ვაშლიჯვრის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შემუშავდა საევაკუაციო გეგმა – კახა კალაძე

კახა კალაძემ განმარტა რა ღონისძიებები ტარდება ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრის ჩამოწოლის პრევენციის მიზნით.

ვაშლიჯვრის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შემუშავდა საევაკუაციო გეგმა - კახა კალაძე

“ოპერატიულად დავიწყეთ მეწყრული ზონის 24-საათიანი მონიტორინგი, რათა დეფორმაციის ხასიათსა და დინამიკაზე დაკვირვება გვეწარმოებინა. გასულ კვირას უკვე დავამონტაჟეთ მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც უფრო ზუსტი დაკვირვებისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, შესაბამისი უწყებების მიერ, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შემუშავდა საევაკუაციო გეგმა. ეს, რა თქმა უნდა საჭირო არ არის, თუმცა თუ გაჩნდა გადაუდებელი აუცილებლობა, ეს გეგმაც არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. რაღაც საფრთხე რომ ყოფილიყო, პირველები ჩვენ ვიქნებოდით, ვინც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა. აქაც ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, პანიკის დათესვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოს აუცილებელია მოსახლეობის ევაკუაცია. ეს მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამ განცხადებებს ავრცელებდა” – განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია, რათა მეწყრის გადაადგილება შემცირდეს. ასევე ეწყობა დროებითი გზები, რათა სამუშაოების მომდევნო ეტაპზე გატარდეს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხოებასა და მოძრაობის აღდგენა.

წყარო: itv.ge