პანდემია შესაძლოა წლები გაგრძელდეს, თუ ვირუსის მუტაცია უსასრულო გახდა

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, აღარ არსებობს გარანტია, რომ კოვიდ-19-ის ინფექცია ხელმეორედ არ შეგვხვდება – ხდება მუტაცია, ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს და რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება – ასეთ შემთხვევაში კი სპეციალისტები აცხადებენ, რომ სანამ კორონავირუსი ისეთ ახალ შტამებს წარმოქმნის, რომლებიც უკვე არსებულ ვაქცინებს არ ემორჩილებიან, მანამდე უნდა დავასწროთ და მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდეს.

პანდემია შესაძლოა წლები გაგრძელდეს, თუ ვირუსის მუტაცია უსასრულო გახდა

„ჩვენი რეკომენდაცია და საკოორდინაციო საბჭოს გადწყვეტილება არის რომ, ამ ეტაპზე, უკიდურესად უნდა გამკაცრდეს იმ შეზღუდვების აღსრულება, რაც დაწესებულია. ეს არის ორი მთავარი შეზღუდვა – ე.წ. კარანტინი და დიდი თავშეყრების პრევენცია. ამაზე მაქსიმალური ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული, ასევე მნიშვნელოვანია პირბადის მაქსიმალური ტარება. თუ ჩვენ ინფიცირებულების რაღაც ზღვრამდე ავალთ, შემდეგ უკვე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.

„დღეს პირბადის ტარების მაჩვენებლი არის 50%-ზე. სამწუხაროდ, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. თუ ჩვენ გადავიტანდით ინფექციას და გარანტირებული ვიყავით, რომ ინფექცია მეორედ არ შეგვხვდებოდა, სამწუხაროდ, ახლა არ არის ასე. იმის გამო, რომ არის მუტაციები და ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს, რეინფიცირების მაჩვენებლი იზრდება”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი, – ამის შესახებ კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა , ხათუნა ზახაშვილმა „პალიტრანიუსის”ეთერში განაცხადა, მისივე თქმით, არსებული სიტუაცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ წინა ტალღებისგან განსხვავებით მკაცრი ღონისძიებები გატარდეს.

“როგორც ჩანს, ვერ შევძლებთ ამის შეჩერებას. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დღევანდელი სიტუაცია არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გატარდეს ისეთივე მკაცრი ღონისძიებები, როგორც შარშან.ფაქტია, რომ მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდირებულია შესაძლებელი იქნება ისეთი დამანგრეველი არ იყოს, როგორც მეორე”, – აცხადებს ზახაშვილი.

როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, თუ კორონავირუსის მუტაცია უსასრულო გახდა, მაშინ კორონავირუსიც შესაძლოა წლები გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში გამოსავალი ვაქცინაციაა, რადგან ერთი და იგივე ვირუსით რეინფიცირების დროს, ადამიანის ორგანიზმი ბევრად მზადაა და ნაკლები გართულებები შეხვდება.

„სხვა გზა მაინც არ გვაქვს – აცრები უნდა ჩატარდეს იმიტომ, რომ ყოველ შემთხვევაში ამით სიკვდილიანობას დაბლა დავაგდებთ. საერთოდ ერთი და იგივე ვირუსით ნებისმიერი რეინფიცირების დროს, მიუხედავად იმისა, ეს მუტირებულია თუ არა, მაინც ორგანიზმი მზადაა და ბევრად უფრო ადვილად გადაიტანს და გართულებები ბევრად ნეკლები იქნება.

„ამიტომ იმის ლაპარაკი, რომ არ ავიცრათ, რადგან შეიძლება ვირუსი მაინც შეგვხვდეს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. უბრალოდ ვაქცინა მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს და დღესდღეობით ეს ორი საკმაოდ კარგ ვაქცინად მიმაჩნია, არ ვიცი ჩინური რა ხარისხისაა და როგორც ვიცი „ჯონსონის” ვაქცინა ჯერჯერობით გაჩერებულია, რადგან თრომბოემბოლიის ექვსი შემთხვევა იყო.

„ამიტომ, იმის ძახილი რომ არ ავიცრათ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. სამწუხაროდ, ეჭვი მეპარება, რომ ეს ვირუსი მართლა ჩინეთში ხელოვნურად ხომ არ არის შექმნილი? თანამედროვე პერიოდმა, ტექნიკამ, ურბანიზაციამ, ხეების გაჩეხვამ, ჰაერის დაბინძურებამ, იმუნიტეტის დავარდნამ გამოიწვია ის, რომ რეპლიკაციის უნარი სრულიად განსხვავებული აქვს და აქვს მუტირების უნარი.

„თუმცა, სხვა გზა არ გვაქვს უნდა ვებრძოლოთ იმითი, რაც გვაქვს. ანუ, ჯერჯერობით ძირითადად ეპიდემიოლოგიური საშუალებები და ვაქცინაცია, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. თუ რასაც ექიმები და ეპიდემიოლოგები ვამბობთ, თუ ჩვენ ეს წესები არ დავიცავით, შესაძლოა კორონავირუსი გაუთავებელი გახდეს, თუ მუტაცია გაუთავებელი გახდება.

„ეპიდემია მხოლოდ მაშინ შეწყდება, როცა ყველა ადამიანს ყველა ვირუსის მიმართ იმუნიტეტი ექნება. თუმცა ადამიანებისაც მესმის, რომ პირბადის ტარება უჭირთ, რომ აუკრძალოთ სახლიდან გამოსხვა, რომ არავის არ შეხვდეს, არავის დაელაპარაკოს, შესაბამისად მობეზრდათ და ბევრმა ადამიანმა ხელიც ჩაიქნია, მე პირადად ძალიან ბევრს ვხვდები პირბადის გარეშე ქუჩაში მოსიარულეს.

„ადამიანებისაც უნდა გვესმოდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავაძლიეროთ ეს ინფორმაციის მიწოდება თუ რა საშიშროების წინაშე ვდგავართ, თან აღგომები მოდის და თუ რეალური თავდაცვა არ მოხდება, უარეს სურათს მივიღებთ, ვიდრე ჩვენ დიდი აფეთქებების დროს გვქონდა, რადგან უკვე სამწუხაროდ კლასტერები წამოვიდა,”- განაცხადა ხმალაძემ.

ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი „რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ბუნებიდან გამომდინარე, ახალი შტამების წარმოქმნა მოსალოდნელი იყო, მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელ სცენარზე საუბარი ძნელია, თუმცა, გამოსავალი სწრაფი ვაქცინაციაა.

„ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე, ის, რომ მუტაცია ახასიათებს და საკმაოდ სწრაფად განიცდიან, სპეციალისტები თავიდანვე ხშირად აღნიშნავდნენ, ამიტომაც იყო მოსალოდნელი, რომ ახალ-ახალი შტამები წარმოიქმნებოდა.

“წინასწარ რთული სათქმელია ასეთ შემთხვევაში მოვლენები რა სცენარით წარიმართება, რადგან ვერავინ ვერ განსაზღვრავს რა ტიპის მუტაციები მოხდება და რა შტამები წარმოიქმნება.

„თუმცა, ერთადერთი ხსნა და გამოსავალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფი ვაქცინაციაა, რადგან სანამ კორონავირუსი ისეთ ახალ შტამებს წარმოქმნის, რომლებიც უკვე არსებულ ვაქცინებს არ ემორჩილებიან და მერე ახალ ვაქცინის შექმნას დრო სჭირდება, მანამდე უნდა დავასწროთ და გონივრულ ვადაში მთელი მსოფლიოს ვაქცინაცია მოხდეს იმისთის, რომ პანდემიის დამარცხება მოხერხდეს.”- განაცხადა მან.

ინფექციონისტი ამბობს, რომ თუ კორონავირუსმა დაგვასწრო და ახალი შტამები წამოვიდა, მერე შესაძლოა პანდემია წლები გაგრძელდეს.

„სხვა შემთხვევაში, თუ ვირუსმა დაგვასწრო და ისეთი ახალი შტამები წარმოიქმნა, რომლის მიმართაც არსებული ვაქცინები უეფექტო იქნება, რა თქმა უნდა, ეს პანდემია გაგრძელდება და შესაძლოა რამდნიმე წელიწადი დასჭირდეს იმას, რომ საბოლოო დამარცხება მოხდეს. რეინფექციას რაც შეეხება, ამის რისკები თავიდანვე არსებობდა და ერთეული შემთხვევები იყო.

„როცა ახალი შტამები წარმოქმნა მოხდა, რეინფექციის შემთხვევები გაიზარდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსის გადატანის შემთხვევას ხელმეორედ აუცილებლად შეხვდება, მაგრამ ამის რისკები არსებობს.

“რეინფიცირების შემთხვევები ჯერჯერობით ისეთ კრიტიკულ რიცხვზე არ მისულა, რომ ვთქვათ, რომ ვინც უკვე გადაიტანა, აუცილებლად ექვსი თვის, ან ერთი წლის შემდეგ ხელმეორედ აუცილებლად სხვა შტამით დაინფიცირდება.

„მაგრამ, რა თქმა უნდა, რაც დრო გადის და დიდი არაიმუნური ფენა გვყავს, რისკები იზრდება, ამიტომ გამოსავალი ამ ეტაპზე რეკომენდაციების დაცვაშია, საბოლოო გამოსავლისთის ვაქცინაცია უნდა მოხდეს, ოღონდ ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, მხოლოდ ჩვენ პანდემიას ვრ დავამარცხებთ,ა მისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის დიდი ნაწილის ვცაქცინაცია უნდა მოხდეს” – განაცხადა გოგინავამ.

 

“რეზონანსი”