პროცესი – აქ ყველა დაზეპირებული ფრაზებით მეტყველებს და წინასწარ ცნობილია, რას იტყვის – ზურა ოდიალავაძე

ჩვენ რაღაც უწყვეტ პროცესში, როგორც აბრეშუმის პარკში, ისე ვართ გახვეული – ამ პროცესმა მოგვიცვა, მასში ვართ ჩაფლული… არც ჩვენ გვესმის გარედან, არც ჩვენი ისმის გარეთ.

პროცესი - აქ ყველა დაზეპირებული ფრაზებით მეტყველებს და წინასწარ ცნობილია, რას იტყვის - ზურა ოდიალავაძე

ციხე-ქარხანა ვიღაცამ ერთხელ დააპროგრამა და აამუშავა. პროცესი გაეშვა – ის არ ჩერდება. ჩვენ ამ პროცესის მხოლოდ ხრახნები, ჭანჭიკები ვართ… ზოგიც – ცალკეული დეტალი ან მთელი მექანიზმი, ბლოკი თუ აგრეგატიც კი…
პროცესის მთავარი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ის თავისთავადია – ხრახნები, ჭანჭიკები თუ დეტალები თავისი ნებით არ მოქმედებენ, ისინი მხოლოდ პროცესს ემორჩილებიან, მისი შემადგენელი ნაწილები არიან და წარმოებაში ავტომატურად მონაწილეობენ. ეს არის აპარატი, რომელიც ამოქმედების შემდეგ რაღაც სამუშაოს ასრულებს თავისით, ადამიანის ჩაურევლად, პროგრამის მიხედვით და შიდა მექანიზმის საშუალებით – ეს არის მტრობის კვლავწარმოების ქარხანა.
მტრობის მექანიზმს თითქოს სულ რამდენიმე საამქროს უფროსი უშვებს… იმის მიხედვით, იმ დღეს რა მიზანს აწარმოებენ და ამისთვის რა სჭირდებათ – ხრახნები და ჭანჭიკები ხომ ნებისმიერ ბრძანებას დიდი ენთუზიაზმით ასრულებენ… ხან ერთია მტერი, ხოლო მეორე – მოყვარე, ხვალ კი როლები იცვლება და მტერი მოძმედ იქცევა, ახლობელი კი მტრად… თუმცა, საამქროს უფროსებიც პროცესის ტყვეები არიან. ქარხნის თითქოს ხელმძღვანელებიც ავტომატურად მოქმედებენ და პროცესის პროგრამას ემორჩილებიან. ნება და ავტომატიზმი ისეა არეული, სად არის პირველწყარო, რომელშია საწყისი – ვერც გაიგებ…
აქ ყველა დაზეპირებული ფრაზებით მეტყველებს და წინასწარ ცნობილია, რას იტყვის – ამიტომ არის წარმოების პროცესი უღიმღამო, უინტერესო.
ქარხანაში სიძულვილიც ხელოვნურია და სიყვარულიც თეატრალური…
რწმენაც შინაარსისგან არის დაცლილი და მხოლოდ წეს-ჩვეულებების მექანიკურ აღსრულებასა და პირჯვრის გადაწერას გულისხმობს…
აქ სიყვარულიც ყალბია და პატრიოტიზმიც პათეტიკური…
ზემოდან დაშვებული და წახალისებული მტრობა თუ სიძულვილი, უცებ, ერთ დღეს, გაურკვეველი მიზეზებითა და მექანიზმებით, თითქოს ავტომატურად… სინანულად, პატიებად და ერთობად იქცევა…
თანმიმდევრობა, პრინციპი თუ ლოგიკა არც მტრობაშია, არც სიყვარულში. ზემოდან მოდის მყისიერი ბრძანება და ამის მიხედვით დგინდება ვინ არის მოყვასი და ვინ – მტერი, დღეს უზომო სიყვარულის დროა თუ გალურჯებამდე სიძულვილის. თუმცა, ზემოთაც საკუთარი ნებით ვერ მოქმედებენ – საამქროს უფროსებსაც ყველაფერს პროცესი კარნახობს. მოჯადოებული წრეა, რომელსაც არც საწყისი აქვს, არც დასასრული.
შეუცნობელ არიან გზანი პროცესისანი და ყველა მისი მონაწილენი ვართ: მხოლოდ ხრახნები და ჭანჭიკები… ზოგიც – ცალკეული დეტალი ან მთელი მექანიზმი, ბლოკი თუ აგრეგატიც კი… მაგრამ ცივი რკინის და პროცესის ნების სიტყვაშეუბრუნებლად შემსრულებელნი. პროცესია ჩვენი ღმერთი…
P.S.
ნებისმიერ ჭუპრს ეძლევა მეტამორფოზის შანსი – პარკი დატოვოს და მშვენიერ პეპლად იქცეს…
ზ.ო. – 2021, მარტი

ზურა ოდილავაძე