მსოფლიო გოთვერნობის სამი კანონი

 მსოფლიო გოთვერნობის სამი კანონი
I. სხვა თანაბარ პირობებში (განათლება, ტალანტი, შრომისუნარიანობა) წესიერი და კეთილი ადამიანის წარმატების ალბათობა ბოლოს და ბოლოს მიისწრაფვის ნულისკენ…

 მსოფლიო გოთვერნობის სამი კანონიგანმარტება – მიზეზები:
1. წესიერი ვერასდროს იკადრებს იმას, რასაც გოთვერანი – ამ უკანასკნელის ნიჭი და უპირატესობა უდავოა: ა) ის ურცხვია და იდაყვებით მაგრად მუშაობს; ბ) მიზნის მიღწევისთვის ადვილად აბიჯებს გვამებს და დაუნდობელია;
2. წესიერი მუდამ უმცირესობაშია;
3. წესიერების ,,სარკის ეფექტი“ – კოლექტივისგან მუდმივი დევნის საბაბს იძლევა: ,,ვინც ჩვენს შეხედულებებსა და ქცევის წესებს არ იზიარებს, ის მტერია და უნდა განადგურდეს!“;
4. გოთვერანი ყოველთვის ასწრებს, წესიერი კი მუდამ მდევნელის პოზიციაშია.
II. თავისთავად მხოლოდ გოთვერნობა არ იძლევა წარმატების გარანტიას
განმარტება – მიზეზები:
1. გოთვერნები ბევრნი არიან და მათში კონკურენციაც დიდია;
2. გოთვერნების შეჯიბრში მიმიკრიის უნარი და ბედის გაღიმება გამოდის წინა პლანზე.
III. კეთილისა და წესიერის გამარჯვება ეპიზოდურია (დროებითი და ხანმოკლე), ხოლო გოთვერნის – მარადიული.
განმარტება – მიზეზები:
1. გოთვერანი დამარცხების შემთხვევაშიც გამარჯვებულია, რადგან იშვიათი მარცხის დროსაც კი, ის ურცხვად კეთილშობილის (,,პროგრესულის“) ნიღაბს ირგებს ან მსხვერპლის (,,კრავის“) ქურქში ეწყობა და ამჯერად, ახალი იმიჯით აგრძელებს გზის გაკაფვას, ხოლო მოხერხებულობის ხარჯზე მაინც სათავეში ექცევა;
2. გოთვერანი არცთუ ისე ადვილი ამოსაცნობია, რადგან გოთვერნის სახელი არავის უნდა და ამიტომ ის წესიერს ყველა კეთილ საქმეში მიჰყვება, სანამ მისი ინტერესი არ გადაიკვეთება. როგორც კი საქმე პირად კეთილდღეობასა თუ ,,მართლობის“ შეგრძნებას შეეხება, ის მომენტალურად იქცევა შურიან, ავ ცხოველად;
3. გოთვერანთა დემაგოგია, სნობიზმი და კლანურობა (შიდაჯგუფობრივი ფავორიტიზმი) ქალაქებს იღებს და მსოფლიოს იპყრობს!
ზოგადი განმარტება: მოცემული კანონი უნივერსალურია და მარადიული – ის მოქმედებს ჰაერშიც, წყალშიც და დედამიწაზეს, აზიაშიც და აფრიკაშიც, წარსულშიც ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება.
კანონის მტკიცებულება: წესიერი და კეთილი ღია ,,კარტით“ თამაშობს, გოთვერანი კი დახურულით. ბოროტმა გულწრფელის სვლები ყოველთვის წინასწარ იცის, ხოლო კეთილმა – არა, რადგან თავად არ არის გოთვერანი და ვერასდროს განჭვრეტს ბოღმის უსაზღვრო ფანტაზიის გზებს.
P.S.
მსოფლიო გოთვერნობის კანონთან შეგუებისა და მასთან ჰარმონიაში მოსვლის ერთადერთი ქმედითი გზა შემდეგია: ყავა, თამბაქო და დაკიდება – დატკბი მორალური უპირატესობით და შეურიგდი ხვედრს, ეს ხომ შენი არჩევანია. ბარო!
ზ.ო. – 2019, თებერვალი

ზურა ოდილავაძე