საზოგადოება, რომელმაც ივანიშვილი გააბატონა, აშკარად ღრმად ავადაა… -„მესამე თვალი“ და ვარდისფერი ფლამინგო

იმ ქვეყანაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი მესამე ვადით აღარ აირჩიეს, თითქოს ყველაფერი წესრიგში უნდა ყოფილიყო, მაგრამ საზოგადოება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი გააბატონა, აშკარად ღრმად ავადაა…

საზოგადოება, რომელმაც ივანიშვილი გააბატონა, აშკარად ღრმად ავადაა... -„მესამე თვალი“ და ვარდისფერი ფლამინგო

პირველი სვლა მართლაც ლოგიკური იყო – „მოძველებული“ ხელისუფლება, ავტორიტარიზმი და უსამართლობა… აი, შემდეგი სვლა კი სრულიად დამანგრეველი აღმოჩნდა – ჩვენ საკუთარი თავი (ქვეყანა) დავაშამათეთ – შამათი ორ სვლაში.
ამ ეროვნული სუიციდის მიზეზი ორი იყო: ძველი ხელისუფლების სიძულვილი და, ამავე დროს, წარმოუდგენელი სიხარბე და ძალაუფლების სიყვარული. უმრავლესობამ სახელმწიფოს შემდგომ განვითარებას, ,,თბილი ადგილი“ ამჯობინა. დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ბატონის ნასუფრალი, რომელსაც ყველა ოდნავ შესამჩნევი მინისტრი, ჩინოვნიკი თუ პოლიციელი, კონვერტში გახვეული მადიანი ძვლის სახით, ყოველთვიურად იღებს და ხაზინის ქურდობისა თუ ქრთამის აღების „სახელმწიფო ლიცენზია“ პრივილეგირებულ წრეზე ისე მსუყედ არის გადანაწილებული, რომ პრაქტიკულად არც იმალება.
რასობრივი დისკრიმინაციის ყველაზე სასტიკ ფორმაციაში – აპარტეიდში, ოდნავ ღირსეული (თუ ნასუფრალით არსებობას ღირსეული შეიძლება ეწოდოს) ცხოვრების უფლება მხოლოდ ,,თეთრკანიან“ რასას აქვს, მეორეხარისხოვანი მოსახლეობის 80% ბატონებისთვის არც არსებობს – ,,შავკანიანები“ გადარჩენისთვის ვიბრძვით…
საშიში ის კი არ არის, რომ ადამიანებს არ სურთ, „მეფის სიშიშვლე“ დაინახონ – „თეთრების“ ეს სიბრმავე მოქრთამვით მარტივად იხსნება, ,,შავები“ კი სათვალავში არც არიან. ,,ავადმყოფი ხომ ლოგინში უნდა იხმარო“ – ჩვენში ამგვარი მიდგომა ყოველდღიური ნორმაა… ბევრად საშიშია ის, რომ ზოგიერთი ხედავს მეფის იმ სამოსს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს… აი, ეს ,,მესამე თვალით“ არარსებულის დამნახავები გახლავთ ყველაზე საშიში კასტა!
უმსგავსობის „გამპრავებელთა“ დივიზიები დღედაღამ, თუ ტელევიზიებში, თუ „ფეისბუქზე“ ურცხვად მუშაობენ… ურცხვად იმიტომ, რომ უკვე არგუმენტების ოდნავ მაინც საღ აზრთან მიახლოებასაც კი არ ცდილობენ და ურაპატრიოტულ ლოზუნგებს ცინიკურად აბრეხვებენ. დაუჯერებელია, მაგრამ სრულიად უტიფარი საბუთი – „გარეჯი საქართველოა!“ ან „სტუმარ-მასპინძელი“ არ წაგიკითხავთ?!“ – ჯერ მაინც მუშაობს… არადა, თითქოს ვარდისფერი ფლამინგოებისა და პინგვინებისთვისაც ცხადი უნდა იყოს – ეს ტყუილიც არ არის, ცუდი სიზმარია, რაღაც ფანტასმაგორიაა…
პროპაგანდა ქმნის კომფორტულ სურათს – „მტრები“, ანუ „ნაცები“ და „პატრიოტები“. ნებისმიერს, ვინც არ გეთანხმება, „ნაცის“ იარლიყს მიაწებებ და ,,მტრის ხატიც“ მზადაა! მტრებს კი უნდა ებრძოლო და გაანადგურო.
თუმცა, დღეს უმრავლესობისთვის ,,მეფე“ მაინც „შიშველია“ – ეს კი იმედისმომცემია. იმისთვის, რომ საპნის ბუშტი გასკდეს, საკმარისია სულ ერთი, პაწაწინა ნახვრეტი… თუ ბატონყმობა არ გაუქმდება ზემოდან, ის ოდესღაც გაუქმდება ქვემოდან – ეს აქსიომაა… რაც უფრო გვიან, მით უფრო მტკივნეულად ბატონებისთვის…
ეს ავტორიტარული რეჟიმიც დაემხობა. როგორც დღეს ჩანს, არა იმდენად ოპოზიციის წნეხით, რამდენადაც თავისით – ქურდობის, მექრთამეობის, ამორალურობისა და ხალხის გაღატაკების სიმძიმით, რადგან ხელისუფლება მთლიანად გამოლპა…
რა უნდა გაკეთდეს პირველივე დღეებში? აუცილებელია სახელმწიფოსადმი ნდობის მკვეთრი ამაღლება! ეს კი, მხოლოდ სამართლიან სასამართლოს შეუძლია.
ასე რომ, რის „არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა“ – გვაშაყირებთ?! იქ სადაც არ არის კანონის უზენაესობა, იქ სადაც კანონის წინაშე ყველა არ არის თანასწორი, იქ სადაც საჩივარს ,,კლანის“ ნება-სურვილით განიხილავენ – ანუ იქ სადაც არ არსებობს სასამართლო, იქ არაფერი არ არის, არც სახელმწიფო, არც არჩევნები!
ვარდისფერო ფლამინგოებო, მიწყნარება დროებითია, თქვენ გელით სავსებით მოსალოდნელი სიკვდილი…
ზ.ო. – 2021, აპრილი

ზურა ოდილავაძე