთავარი ლობისტი ტრამპის კარზე, პრეზიდენტის სიძესთან, ებრაელ ჯ. კუშნერთან ერთად.

გარდა ამისა, პენსი ასევე ამყარებდა ამერიკის აგრესიულ დამოკიდებულებას ვენესუელასადმი, უკრაინისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებში; მხარს უჭერდა ჩინეთთან გაჩაღებულ სავაჭრო ომს, პარალელურად ამისა კი არბილებდა ტრამპის სკეპტიკურ დამოკიდებულებას ნატოსთან მიმართ.

დაბოლოს, ამ დღეებში რაც მოხდა ამერიკაში – არჩევნების ყალბი თუ ნამდვილი შედეგებით უკმაყოფილო ტრამპის მომხრეების შევარდნა კონგრესის შენობაში, რასაც პოლიციამ ცეცხლით უპასუხა და მსხვერპლი მოაყოლა, დიდწილად სწორედ მაიკ პენსის ღალატის შედეგია. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ტრამპმა მანამდე მოუწოდა ვიცეპრეზიდენტ პენსს, რომ მას კონგრესის სხდომაზე გადადგას მამაცური ნაბიჯი და არ დაუშვას ბაიდენის გამარჯვების გაფორმება.

“შტატების მცხოვრებთ სურთ /ხმის მიმცემთა/ კენჭისყრის შეცვლა, რომლის შედეგები, როგორც ახლა მათ იციან, დარღვევებისა და ფალსიფიკაციის გზით იქნა მიღწეული. გარდა ამისა, ეს კორუფციული პროცესი არ გამყარებულა საკანონმდებლო დონეზე. მაიკლ პენსმა უნდა გააკეთოს მხოლოდ ის, რომ შტატებს უკან დაუბრუნოს გამოგზავნილი ხმები და ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ. ჰქენი ეს, მაიკლ, დროა განსაკუთრებული სიმამაცის გამოვლენისათვის” – დაწერა ტრამპმა “ტვიტერზე”.

ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა თავისი მოთხოვნა პენსის მიმართ კონგრესის სხდომის დაწყებამდე, კაპიტოლიუმის წინ გამართულ მიტინგზეც გააჟღერა: მისი თქმით, პენსს სრული უფლება აქვს, რომ ბაიდენის გამარჯვება არ სცნოს. “პენსმა ჩვენთვის უნდა იმოქმედოს, თუკი ის ამას არ იზამს, ეს იქნება ჩვენი ქვეყნისათვის ძალზე სავალალო დღე” – განაცხადა ტრამპმა.

მაგრამ პენსმა უარი განაცხადა, შტატებისთვის უკან გადაეგზავნა ხმები და ფორმალურად დაებლოკა ბაიდენის გაპრეზიდენტება. სწორედ პენსის ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას კონგრესის წინაშე მოჰყვა უშუალოდ კონგრესის შენობაში ტრამპისტების შეჭრა. კიდევ გასარკვევია, იყო ეს შეჭრა ორგანიზებული თუ ქაოტურად მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ მაიკ პენსმა წერტილი დაუსვა ტრამპის ისედაც სუსტ შანსებს, გადაეხედა არჩევნების საეჭვო შედეგებისათვის.

 

გულბაათ რცხილაძე