სლოვაკეთისა და ბალტიის ქვეყნების ელჩები რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სლოვაკეთისა და ბალტიის ქვეყნების ელჩები დაიბარა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სლოვაკეთისა და ბალტიის ქვეყნების ელჩები რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

მათივე ინფორმაციით, ელჩები უწყებაში დღეს უნდა გამოცხადდნენ.

”ბალტიის ქვეყნების და სლოვაკეთის ელჩები ოთხშაბათისთვის გამოიძახეს,” – განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა 23 აპრილს განაცხადეს, რომ ქვეყნებიდან რუს დიპლომატებს აძევებდნენ, რომელთა საქმიანობა დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამობაში იყო. სლოვაკეთმა კი 22 აპრილს პერსონა ნონ-გრატად სამი რუსი დიპლომატი გამოაცხადა. სლოვაკეთისა და ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჩეხეთის რესპუბლიკის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად მიიღეს. ჩეხეთმა, 17 აპრილს ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან კავშირში იყვნენ ეჭვმიტანილები. ამასთან, ჩეხეთის ხელისუფლებამ 2014 წელს ქალაქ ვრბეტიცეში, საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო კავშირის შესახებ განაცხადა.