ივანიშვილის ფარული გეგმა და ახალი მოთამაშეები

ბიძინა ივანიშვილმა მომხრეები დაამშვიდა და დააანონსა რომ ოცნებას 5 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნა გარანტირებული აქვს, თუმცა მუშაობს იმაზეც რომ ახალი პარტია შეიქმნას, რომელიც მისივე შექმნილ ოცნებას ჩაანაცვლებს.

ივანიშვილის ფარული გეგმა და ახალი მოთამაშეები

“მთავარი არხის” ინფორმაციით, პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშეები ბიზნესიდან გამოჩნდებიან. მათ შორის იქნებიან მაგთიკომის დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე და ამავე კომპანიის წილის მფლობელი ირაკლი რუხაძე.

ორივე მათგანი საზოგადოებას გასული წლის ივლისში პარლამენტში ხმაურიანი განხილვებით დაამახსოვრდა, როდესაც ისინი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებდნენ.

მაგთიკომის დამფუძნებელმა პრესსამსახურის მეშვეობით განაცხადა, რომ პოლიტიკაში მისი მოსვლა გამორიცხულია.

ირაკლი რუხაძე კი აღნიშნულ საკითხზე არ საუბრობს.

ივანიშვილის კარზე კიდევ ერთი გავლენიანი ბიზნესმენი რომელმაც შესაძლოა პოლიტიკაში გადაინაცვლოს ვანო ჩხარტიშვილია. ბოლო ორი დღეა ვრცელდება ინფორმაცია რომ ოლიგარქის ფავორიტი რუსთავი2-ს ყიდულობს, რასაც ვანო ჩხარტიშვილი არ ადასტურებს.

ბიძინა ივანიშვილი პოზიციებს იძლიერებს მისივე დაფუძნებულ პარტიაშიც, რომლის თავმჯდომარეობაც გუშინ დატოვა. პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობას ზრდის და ძირითადად თავისი კადრებით აკომპლექტებს.

ახალ წევრებს შორის იქნებიან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი. სატელევიზიო სივრციდან პოლიტიკაში აბრუნებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელს ვასილ მაღლაფერიძესაც.

ის, თუ როგორ გადანაწილდება პარტია ქართული ოცნების მთავარ პოლიტიკურ ორგანოში ადგილები ეს შაბათის ყრილობაზე გაირკვევა.