ნამახვანში ეკოლოგიასა და კაშხალზე ყურადღების გადატანა მთავარს მალავს – რიონის ხეობის თურქეთზე “სესხებას”!

საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ 30-ე წლისთავზე მოწვეული პოლონეთის პრეზიდენტი დუდა, ქვეყნის ღირსშესანიშნაობათა მონახულების მიზნით, შიდა ქართლში, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საზღვართან მიიყვანეს. მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, უპირველესად რუსეთის წინააღმდეგ, მასპინძლებში დიდი კმაყოფილება და სიხარული გამოიწვია, რაც არ არის გასაკვირი, მით უმეტეს, როდესაც აქაურთა გულისტკივილს სხვაც იზიარებს, ვთქვათ, პოლონეთი.

ნამახვანში ეკოლოგიასა და კაშხალზე ყურადღების გადატანა მთავარს მალავს - რიონის ხეობის თურქეთზე "სესხებას"!

„გულისტკივილის“ გაზიარებაში მარტო პოლონეთი არ არის. მასთან ერთად, მასზე მეტად საქართველოს წუხილს ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები — ლიტვა, ლატვია, ესტონეთი ხომ იზიარებენ და იზიარებენ. გარდა ამისა, ნაკლები სახისხოკვით, მაგრამ მაინც, ჩეხები, რუმინელები, ბულგარელები, სხვები, ვინმე რომ არ გამომრჩეს, „დამრგვალებულად“ ვიტყვი — ყველა ევროკავშირელი.

მათი გლოვა ხშირად ისეთია, ჩვენსას რომ აჭარბებს, რაც სულაც არ არის გლოვით გამოწვეული. ის უფრო პოლიტიკას უკავშირდება, რომელიც თავისთავად რუსეთს — დიდი ამერიკის მიერ მსოფლიოს მტრად შერაცხულს. …

30 წლის განმავლობაში ე.წ. დამოუკიდებლობამ ისე მოუღო ბოლო პატრიოტიზმს, როგორც გაზაფხულმა თოვლს. ხელისუფლება-ოპოზიციას ეკოლოგიასა და ელექტროსადგურის კაშხლის მდგრადობაზე გადააქვს ყურადღება, რითაც ცდილობს დაფაროს მთავარი — ერთი საუკუნით მდინარე რიონის ხეობის თურქეთისთვის სესხება.

თურქულ კომპანიას — ხელშეკრულების მიხედვით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, შეეძლება ნასესხები ტერიტორიის, მისი წიაღისეულის, ლანდშაფტის გამქირავებელთან შეუთანხმებლად ექსპლუატირება. რას ნიშნავს ეს, თუ არა ქვეყნის ტერიტორიის გაყიდვას?

თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ 99 წლის შემდეგ თურქეთი უსუსურ საქართველოს ნასესხებს დაუბრუნებს, ძალიან ცდება.  თურქთა მიერ შემოღობილში მცხოვრებნი თავისთავად ისეთივენი გახდებიან, როგორც ახალი პატრონები. განა მსგავს არ აქვს ადგილი შემოუღობავ აჭარაში?

ხელისუფლება ხელს ითბობს, არც აწმყოზე ფიქრობს და არც მომავალზე. სამწუხაროდ, არც ქართველები ვფიქრობთ, თორემ დავსვამდით მარტივ კითხვას — რა დრო სჭირდება ელექტროსადგურის აშენებას — 99 თუ 10, 5 წელი და რა კავშირშია  ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ტერიტორიების გასხვისებასთან?

სამხრეთ ოსეთის მავთულხლართებზე ვყვირით, ვინაიდან რუსეთს ვუკავშირებთ, მაგრამ არაფერს ვამბობთ ხელისუფლების „ხელგაშლილობაზე“, რომლითაც თურქეთმა იხეირა. არის რამე განსხვავება ამ ორი ტერიტორიის დაკარგვაში?

თუ პირველი სააკაშვილმა ომით დაკარგა, მისმა შემცვლელმა ივანიშვილმა საკუთარი ნებით. რომელია უფრო საგანგაშო — მკითხველმა განსაჯოს. ჩემის აზრით კი, ორივე ქვეყნისთვის დამღუპველია.

გაივლის საუკუნე და თუ საქართველო გადაურჩა ბედოვლათ საკუთარ ხელისუფლებებს, თურქეთის მიერ შემოღობილ ტერიტორიებთან მივიყვანთ პოლონეთის მსგავს სტუმრებს მხარდასაჭერად.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი