რუსეთის ეკონომიკა კრიზისის შემდეგ იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე მოსალოდნელი იყო –  მსოფლიო ბანკის ექსპერტების დასკვნა

რუსეთის ეკონომიკა კრიზისის შემდეგ იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე მოსალოდნელი იყო — ასეთია მსოფლიო ბანკის ექსპერტების დასკვნა. ახალი პროგნოზი იანვრისაზე გაცილებით უკეთესია.

რუსეთის ეკონომიკა კრიზისის შემდეგ იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე მოსალოდნელი იყო -  მსოფლიო ბანკის ექსპერტების დასკვნა

ნატალია დემბინსკაია

შეზღუდვების გაუქმება და ვაქცინაცია

მსოფლიო ბანკში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2021 და 2022 წლებში 2,9 და 3,2 პროცენტებით გაიზრდება (შესაბამისად). იანვარში კი საუბარი 2,6 და 3,0 პროცენტებზე იყო.

„აღდგენა, როგორც მოსალოდნელია, დაჩქარდება <…> ზრდაც მოიმტებს <…> პანდემიის შედეგების გავლენის თანდათანობით შესუსტების კვლადაკვალ“, — ხაზს უსვამენ ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკების შესახებ მოხსენების ავტორები.

2020 წლის მშპ–ის დანაკარგები სხვებზე ნაკლები გამოდგა — 3,1 პროცენტი. სწორედ ამის საფუძველზე შეიცვალა პროგნოზი.

აქტიურ ზრდას ხელს შეუწყობს შეზღუდვების შესუსტება. რუსეთს არ გამოუცხადებია ლოკდაუნი კორონავირუსის მეორე ტალღის გამო, რამაც  კრიზისიდან სწრაფად გამოსვლა გახადა შესაძლებელი. მსოფლიო ბანკის დასკვნის ამოსავალი ისაა, რომ ქვეყანა შეძლებს, თავიდან აიცილოს COVID-19–ის მესამე ტალღა.

მსოფლიოს ბანკის ექსპერტები მძლავრ დრაივერად რუსულ ვაქცინასა და აცრების კამპანიას მიჩნევენ. თუმცა იმავდროულად რისკებზეც მიუთითებენ: თუ მოსახლეობა აქტიურად არ აიცრება, ეპიდემია გაგრძელდება.

ვითარებაზე ნეგატიურად აისახება მორიგი დასავლური სანქციებიც. საბანკო სექტორიც ეჭვებს იწვევს. ეკონომისტების შეფასებებით, იპოთეკური ბაზარი გადაიწვება, რაც აქტივების ხარისხს გააუარესებს და ფიანნსური ორგანიზაციების შემოსავლებს შეამცირებს.

სიღარიბის დონე და ბიუჯეტი

მსოფლიო ბანკში ვარაუდობენ, რომ რუსეთში სიღარიბის დონე გასულ წელთან შედარებით შემცირდება, თუმცა 2022 წლამდე მაინც უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პანდემიამდელი მაჩვენებლები იყო. მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების სოციალურმა ზომებმა არ დაუშვა ქვეყანაში კიდევ მეტი გაღარიბება.

დეკემბერში ამის თაობაზე საუბრობდა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი რუსეთში რენო სელიგმანი, რომელიც რუსეთის მთავრობის ანტიკრიზისული ქმედებების ეფექტურობას უსვამდა ხაზს.

სახელმწიფომ გაზარდა ხარჯები ბიზნესისა და მოსახლეობის მხარდაჭერის კუთხით. ამას პლუს ცენტრობანკს აქვს სოლიდური ფინანსური რეზერვები. ანტიკრიზისული გადასხმები ექსპერტებმა მშპ–ის 4%-ად შეაფასეს (ოთხ ტრილიონ რუბლზე მეტი), რამაც ქვეყნის გაღატაკება შეაჩერა.

შრომის სამინისტროში მანამდე სიღარიბის 13%-იან მაჩვენებელზე საუბრობდნენ. ეს თითქმის 20 მლნ კაცია.

მსოფლიო ბანკმა ბიუჯეტის პროგნოზიც გააკეთა. გასული წელი 4,1 ტრილიონი რუბლის დეფიციტით დასრულდა, რაც მშპ–ის 3,8%-ია. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 1,8%-მდე შემცირდება, ხოლო 2022 წელს ქვეყანა პროფიციტში გავა.

რეცესია დასრულებულია

მარტის შუა რიცხვებში ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“ ექსპერტებმა განაცხადეს, რომ რეცესია შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს. „2020 წლის ბოლოს ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში ძირითადი მაკრომაჩვენებლების ზრდა ფორმალურად გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ რუსეთში რეცესია 2021 წლის დასაწყისში დასრულდა“, — ნათქვამია ექსპერტების კვლევაში.

როგორც ეკონომისტებმა განმარტეს, მშპ–მა მესამე და მეოთხე კვარტლებში 4,2 და 1,7 პროცენტებით მოიმატა, ხოლო ძირითად კაპიტალში ინვესტიციები 1,2 და 0,4 პროცენტით გაიზარდა.

ექსპერტებმა აღნიშნეს საინვესტიციო აქტიურობის შედარებით სუსტი ვარდნაც. და ეს ერთ–ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთს კრიზისი ნაკლებად მტკივნეულად გადააქვს, ვიდრე მთელ დანარჩენ მსოფლიოს. პოსტსაბჭოთა ისტორიაში ასეთი რამ პირველად ხდება.

ანალიტიკოსების თქმით, 2020 წელს რუსეთის მშპ იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე კრიზისულ 2015 წელს (2%), თუმცა ეს 2009 წლის მაჩვენებელზე ნაკლები იყო  (7,8%).

„ასეთი შედეგი განსაკუთრებულად აღსანიშნავია მეოცე საუკუნის შუა წლებიდან ყველზე ძლიერი რეცესიის ფონზე მსოფლიო ეკონომიკაში (საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებით, მინუს 3,5%), მით უმეტეს, რომ გლობალურ კრიზისს ნავთობზე ფასების ძლიერი ვარდნაც ერთვოდა“, — ნათქვამია „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“ ექსპერტთა ბიულეტენში.

თებერვლის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯებს პანდემიასთან ბრძოლაში მაღალი შეფასება მისცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. მისი ექსპერტების ვარაუდით, 2021 წელს ქვეყნის მშპ სამი პროცენტით გაიზარდა, მომავალ წელს კი ეს მაჩვენებელი 3,9%-ს მიაღწევს — იმაზე მეტს, ვიდრე ევროზონაში ან აშშ–ში იქნება. საკვანძო დრაივერებად ექსპერტები მასობრივ ვაქცინაციას, სახელმწიფოს დახმარებებს, სოლიდურ რეზერვებსა და ვალების დაბალ დონეს ასახელებენ.

რუსეთი პერსპექტიულ ბაზრად აღიარეს სააგენტო Bloomberg–ის ანალიტიკოსებმაც, რომლებმაც 17 ქვეყანა გამოიკვლიეს ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის 11 მაჩვენებლის მიხედვით. რუსეთმა რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა.

ექსპერტებმა აღნიშნეს საიმედო საბიუჯეტო პროფილი და კარგი საინვესტიციო პოზიცია — 30%, და ასევე სოლიდური საერთაშორისო სავალუტო რეზერვები — 587,1 მლრდ. დეფოლტის ალბათობა მინიმალურია. Bloomberg–ის პროგნოზით, რუსეთს საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა ექნება 2021 წელს — სამი პროცენტი.