არნო ხიდირბეგიშვილი – “ამერიკა ბრუნდება” – საქართველო მზად უნდა იყოს აშშ-ს ახალი პოლიტიკის სიურპრიზებისთვის

მილოცვების გაცვლა ოფიციალურ ვაშინგტონს და თბილისს შორის აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნებისა და საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აშშ–ის მორიგი განცხადებები საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის შესახებ; ხოლო საქართველოდან – აშშ–თან უპრეცედენტოდ მაღალი დონის ურთიერთობის შესახებ, არ უნდა დაჩრდილოს ახალი ამერიკული პოლიტიკის სიურპრიზები, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე.

არნო ხიდირბეგიშვილი - "ამერიკა ბრუნდება" - საქართველო მზად უნდა იყოს აშშ-ს ახალი პოლიტიკის სიურპრიზებისთვის

გასულ კვირას, როცა სერბეთს წინასწარ მიულოცა სახელმწიფოებრიობის დღე, აშშ–ის ახალმა პრეზიდენტმა აღნიშნა სერბეთის ურყევი მხარდაჭერის შესახებ ევროინტეგრაციის საკითხებში, მაგრამ ამავე დროს მიუთითა რეფორმების საჭიროებასა და სერბეთის მიერ კოსოვოს რესპუბლიკის აღიარებაზე – „კოსოვოსთან ყოვლისმომცველი ნორმალიზაციის შეთანხმების მიღწევა, რომელიც ფოკუსირდება ორმხრივ აღიარებაზე”, – ნათქვამია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში.

”ისევ ორმაგი სტანდარტები! მაშასადამე, საქართველომ არ უნდა ცნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რადგან ამ დამოუკიდებლობის მიღწევაში მათ რუსეთი დაეხმარა, ხოლო სერბეთმა უნდა აღიაროს კოსოვოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რომელიც მან ნატოსა და აშშ–ის წყალობით მიიღო?!”, – შეუძლია განაცხადოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. მოამზადა კი საქართველოს საგარეო უწყებამ ადექვატური პასუხი? ეჭვი მეპარება, რადგან შესაბამისი არგუმენტების შერჩევა ძალიან ძნელია…

და ვის აქვს გარანტია, რომ 26 მაისს, პრეზიდენტი ბაიდენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისას, ჯერ არ გაიმეორებს სენტენციას “აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის შესახებ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში”, და მერე არ მიუთითებს საქართველოში რეფორმებისა და საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების აღიარების საჭიროებაზე?! როგორ მოგწონთ „სერბული ვარიანტი“ საქართველოსთვის?!

კიდევ ერთი დილემა, რომლის წინაშეც შესაძლოა მალე აღმოჩნდეს საქართველოს ხელისუფლება. როგორც მოგეხსენებათ, ქართული რადიკალური ოპოზიციური სპექტრის (სააკაშვილთან დაკავშირებული პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები და ტელეკომპანია “მთავარი არხი”) სიხარული ჯოზეფ ბაიდენის მიერ პრეზენტირებული აშშ-ის ახალი პოლიტიკის “ამერიკა ბრუნდება” გამო, რომელიც გულისხმობს რუსეთის აგრესიის ხისტად მოგერიებას – ცოტა ნაადრევი აღმოჩნდა. აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა პირველ რიგში რუსეთის ფედერაციასთან СНВ-III ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

ამავე დროს, საეჭვოა აშშ კმაყოფილი იყოს სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და თურქეთის გავლენის გაზრდით, რომლებმაც აშშ–ის გარეშე დაუსვეს წერტილი ყარაბაღის კონფლიქტს. და თუ 2019 წლის დეკემბერში აშშ–ის მიერ სომხეთის გენოციდის აღიარების შემდეგ, ვაშინგტონს თურქეთის განსაკუთრებული “სიყვარულის” იმედი არ ჰქონდა, მას შემდეგ, რაც წინა კვირას, აშშ-ის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, სომეხი ჯეფრი ჰარიგიანი დაინიშნა აშშ-ის სამხედრო–საჰაერო ძალების მეთაურად ევროპასა და აფრიკაში და ამავე დროს – ნატოს გაერთიანებული სამხედრო–საჰაერო ძალების მეთაურად, აშშ-ს ანკარასთან პარტნიორობის იმედი მთლად ეფემერულად იქცა…

„დემოკრატიის მშენებლობაში“ ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებით სომხეთზე (საქართველოს ნაცვლად), აშშ–მა შეიძლება მხარი დაუჭიროს სომხურ რევანშისტულ ძალებს, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ყარაბაღის ომის შედეგებით. და საქართველო სადაც ანტიაზერბაიჯანული განწყობები მიზანმიმართულად ღვივდება, შეიძლება ჩათრეული აღმოჩნდეს ამ პროცესში, საამისოდ ნოყიერი ნიადაგი ქართველების უკმაყოფილებაა მე – VI საუკუნის ქართული სამონასტრო კომპლექსის დავით-გარეჯის პრობლემის გამო, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, ექსპრეზიდენტი სააკაშვილის „წყალობით“, აზერბაიჯანის მხარეს აღმოჩნდა. ”რატომ აჭიანურებენ აზერბაიჯანელები პროცესს და არ გვიბრნებენ დავით-გარეჯს? რაში სჭირდებათ მათ ეს სტრატეგიული სიმაღლე, ისინი ხომ საქართველოსთან ომს არ აპირებენ?!” – კითხულობენ რიგითი ქართველები.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბოლოდროინდელი სროლა სომხეთიდან აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონში მიმავალი ტრაილერებისთვის, მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაული როდია…

წყარო: newposts.ge