ჰამლეტ ჭიპაშვილი: “აფხაზებთან და ოსებთან პრაგმატული ურთიერთობების აღდგენა ურუსეთოდ – შეუძლებელია!”

ომმა და მას შემდეგ ქართველ პოლიტიკოსთა უმოქმედობამ საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობები რომ ჩიხში შეიყვანა, მტკიცება არ სჭირდება. არადა, თუ არ გამოვფხიზლდით და აფხაზეთთან, ისე, როგორც სამხრეთ ოსეთთან სალაპარაკო ენა არ გამოვძებნეთ  სამარადისოდ დავკარგავთ საბჭოთა კავშირის დროს და მისი ხელშეწყობით საქართველოს შემადგენლობაში შემავალ ყოფილ ავტონომიურ ფორმირებებს. ინიციატივა, სურვილი შერიგებისა, საქმით და არა ტყუილი სიტყვებით, ლოზუნგებით, თბილისიდან უნდა ისმოდეს. ის უნდა აქტიურობდეს, მიუხედავად განაწყენებული აფხაზებისა და ოსების ნეგატიური დამოკიდებულებისა შერიგების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი: "აფხაზებთან და ოსებთან პრაგმატული ურთიერთობების აღდგენა ურუსეთოდ - შეუძლებელია!"

ნეგატიური განწყობა გასაკვირად არ უნდა მოგვეჩვენოს — ჩვენს მიერ ჩადენილი უმძიმესი შეცდომიდან გამომდინარე. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რასაც სულ ახლახანს ჰქონდა ადგილი. მხედველობაში მაქვს ხალხის საპროტესტო გამოსვლა ბენურ კვირაიას ვიდეო-მასალის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ. ფირზე აღბეჭდილია კვირაიას ვიზიტი საქართველოში და მისი შეხვედრა ქართველ მეგობართან და პარტნიორთან. კვირაიას სადღეგრძელო, შემდეგ შინაარსის: “ჩვენ უნდა შევჩერდეთ იმ დამანგრეველ ადგილას, სადაც ვიმყოფებით. ჩვენ უნდა მოვძებნოთ გასაღები შერიგებისთვის და ძმობის აღდგენისთვის“.

2 მარტს სოხუმში გამართულ მიტინგზე აფხაზეთის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას მოსთხოვეს პასუხი გაეცა მისი თანაშემწის კვირაიას საქართველოში ვიზიტზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უმალ გასცა პასუხი ამ კითხვას, რომ კვირაია აღარ არის თანაშემწე, ხოლო მისი ვიზიტი განხორციელდა პირადი ინიციატივით.

აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ კი თქვა: „აფხაზეთში არ არის ისეთი პოლიტიკური ძალა და ლიდერი, რომელსაც დაკარგული აქვს გონება და ცდილობს შეცვალოს საგარეო კურსი — ჩრდილოეთიდან, სამხრეთისკენ. ეს აბსურდია. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული კავშირი უდიდეს სახელმწიფოსთან, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრთან, ბირთვულ ქვეყანასთან. ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც გარანტია ჩვენი საგარეო უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების. ვინ გაიღებს მსხვერპლს ასეთი კავშირის დანგრევისა და რაღაც გაურკვეველი მიზნების მიღწევისთვის? ეს, სრული სიგიჟეა!“.

რას ნიშნავს აფხაზისთვის დამოუკიდებლობა, რომელიც ომით, სისხლით იქნა მოპოვებული? ნებისმიერი აფხაზისთვის დამოუკიდებლობა აბსოლუტური ფასეულობაა, რომელიც არ ექვემდებარება მსჯელობას, კომპრომისებს, დათმობას.

დამოუკიდებლობის თემაში გამონაკლისები არ არის, არც საქართველოსთვის და არც რუსეთისთვის, რაც გამოჩნდა კიდევაც რუსი მწერლის ზახარ პრილეპინის მიერ გამოქვეყნებული მოსაზრების — აფხაზეთი უნდა შეუერთდეს რუსეთს, საწინააღმდეგო განცხადებებში სოხუმიდან: „2008 წლის აღიარება, არის ისტორიული სამართლიანობა, ხოლო რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება არ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს სხვადასხვა პუბლიცისტის მიერ. დღევანდელი აფხაზეთი ახალგაზრდა, დინამიურად მზარდი სახელმწიფოა, რომელიც არ დაუშვებს საკუთარ საშინაო პოლიტიკაში ჩარევას“.

მართალია, ამ განცხადების ავტორი „სახალხო ფრონტია“, მაგრამ სრულიად გამოხატავს აფხაზეთის პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მოსახლეობის აზრს. მოსახლეობა კი აფხაზეთში მრავალეროვანია. აფხაზეთის სტატისტიკის მიხედვით, აქ 19% ქართველი ცხოვრობს, ნაკლები, ვიდრე აფხაზი, 18% სომეხი. რესპუბლიკაში ცხოვრობენ რუსები, ყარაჩევო-ჩერქეზები, აბაზები, ბერძნები, აგრეთვე თურქეთიდან გადმოსახლებული მოჰაჯირები — აფხაზები მათ თურქებს ეძახიან. მათი რაოდენობა 4000-ზე მეტია, თუმცა შესაძლებელია მეტი ყოფილიყო, მოჰაჯირთა მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში.

მეფის რუსეთის პოლიტიკის შედეგად აფხაზეთიდან და ჩრდილო კავკასიიდან აყრილნი, თურქეთში გადავიდნენ საცხოვრებლად და როგორც სტატისტიკა გვეუბნება — 500000-მდე არიან ისინი თურქეთში. მათი სრულად უკან დაბრუნების შემთხვევაში აშკარად შეიცვლება დემოგრაფიული ვითარება, როგორც აფხაზეთში, ისე ამიერკავკასიაში. გაჩნდება პოლიტიკური თავსატკივარი რუსეთში, ვინაიდან გათურქებული აფხაზები რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან იოლი ასატანი არ იქნება მისთვის.

დემოგრაფიული სურათის შეცვლას მოჰყვება პოლიტიკურის, თუმცა ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში ვერ განხორციელდება. პერსპექტივაში კი ვინ იცის. … და რომ ამას არ ჰქონდეს ადგილი ანუ ჩვენი ფეხი იქიდან სამარადისოდ არ ამოიკვეთოს საზრიანი მოქმედებაა საჭირო. მეტი აქტიურობა, პირადი კონტაქტების ამოქმედება და იმ გასაღების, რომელიც სოხუმის გარდა მოსკოვშიც არის. ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის სარკინიგზო, უდავოდ წაადგება ამ ამბავს, მაგრამ შეძლებს ამას „საოცნებო“ ხელისუფლება?

პირადად მე, ეჭვი მეპარება. როგორც ჩანს, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას, ისე, როგორც რუსოფობიური განწყობის მატარებელ ქართულ საზოგადოებას მეზობელი რუსეთისკენ გახედვაც არ უნდა, არადა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქმიანი, პრაგმატული ურთიერთობების აღდგენა ურუსეთოდ წარმოუდგენელია და არა იმიტომ, რომ ის წინააღმდეგია ამის, არამედ ყოფილი ძმები არ გააკეთებენ ამას მასთან შეუთანხმებლად.

ჩვენს მიერ, ჩვენივე ხელით ჩატეხილ ხიდს, ნაცვლად აღდგენისა, კიდევ უფრო ვანგრევთ, რითაც ჩვენსავე თავს ვაყენებთ მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ ვითარებაში. ქართულ პოლიტიკას ახასიათებდა და ახასიათებს შემდეგი — ჯერ კეთება და შემდეგ დაფიქრება, მეტადრე სინანული, როდესაც გაკეთებულს მძიმე შედეგები მოჰყვება.

ცხადია, სინანული რიგით მოქალაქეს უჩნდება და არა პოლიტიკოსს, თორემ შებრუნებით რომ ყოფილიყო, უამრავ შეცდომას ადგილი არ ექნებოდა. თავისსავე შეცდომაზე ისწავლიდა რაღაცას. მაგრამ არა. ქართული პოლიტიკა, არც სხვის შეცდომაზე სწავლობს და არც თავისაზე, თორემ 2019 წლის „გავრილოვის მოვლენის“ შემდეგ, ისეთ „თბილ სტუმარ-მასპინძლობას“ არ გაუწევდა თბილისში, საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოსულ ცნობილ რუს ჟურნალისტსა და პუბლიცისტს პოზნერს, მის თანმხლებ პირებს. რუსოფობიურად განწყობილმა ეგზალტირებულმა პირებმა სასტუმრო „რუმსიდან“ დაწყებული, რესტორნით დამთავრებული, ცხვირში ძმრად ამოადინეს პოზნერს დაბადების დღე.

რა წაიღო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა „სტუმართმოყვარე“ საქართველოდან? მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური გრძნობები, რომელიც მთელს რუსეთს მოედება და ისედაც შემცირებულ რუსულ ტურიზმს, კიდევ უფრო შეამცირებს. არადა, მხოლოდ რუსი ტურისტების შემოსვლაზე ამყარებენ იმედს საქართველოს ხელისუფალნი.

ვაი, ჩვენს თავს. საკუთარი დანით ვიჭრით ყელს. ასეთი ვერც ტურიზმს ააღორძინებს და ვერც კომუნიკაციებს.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი