“რესპუბლიკელების” 9 გაერთიანება და 8 დაშლა – რამდენჯერ გადალახა პარტიამ ზღვარი დამოუკიდებლად?

შესაძლოა, ოპოზიციისთვის “ერთპარტიულ” და მმართველი გუნდისთვის “მრავალპარტიულ” პარლამენტს, კიდევ ერთი პარტია შეემატოს, მართალია, როგორც გვითხრეს, სულ მცირე ხნით, კანონპროექტის მიღებამდე, მაგრამ მაინც…

“რესპუბლიკელების” 9 გაერთიანება და 8 დაშლა – რამდენჯერ გადალახა პარტიამ ზღვარი დამოუკიდებლად?

როდის შეიქმნა, როგორ განვითარდა და რამდენჯერ გაერთიანდა რესპუბლიკური პარტია სხვა პარტიებთან ერთად და რით დასრულდა თითოეული ალიანსი? – ამას “ალიას” ამ მასალიდან შეიტყობთ:

რესპუბლიკური პარტია დაარსდა 1978 წლის 21 მაისს და იყო იმ დროისთვის ერთადერთი არაკომუნისტური პარტია. რესპუბლიკელებმა თბილისში, ბათუმში, სოხუმში, ზუგდიდში, ტყიბულსა  და ჭიათურაში შექმნეს არალეგალური ჯგუფები. ამ პერიოდში დაიბეჭდა და გავრცელდა თვითგამოცემითი ჟურნალ „სამრეკლოს“ ორი ნომერი.

1983-84 წლებში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა პარტიის ოთხი დამფუძნებელი და ლიდერი – ვახტანგ ძაბირაძე (პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე 1979-95 წ.წ.), ლევან ბერძენიშვილი, დავით ბერძენიშვილი და ვახტანგ შონია. პარტიის კიდევ ერთი აქტიური წევრი ფრიდონ ჯაჯანიძე მოგვიანებით დააპატიმრეს.

1984 წლის 20 აპრილის განაჩენით საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ პარტიის დამაარსებლები ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისა და ანტისაბჭოთა ორგანიზაციის შექმნისათვის გაასამართლა. მათ სრულად მოიხადეს სასჯელი პერმისა და მორდვეთის საბჭოთა ბანაკებში.

1990 წლის არჩევნების შემდეგ რესპუბლიკელებმა 3 ადგილი მოიპოვეს უზენაეს საბჭოში, სადაც იყვნენ ოპოზიციური ფრაქცია „დემოკრატიული ცენტრის“ თანადამფუძნებლები. 1991 წლის ივნისში რესპუბლიკურმა პარტიამ ხმების 20% მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებში, სადაც ჩამოაყალიბა ოპოზიციური ფრაქცია „აჭარა“. რესპუბლიკელები წარმოდგენილნი იყვნენ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების დროებით ორგანოებში – საკონსულტაციო და სახელმწიფო საბჭოებში.

პირველი გაერთიანება – “დას”

1991-1992 წლებში რესპუბლიკური პარტიის პირველი გაერთიანება მოხდა და იგი გაერთიანდა „თავისუფალ დემოკრატთა კავშირთან“ და პოლიტიკურ ორგანიზაციასთან „დემოკრატიული არჩევნები საქართველოში (დას-ი)“. 1992 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში ჩამოყალიბდა 10-კაციანი ოპოზიციური ფრაქცია „რესპუბლიკელები“.

მეორე გაერთიანება – “გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია”

1994 წელს რესპუბლიკური პარტიის, სახალხო ფრონტისა და „ქარტია-91“-ის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა “გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია”, რომელმაც დიდხანს ვერ იარსება.

 

1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ რესპუბლიკური პარტია აღდგა როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია.

მესამე გაერთიანება: “მესამე გზა“

1999 წლის მაისში რესპუბლიკურმა პარტიამ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან და მრეწველთა პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა პოლიტიკური ალიანსი „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი – მესამე გზა“, რომლის ლოზუნგიც იყო „არც შევარდნაძე, არც აბაშიძე“. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ალიანსმა ამომრჩეველთა ხმების 4,46% მიიღო და ვერ გადალახა ამ დროისათვის უკვე 7%-მდე გაზრდილი საარჩევნო ბარიერი. არჩევნებში დამარცხებას მოყვა ალიანსის დაშლა 2001 წლის ივლისში – ამ დროისთვის პარტიის თავმჯდომარე უკვე დავით ბერძენიშვილია.

მეოთხე გაერთიანება: – მიხეილ სააკაშვილი

2002 წლის გაზაფხულზე ჩამოყალიბებულმა სამსუბიექტიანმა საარჩევნო ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტი“ სადაც შედიოდა სამი პარტია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეროვნულ ძალთა გაერთიანება-კონსერვატორები და რესპუბლიკური პარტია თვითმმართველობის არჩევნებში  თბილისში მიიღო ხმების 24%. მიხეილ სააკაშვილი გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო დავით ბერძენიშვილი – ერთიანი ფრაქციის თავმჯდომარე.

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტ-პოლებითა და პარალელური დათვლის მიხედვით ბლოკი გავიდა პირველ ადგილზე. რესპუბლიკური პარტია იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგოდ დაწყებული აქციებისა, რაც 23 ნოემბერს შევარდნაძის გადადგომით დამთავრდა. რესპუბლიკური პარტია, ასევე იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი ასლან აბაშიძის წინააღმდეგ გამართული აქციებისა, რაც 2004 წლის 6 მაისს აბაშიძის მოსკოვში გაქცევით დასრულდა.

ბლოკმა გამარჯვება მოიპოვა 2004 წლის მარტის არჩევნებში ხმათა 67,02%-ით.საქართველოს პარლამენტში რესპუბლიკური პარტია 5 წარმომადგენლით შევიდა.

უკვე 2004 წლიდან რესპუბლიკელები დაუპირისპირდნენ მიხეილ სააკაშვილის გუნდს. უთანხმოების მიზეზები გახდა 2004 წლის თებერვალში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები, და 2004 წლის ივნისში მიღებული კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ. 2004 წლის ივნისში რესპუბლიკელები გაემიჯნენ სახელისუფლო პარტიასა და მის ლიდერს. 2004 წლის 20 ივნისს აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებში მთავარი კონკურენტები ყოფილი პარტნიორები – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და რესპუბლიკური პარტია აღმოჩნდნენ. რესპუბლიკურმა პარტიამ ოფიციალური ამომრჩეველთა ხმების 13.5% და სამი მანდატი (30-დან) მიიღო. 2005 წლის 27 ივნისს რესპუბლიკური პარტიის თამჯდომარედ აირჩიეს დავით უსუფაშვილი.

მეხუთე გაერთიანება – “დემოკრატიული ფრონტი“

2005 წლის შემოდგომაზე რესპუბლიკელებმა კონსერვატორებთან და პარლამენტის უპარტიო წევრებთან ერთად ჩამოაყალიბეს ოპოზიციური ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტი“.

2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში რესპუბლიკელები მონაწილეობდნენ კონსერვატორებთან ერთად ბლოკით “დავითაშვილი – ხიდაშელი – ბერძენიშვილი”. ბლოკმა საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმების 8,6% და გავიდა მეორე ადგილზე მმართველი პარტიის შემდეგ. ბლოკმა საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა ამ არჩევნებში და 2006 წლის მდგომარეობით რესპუბლიკური პარტია იყო ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელსაც ჰყავდა დეპუტატები ქვეყნის სამივე დონის (სახელმწიფო, ავტონომიური და თვითმმართველობის) წარმომადგენლობით ორგანოებში.

მეექვსე გაერთიანება – კოალიცია

2007 წლის შემოდგომაზე რესპუბლიკური პარტია გაწევრიანდა ეროვნულ საბჭოში  ( პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია) და იყო 2007 წლის ნოემბრის აქციების ერთ-ერთი ინიციატორი. პარტია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერდა ლევან გაჩეჩილაძეს.

ხოლო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობდა. არჩევნებში პარტიამ მიიღო ხმათა 3.8% და ვერ გადალახა ბარიერი .

მეშვიდე გაერთიანება: – ალიანსი

2008 წლის 8 დეკემბერს რესპუბლიკურმა პარტიამ და პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ახალი მემარჯვენეები“ გააფორმეს შეთანხმება პოლიტიკური ალიანსის შექმნის თაობაზე. 2009 წლის 23 თებერვალს კი, რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ ჩამოყალიბდა „ალიანსი საქართველოსთვის“ რესპუბლიკური პარტიის, ახლებისა და ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების, შემადგენლობით და ამ უკანასკნელის თავმჯდომარეობით. ალიანსი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო გაზაფხულის საპროტესტო აქციებისა 9 აპრილიდან 26 მაისამდე.

ალიანსი მონაწილეობდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში, სადაც გავიდა თბილისის მასშტაბით მეორე (18%), ხოლო ქვეყნის მასშტაბის მესამე ადგილზე(10%).

2010 წლის ივლისში ალიანსი დაიშალა, რის შემდეგაც რესპუბლიკურმა პარტიამ დამოუკიდებლად განაგრძო არსებობა.

მერვე გაერთიანება – ბიძინა ივანიშვილი

2011 წ. ოქტომბერში, რესპუბლიკური პარტია ბიძინა ივანიშვილმა ნომერ პირველ პარტნიორად მიიწვია და იგი შევიდა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ . საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ ხმათა 54%-ით გაიმარჯვა. პარტიამ საქართველოს პარლამენტში 9-წევრიანი ფრაქცია შექმნა, პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. საპარლამენტო ფრაქციას ხელმძღვანელობდა დავით ბერძენიშვილი. 2013 წელს პარტიის ახალ თავმჯდომარედ ხათუნა სამნიძე აირჩიეს. 2015 წ გაზაფხულიდან პარტია სამი მინისტრით იყო წარმოდგენილი მთავრობაში.

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მიღებული გადაწყვეტილებით პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა და ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი. არჩევნების შემდეგ პარტია დატოვეს დავით უსუფაშვილმა და ლიდერების ნაწილმა. პარტიაში აგრძელებენ საქმიანობას დამფუძნებლები: ლევან და დავით ბერძენიშვილები.

მეცხრე გაერთიანება – ისევ “ენმ”

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა საარჩევნო ბლოკი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”, რომელშიც სხვა პარტიებთან ერთად რესპუბლიკური პარტიაცაა გაერთიანებული.

მიუხედავად იმისა, რომ ბლოკმა მანდატები მოიპოვა, ოპოზიცია უარს ამბობს მის გამოყენებაზე და პარლამენტში შესვლაზე, რადგან თვლის, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად დამტკიცებულ პარლამენტში არ უნდა შევიდეს. ოპოზიცია ითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

დღეს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის და თამარ კორძაია, რომლებმაც ბლოკის სიით მოიპოვეს მანდატები, შესაძლოა პარლამენტში ვიხილოთ: “სამნიძე და კორძაია საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაერთვებიან იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს.”

დავით ბერძენიშვილმა ხათუნა სამნიძის ამ გადაწყვეტილებას “გათვლა მომავალზე” უწოდა.

რესპუბლიკურ პარტიას დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ზღვარი არც ერთხელ გადაულახავს, თუმცა, 1995 წელს, პარტიამ მოიპოვა ერთი მანდატი მაჟორიტარული წესით და 2008 წელს მოიპოვა ორი მანდატი ასევე მაჟორიტარული წესით.

თუმცა, როგორც ზემოთ გვიწერია, პარტიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებში ნამდვილად გადალახა ზღვარი დამოუკიდებლად და ასევე, ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წლის გაერთიანებისას “დემოკრატიული ფრონტის“ წამყვანი ძალა, სწორედ რესპუბლიკური პარტია იყო.

“ალია”