საფრანგეთში “სამი მუშკეტერის” შესახებ კიდევ ერთ ახალ ფილმს გადაიღებენ

საფრანგეთში ალექსანდრე დიუმას რომანის “სამი მუშკეტერის” კიდევ ერთი ეკრანიზაცია იგეგმება. ამ მიზნისთვის პროდუსერმა დიმიტრი რასამმა და კინოსტუდია Pathé-მ ძალები უკვე გააერთიანეს. იუწყება გამოცემა Variety.

საფრანგეთში "სამი მუშკეტერის" შესახებ კიდევ ერთ ახალ ფილმს გადაიღებენ

გამოცემის ინფორმაციით, ფილმი ორი ნაწილისგან შედგება და მისი ბიუჯეტი 73 მილიონი დოლარი იქნება. მთავარ როლებს ფრანსუა სივილი, ვინსენ კასელი და ევა გრინი შეასრულებენ. ეს უკანასკნელი მილედის პერსონაჟს განასახიერებს. ფილმის სრული სამსახიობო შემადგენლობის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ფილმის პირველი ნაწილი სახელწოდება იქნება “სამი მუშკეტერი – დ’არტანიანი”, ხოლო მეორესი “სამი მუშკეტერი – მილედი”. ორივე ნაწილის რეჟისორი მარტენ ბურბულონი იქნება.

ამჟამად მიმდინარეობს გადაღებებისთვის მზადება. გადაღებები ზაფხულის ბოლოდან საფრანგეთში დაიწყება.

ალექსანდრე დიუმას ცნობილი ნაწარმოების მიხედვით 150-ზე მეტი კინოადაპტაციაა შექმნილი, მათ შორის ყველაზე ცნობილია 1998 წელს გადაღებული “კაცი რკინის ნიღაბში”, რომელშიც ლეონარდო დი კაპრიო, ჯონ მალკოვიჩი და ჯერემი აირონსი მონაწილეობენ. კიდევ ერთი ცნობილი კინოადაპტაცია “მუშკეტერები” 2011 წელს შეიქმნა ორლანდო ბლუმისა და მილა იოვოვიჩის მონაწილეობით.

წყარო: itv.ge