მე-19 საუკუნის ტფილისი: გლოვა გრძელდებოდა კაცებისთვის 6 თვე, ქალთათვის კი შემდეგ გათხოვებამდე…

მე-19 საუკუნის შუა წლების ტფილისში, ახლობლის (მაგ. მამაკაცის) დაღუპვის ამბის გაგებისას, მთელი სანათესაო და ნაცნობ-მეგობრები გროვდებოდა გარდაცვლილის სახლში, ქვრივის დასამშვიდებლად და თვითონაც ტიროდნენ გარდაცვლილს. ტირილი ისეთ წმინდა მოვალეობად ითვლებოდა, რომ ზოგჯერ ქირაობენ კიდეც „პროფესიონალ“ დამტირალებს. ასევე იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც „შეკვეთით“ შეეძლოთ ცხარე ცრემლით დატირება და სამგლოვიარო სიტყვის წარმოთქმაც.

მე-19 საუკუნის ტფილისი: გლოვა გრძელდებოდა კაცებისთვის 6 თვე, ქალთათვის კი შემდეგ გათხოვებამდე...

ტიპური სცენა ასეთი იყო: ოთახში, სადაც მიცვალებული ესვენა, იატაკზე იჯდა თალხში (ძაძებში) მყოფი უბედური ქვრივი, რომელიც მოთქვამდა და განწირულად იპუტავდა გაშლილ თმებს, მკერდში იკრავდა მჯიღს. მოთქმისას იხსენებდა მიცვალებულის დადებით მხარეებს და ჩადენილ კეთილ საქმეებს. ჭირისუფალს გარშემო ქალები ეხვია, რომლებიც ცდილობდნენ მის დამშვიდებას. პანაშვიდზე მისული მუხლებზე დგებოდა ჭირისუფლის წინაშე, თავჩაღუნული სლუკუნებდა და ლუღლუღებდა მიცვალებულის კომპლიმენტებს. ტირილში მას ჰყვებოდნენ იქ მსხდომი ქალები და იწყებოდა გულის გამაწვრილებელი ხმათა ერთობა. ამ სცენის დასრულების შემდეგ შემოდიოდა შემდეგი დამტირებელი… ასეთი „ხმიანი“ ტირილი ზოგჯერ დაკრძალვის შემდეგაც გრძელდებოდა რამდენიმე დღე. ტფილისელ სომხებში კი ექვსი კვირაც კი, რა დროსაც მომსვლელთა რიგი არ შორდებოდა ქვრივს, სულს უფორიაქებდნენ ისედაც მწუხარეს.

მათი ვიზიტები ანიავებდნენ მიცვალებულის დანატოვარს, მათთვის საპატივცემულოდ გაშლილი სადილის სახით და გამასპინძლებებით. ამას ზოგჯერ არც თუ უმნიშვნელო ქონება ხმარდებოდა. თუმცა ქართველებს შორის იყო შემთხვევები როდესაც ამ ხარჯის გაწევაში მიცვალებულის ოჯახს გვერდით ედგა ნათესავი თუ მეგობარი და მატერიალურად ეზიარებოდა მას დანახარჯის გაწევაში. ქელეხი იმართებოდა ეკლესიის მიერ დაკანონებულ დღეებში. „ტრაური“ გრძელდება კაცებისთვის ექვსი თვე, ქალთათვის კი შემდეგ გათხოვებამდე, რომელიც დაქვრივებიდან ათ თვეზე ადრე არ უნდა მომხდარიყო, რადგან ტრადიციად შემონახული ვახტანგ მეფის კანონის შესაბამისად, ქვრივი დაკარგავდა ქმრის მემკვიდრეობას და კეთილ სახელსაც.

ედიშერ ოდიშარია