არ ყოფილიყო ეროვნული ხელისუფლებიდან დაწყებული ანტირუსულობა, არ იქნებოდა ის საზარელი წლები, რომლებმაც ამ ჭაობში მოაქცია ქვეყანა!

რუსოფობია ყველგან და ყველაფერში არის საქართველოს მთავარი მამოძრავებელი ძალა. არა ეკონომიკა, არა ფისკალური პოლიტიკა, არა სახელმწიფო პოლიტიკა, არა სოციალური პროგრამა, არა მეცნიერება, არა განათლება, არა კულტურა, არა … . რომელი ერთი ჩამოვთვალო. არაფერი არა!

არ ყოფილიყო ეროვნული ხელისუფლებიდან დაწყებული ანტირუსულობა, არ იქნებოდა ის საზარელი წლები, რომლებმაც ამ ჭაობში მოაქცია ქვეყანა!

დიახ! რუსოფობიას, რუსეთის ლანძღვა-გინებას. დიახ! ევროკავშირსა და ნატოს. დიახ! ყველაფერ დასავლურს — ქართული ტრადიციებისთვის შეუფერებელს, უმსგავსოს.

ფინალი? — დაქცეული, გაპარტახებული ქვეყანა, უცხოეთში გაქცეული და გასაქცევად გამზადებული ხალხი — საკუთარი თავის და ოჯახის გამოსაკვებად, თუნდაც შეურაცხმყოფილი, უმძიმესი სამუშაოების შესრულებით.

დიდი ისტორიის, კულტურის, თვითმყოფადი ცხოვრების მატარებელი — ოდესღაც, დღეს დაცემული, გამათხოვრებული, სხვისი ხელის შემყურე. და ეს ყველა „სიკეთე“ რუსოფობიიდან.

არ ყოფილიყო გამსახურდიას მმართველობიდან დაწყებული ანტირუსულობა, არ იქნებოდა ის საზარელი წლები, რომლებმაც ისეთ ჭაობში მოაქცია ქვეყანა, საიდანაც ამოსვლა გაჭირდება. ჭაობიდან ამოსვლა, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, ჭაობში ჩავარდნილისთვის შეუძლებელია, ვიღაცის მიერ მაშველი ხელის გარეშე. ვინ გამოგვიწვდის ხელს? რომელი მეზობელი? არც ერთ მათგანთან ხომ თანაბარი ურთიერთობები არ გვაქვს? ანდა რატომ უნდა გამოგვიწოდონ, საკუთარი ინტერესების გაუთვალისწინებლად?!

მეგობრული ხელის გამომწვდელი საბჭოთა ეპოქა დასრულდა. მაშინ, კრემლის მოთხოვნის გათვალისწინებით, ერთიანი საბჭოური ოჯახი დახმარების ხელს უწვდიდა ყველა იმ საბჭოთა რესპუბლიკას, რომელსაც ასეთი ესაჭიროებოდა. და ეს არ იყო მარტო რუსი პოლიტიკოსების გადაწყვეტილება. ეს, ყველა საბჭოთა რესპუბლიკის მიერ მიღებული კოლექტიური გადაწყვეტილების ნაყოფი იყო. მათ მიერ საბჭოეთის ცენტრ მოსკოვში მივლინებული პოლიტიკოსების, მრავლობით რიცხვში რომ შრომობდნენ ცენტრის საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, პარტიულ აპარატში.

იმ დროს ხელის გამოწვდა არაფრით ასოცირდებოდა დამამცირებელ ქმედებასთან, შეურაცხყოფას არ აყენებდა დახმარების მსურველ საბჭოთა რესპუბლიკას, რამეთუ მან იცოდა საბჭოთა, მართლადცდა ძმურ ოჯახში მცხოვრები, დღეს მიიღებდა დახმარებას და ხვალ კი ასეთს თვით გასცემდა, თუკი ამის საჭიროება იჩენდა თავს.

საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთის ფედერაცია, რომელიც ისე, როგორც დანარჩენი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, მათ შორის ჩვენიც, 30 წელია დამოუკიდებელი, კაპიტალისტური ცხოვრებით „ვტკბებით“, რომელმაც თავისთავად, კაპიტალიზმის მოთხოვნებისდა მიხედვით გამორიცხა ქვეყნებს შორის ურთიერთობიდან ყოველგვარი ძმური დახმარება. უანგაროდ, საფასურის გადახდის გარეშე არვინ გაგიწევს დახმარებას.

დიდი შეღავათის გაწევასაც ვერვინ ეღირსება, თუ რაღაც პირობა არ აღუთქვა დახმარების მსურველმა. დახმარება ვალია. შეღავათი, ვალის გადახდის ნაკლები პროცენტები და დროში გაჭიმული პროცედურა. ვალის სრულად დაფარვამდე, ვალის ამღებს ყოველწლიური პროცენტები აღრჩობს და საბოლოო ჯამში, ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, ვალის გამცემის ნებისმიერი მოთხოვნის შემსრულებელი ხდება.

კაპიტალისტური სამყაროს, განსაკუთრებით ამერიკულის მტაცებლური ხასიათის თაობაზე შესანიშნავად აღწერა, ამერიკული კაპიტალისტური პროგრამის უშუალო გამტარებელმა ჯონ პერკინსმა თავის წიგნში „ეკონომიკური მკვლელი“. ავტორის მიხედვით, აშშ-ს ტრანსატლანტიკური კორპორაციები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნები მოხიბლონ თავიანთი ყურადღებით, „დიდსულოვნებით“, დაიახლოვონ ისინი, გაუჩინონ მათ ამერიკისადმი ნდობა, წაახალისონ ისინი კარგი მუშაობისთვის, სხვადასხვა სახის რეიტინგებში გამარჯვებაც მოაპოვებინონ და ბოლოს, უეცრად დაანახონ, რომ ჭაობში ჩაძირულები არიან.

კულმინაციურ მომენტში გუშინდელი „დიდსულოვანი“ იხსნის ნიღაბს და კბილებ-დაკრეჭილი მტაცებლის ნამდვილ სახეს აჩენს — ვალის დაბრუნების კატეგორიული მოთხოვნით. და როდესაც მოვალე ვალს ვერ აბრუნებს — ნატურით ახდევინებს მას, მაგალითად მიწით, პოლიტიკური დათმობით, ისეთი საქმის კეთებით, რაც ვალის გამცემისთვის მისწრებაა, მევალისთვის — კატასტროფა. ასეთი, სამარადისო მევალე ხდება, ვალის მიმცემის ნებისმიერ ხუშტურზე მოსიარულე.

30 წელია საქართველო ამ გზაზე დადის — ასრულებს რა ამერიკელთა შეკვეთას — იყოს რუსეთის მტერი, აგინოს რუსეთს, პრობლემები შეუქმნას მას საერთაშორისო არენაზე, შეურაცხყოს მისი იმიჯი. შიგადაშიგ, ვითარების უფრო დაძაბვის მიზნით, აქეზებს მას რუსეთის წინააღმდეგ — შიშველი სამხედრო აგრესიისკენ. განა ამას არ ჰქონდა ადგილი 2008 წელს?!

განა ამას არ აქვს ადგილი ამჟამინდელ უკრაინაში, სადაც ფაშიზმი ყვავის და მასთან ერთად რუსოფობია, სადაც უკრაინას ჯარი ჰყავს მიყენებული დონეცკ-ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების საზღვრებთან და მიუხედავად მინსკში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა ჟუჟავს სეპარატისტული სახალხო რესპუბლიკების მოსახლეობას.

უკრაინა და საქართველო განსაკუთრებული „ყურადღებით“ სარგებლობენ აშშ-ს პოლიტიკოსთა, ხელისუფალთა შორის და ისინიც, ბრიყვული აღტაცებით თვალში შესციცინებენ მათ. ბატონისადმი ყმების დამოკიდებულებას უფრო ჰგავს ეს ურთიერთობა, ვიდრე პარიტეტულ საფუძვლებზე პარტნიორთა ურთიერთობას. თუმცა რა პარტნიორობაზე შეიძლება ლაპარაკი გაღლეტილ, თითისტოლა საქართველოსა და მსოფლიოს ჰეგემონ აშშ-ს შორის?!

ეს, ჩვენ გვგონია, რომ აშშ-ი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ მათ?! ისინი, ისე გვიყურებენ, როგორც შეგვეფერება, ანუ გამათხოვრებულებს, მოვალეებს.

30-წლიანმა ე.წ. პოლიტიკამ სადამდე მიიყვანა საქართველო — დღის სინათლესავით ნათელია. გაპარტახებული ეკონომიკა, გაუფასურებული ლარი, სოციალური კრიზისი, უმუშევრობა, დაცემული დემოგრაფია, საკუთარი მოსახლეობისგან დაცლილი ქვეყანა. და რაც მთავარია იმპოტენტი ხელისუფლება, იმპოტენტური სახელმწიფო მართვის სტრუქტურა, დაფუძნებული ერთი ოლიგარქის მმართველობაზე.

ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს დემოკრატიულს, სუვერენულს, დამოუკიდებელს უწოდებს ერთი ოლიგარქის ხუშტურებს ემსახურება. ამის შემყურე „დიდი დემოკრატი“ ქვეყანა, აშშ-ი თვალს ხუჭავს, რაც მისთვის, ვითარცა დემოკრატისთვის არათუ მიუღებელი, აღმაშფოთებელი უნდა იყოს. ვითომაც არაფერიო, აგრძელებს ოლიგარქის მიერ დანიშნულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. რატომ?

იმიტომ, რომ ხელისუფლება ზედმიწევნით კარგად ასრულებს რუსოფობიობას. ამ თვალსაზრისით „ოცნება“ არათუ ჩამოუვარდება „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ აჭარბებს კიდევაც მას. რუს ოლიგარქად მონათლულმა ივანიშვილმა ისე მოხიბლა ვაშინგტონი, რომ სააკაშვილიც უკან ჩამოიტოვა, ბოკერიაც და სხვა მისთანებიც. გუშინ, აშშ-ი „ნაცებს“ უცხადებდნენ პარტნიორობას, დღეს, „ოცებს“. ეს, პოლიტიკაა, სადაც მეგობრობა არ ჭრის. აქ, ინტერესებია — გაცილებით მიმზიდველი ამერიკული კაპიტალიზმისთვის, ვიდრე დახავსებული მეგობრობა.

ასედაამრიგად პირწავარდნილმა პროდასავლელმა ივანიშვილმა იმდენი იღვაწა, სანამ ქვეყანა ჭაობში არ ჩაძირა. რასა იქმს ამის შემყურე აშშ-ი, საქართველოს პარტნიორი? არც არაფერს და როგორც ჩანს შავი სამოსელითაც არ შეიმოსება საქართველოს პანაშვიდზე დასასწრებად.

არადა, მართლაც საპანაშვიდე ვითარებაა შექმნილი. ქვეყანაში არ ჩანს ინვესტიციები, ტურისტები და აქედან გამომდინარე უცხოური ვალუტა. ასეთის უქონლობა ნიშნავს იმას, რომ ლარი გაჭენდა და მას ვერვინ დააკავებს. გაჭენებული ლარი ფასებსაც აჭენებს — კვების პროდუქტებიდან, საწვავიდან, მედიკამენტებიდან დაწყებული, ნებისმიერი სახის ნივთით დამთავრებული. ქვეყანა ხომ უცხოეთში შეძენილ საკვებ პროდუქტებზე, წამლებზე, ნივთებზე ცხოვრობს? აღნიშნული ნაწარმის შეძენას ხომ დოლარი ან ევრო სჭირდება? მაგრამ რომ არ გვაქვს, რით შევიძინოთ?

ასეთ ვითარებაში ქვეყანაში არსებული სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, ობიექტები უნდა მუშაობდნენ. უნდა, მაგრამ რაც არ არის — რა იმუშავებს?!

30 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა ხელისუფლებამ, რაც მოახერხა საბჭოეთიდან შემორჩენილი საწარმოების ჯართად გაყიდვა იყო. და დავრჩით შიდა პროდუქტის გარეშე, ისე, როგორც გარეს. სულ ახლახანს სუპერმარკეტ „ფრესკოში“ გაჩნდა დაფასოებული ცელოფნის პაკეტი — ხუთი ცალი ალუჩით. ფასი ასტრონომიული — 12 ლარი, ტყემლის და ალუჩის ქვეყანაში!!!

მომხმარებელს აღარ აკვირვებს — ხილის ქვეყანაში, განსაკუთრებით ვაშლის, სუპერმარკეტების დახლებიდან მომზირალი, მუდამ მწვანე, აპრიალებული, „პლასტმასის“ ვაშლების ასტრონომიული ფასები. ჯანდაბას, იტყვის ის და შეძენას გარისკავს, მაგრამ თუ ჩაკბიჩა, კბილებს ზედ დატოვებს, გემოს კი ვერ გაუგებს. მაინც როგორ ახერხებს ეს „დალოცვილი“ დასავლეთი ასეთი უჯიშო ჯიშების გამოყვანას — ვაშლი იქნება თუ მსხალი, ყურძენი თუ მარწყვი — ზომით ვაშლს რომ არ ჩამოუვარდება, გემო კი … .

საქართველოს გასაჭირი რომ მარტო ეკონომიკასა და პოლიტიკაში იყოს, რა გვიჭირს. საქართველოს გასაჭირი აზროვნებაშია. 30-წლიანმა დასავლურმა, კერძოდ ამერიკულმა გავლენამ, უპირველესად თუ რა შეგვიცვალა აზროვნებაა. გაუკუღმართებულმა აზროვნებამ გამოიწვია ჭარბი რუსოფობია, წარსული საბჭოური ცხოვრების განქიქება, კარჩაკეტილობა, დოლარისადმი ტრფობა, სიტყვების — მეგობრობა, სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი, დავიწყება და ამ სიტყვების ბიზნეს-ურთიერთობებით, მომხვეჭელობით ჩანაცვლება, ლგბტ-ს მიმართ თბილი დამოკიდებულების დაფიქსირება, მითუმეტეს მოდად ქცეული ლგბტ-ს წევრობით თავგამოდება, მართლმადიდებლობის მიმართ ალმაცრად მზერა და ა.შ.

ყოველივე აღნიშნული „ამერიკულ ცხოვრებაში“, „ამერიკულ იმედებში“ ჯდება. მიდით ქართველებო, მიაწექით, ვიდრე ბოლო ქართველი არ გაამერიკელდება. მართალია, ამ გზაზე გუშინდელი მეგობრის ლანძღვა-გინება მოგიწევთ, მაგრამ მერე რა? არ გაგიკეთებიათ და ვერ გააკეთებთ? გააკეთებთ და მერე როგორ, სულ დაივიწყებთ სავალალო წარსულს, ჭაობში ბუყბუყს, სასოწარკვეთილ ყვირილს — გვიშველეთო და საშველად გამოწვდილ ხელს, რომელმაც ჭაობიდანაც ამოგვიყვანა, დაგვბანა, შეგვმოსა, გვასწავლა, სახლიც და ქვეყანაც აგვიშენა, დიდი კულტურისა და ისტორიის მატარებელი ერის შეგრძნებაც დაგვიბრუნა.

სააკაშვილს, აშშ-ს პრეზიდენტის კორჯ ბუშ უმცროსის წინაშე სიტყვის წარმოთქმის დროს ერთხელაც არ წაუბორძიკებია, როდესაც მხსნელი რუსეთი, ისტორიულ მტრებთან თურქეთთან და ირანთან ერთად, ერთ კონტექსტში მოიხსენია.

ზემოთ ვახსენე 30-წლიანი პერიოდის დროს ქართველთა აზროვნების გაუკუღმართებაზე. გაუკუღმართებაა, როდესაც საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანები — არ ვიცი შიშის თუ რიდის ან ცენზურის გამო, აგინებენ რუსეთს — უადგილო, ადგილას, მოურიდებლად. რა შეიძლება ვუწოდოთ ამას? იქნებ „ნაცური“ ოპოზიციის მიმართ შიში? იქნებ რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი საზოგადოების შიში? იქნებ თვითცენზურა, ვაითუ ჩემმა ნათქვამმა ხიფათს არ გადამყაროსო? თუ სხვა მრავალი, რომელიც უკავშირდება შიშს. მართლაც რუსეთის სიძულვილს, მე ვიტყოდი დაუმსახურებელს და მიუღებელს, თუ რას?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ტვინგადაბრუნებულ ქართველობას გაუჭირდება, ისეთს, როგორიც პატივცემული ჯემალ ჯანაშიაა — დღემდე ჩემთვის განათლებულ პროფესიონალად აღქმული, მაგრამ დღეის შემდეგ უდავოდ არა და რატომ?!

„ძალისმიერი ინტერვენციული პოლიტიკის და შესაბამისი დიპლომატიის გამოყენებით მეფის რუსეთმა უდიდესი იმპერია ააშენა. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მან კავკასიის კოლონიზაცია დაიწყო. დაიპყრო: საქართველო 1801 წელს, აზერბაიჯანი — 1813 წელს, ყველაზე ბოლოს დანებდნენ ჩეჩნეთი — 1858-ში და დაღესტანი — 1878-ში“ — გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ (სტატია „ნარკოტიკები და პოლიტიკა“).

სტატია ნარკოტიკების გავრცელებას ეხება და ტექსტიდან გამომდინარე არაფერ შუაშია  ისტორიულ წიაღსვლებთან, რაშიც ის აშკარად მოიკოჭლებს, იმეორებს რა ყველა ქართველის უსაფუძვლო მტკიცებას, რომ რუსეთმა საქართველო დაიპყრო.

ჩემს ერთ-ერთ წინა სტატიაში ხაზგასმით აღვნიშნე რა „დაპყრობასთან“ გვაქვს საქმე და შეიძლება თუ არა ვუწოდოთ ამ „დაპყრობას“ „დაპყრობა“, როდესაც თვით „დაპყრობილი“ თხოვდა რუსეთის იმპერატორს პავლე I რუსეთთან შეერთებას. 1799 წელს იმპერატორმა პავლე I-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა გეორგიევსკის ტრაქტატის მნიშვნელობა და თბილისს გამოაგზავნა დესპანი ინსტრუქციებით, რომ ხელი შეეწყოთ პატარა ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII-მ დაჟინებით მოითხოვა რუსეთის სამეფოში შესვლა.

მეფეს საკუთარი ინტერესები ამოძრავებდა. ქართლ-კახეთის რუსეთის სამეფოში შესვლის მიუხედავად, ის და მისი დინასტია ინარჩუნებდა მეფის ტიტულს და შესაბამის ანაზღაურებას. ეს, გადაწყვეტილება მისთვის ხელსაყრელი იყო, ვინაიდან ქართლ-კახეთი ხომ დამოუკიდებელი სამეფო არ ყოფილა?!

1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით, ქართლ-კახეთი იძენდა რუსეთის პროტექტორატობას, თუმცა კარგავდა დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, მაგრამ იღებდა დამოუკიდებლობის გარანტიებს და დაცვას თურქული და სპარსული აგრესიისგან.

გეორგიევსკის ტრაქტატამდე იყო კი ქართლ-კახეთი დამოუკიდებელი?!

ცხადია არა!!! საქართველო მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო დაქუცმაცებული პატარ-პატარა სამთავროებად, რომლებიც ტრადიციულად შედიოდნენ სტამბოლისა და თეირანის გავლენის სფეროებში, ინარჩუნებდნენ რა დამოუკიდებლობას მხოლოდ სიტყვიერად, ფაქტიურად კი მეზობელი ორი ქვეყნის პროვინციად ითვლებოდნენ.

რუსეთთან შეერთების მოსურნე ქართვლ-კახეთის მეფე გიორგის უეცარი სიკვდილის შემდეგ, ტახტისთვის მებრძოლთა მხრიდან მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, 1801 წლის 30 იანვარს იმპერატორმა პავლე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს — ქართლ-კახეთის რუსეთის შეერთებასთან დაკავშირებით.

რა შუაშია დაპყრობა? დავუშვათ „დაპყრობას“ ჰქონდა ადგილი, რა მოუტანა მან ქვეყანას? გადაარჩინა ფიზიკური განადგურებისგან — აღმოსავლეთ საქართველოს სპარსეთის პროვინციად, ხოლო  დასავლეთს, თურქეთის ვიალეთად გადაქცევისგან.

რუსოფობია, რომ ქართულ საქმეზე ნეგატიურად მოქმედებს კიდევ ერთხელ დადასტურდა თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის მიერ წამოწყებული პროექტის — ექვსთა კავშირის უგულებელყოფით. საქართველოს ხელისუფლებამ არ გაიზიარა ეს წინადადება და რატომ? იმიტომ, ხომ არა, რომ ამერიკელებს არ მოსწონთ?

დიახ! სწორედ ამაშია საქმე. ოფიციალურ ვაშინგტონს არ მოსწონს და რახან ასეა, საქართველომ თვით გამოაცხადა თავი ამიერკავკასიისგან გარიყულად, ე.ი. იმათგან, ვისგანაც დახმარების შესაძლებლობა, პრაქტიკული თუ არა, თეორიული მაინც არსებობდა.

ყარაბაღის ომის შემდეგ და იქ რუსი სამშვიდოების ჩაყენებამ, აზერბაიჯანისადმი თურქეთის მიერ ომში გაწეულმა დახმარებამ კარდინალურად შეცვალა ვითარება ამიერკავკასიაში. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების მიზნით თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს და ირანის კავშირის — სახელწოდებით „კავკასიის პაკეტი“ შეიმუშავა, რომელსაც მიესალმა საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუმცა მისი მოსაზრება აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ გაიზიარა და ისიც თქვა — ზურაბიშვილი სხვას გულისხმობდაო.

აღმასრულებელ ხელისუფლებას ვინ ჩასძახა? საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა იან კელიმ: „ვერ გამიგია, რატომ თანხმდება თბილისი იმ ფორმატში მონაწილეობას, სადაც რუსეთია — საქართველოს ტერიტორიის 20%-ს ოკუპანტი. რატომ აძლევს ის რუსეთსა და ირანს საკუთარ რეგიონულ საკითხებში სიტყვის თქმის შესაძლებლობას? ამერიკელი ექსპერტების აზრით, „ექვსეულის პლათფორმაში“ ამერიკა-ევროკავშირის არ არსებობის შემთხვევაში ჩამოაშორებს საქართველოს მათგან“.

სხვა აზრის არის ამერიკული გამოცემა Eurasianet-ი, რომლის მიხედვით, რეგიონი მზად უნდა იყოს გარდაქნებისთვის, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდება, ისე, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც თავისთავად გამოიწვევს თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი საქართველოს ტრანზიტული ქვეყნის სტატუსის შეცვლას.  საქართველო დაკარგავს დერეფნობის შესაძლებლობას. მართალია, ასეთი ცვლილება უცბათ არ მოხდება, მაგრამ პროცესი დაწყებულია.

ყოველივე აღნიშნული ქართული პოლიტიკის უსუსურობაზე მეტყველებს, ისე, როგორც ამერიკისადმი სრულ დამოკიდებულებაზე. ამ ქვეყნისთვის ჩაბარებული ჩვენი დამოუკიდებლობა — 1991 წლის დეკემბერში კრემლის მიერ ნაბოძები, სხვა სახეს, ცხადია ნეგატიურს  უქმნის ქვეყანას, როგორც მეზობლების, ისე შორეული ქვეყნების თვალში. დავუმატოთ ამას მძაფრი რუსოფობია და მივიღებთ ქვეყნისთვის საზიანო შედეგს.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი