ავღანეთს სექტემბრამდე ქართული ძალებიც დატოვებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას, ამერიკელ სამხედროებთან ერთად, ქართული ქვედანაყოფებიც დატოვებენ.

ავღანეთს სექტემბრამდე ქართული ძალებიც დატოვებენ

“დღეს ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთის მისიის ეტაპობრივად, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულების შესახებ. შესაბამისად, ნატოსთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებენ ქართული ქვედანაყოფებიც. ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-თან. ავღანეთიდან ქართული კონტიგენტის გამოსვლა მათთან კოორდინაციით მოხდება”, – ნათქვამია ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა საკუთარ განცხადებაში ავღანეთის მისიაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა. ასევე მწუხარება გამოთქვა წარსულში ქართველი სამხედროების გარდაცვალების ფაქტზეც.

ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, ამერიკული ჯარები ავღანეთს 11 სექტემბერს, ტრაგედიის 20 წლისთავზე დატოვებენ.


ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ნაწილს გაეროს მიერ აღიარებული მთავრობა აკონტროლებს, ნაწილი კი ძველი რეჟიმის – თალიბანის კონტროლქვეშაა.

 

“ნეტგაზეთი”