რელიგიური მოტივაცია – რატომ არ დაიხევს უკან ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა 2018 წელს, სოჭში გამართული “ვალდაის კლუბის” შეხვედრის ფარგლებში ასეთი განცხადება გააკეთა:

რელიგიური მოტივაცია - რატომ არ დაიხევს უკან ვლადიმირ პუტინი

“აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ შურისგება აუცილებლად იქნება, რომ ის განადგურდება. ხოლო ჩვენ – აგრესიის მსხვერპლნი ვიქნებით; როგორც მოწამენი, მოვხვდებით სამოთხეში, ისინი კი, უბრალოდ, ჩაძაღლდებიან… იმიტომ, რომ ისინი მონანიებასაც ვერ მოასწრებენ”.

ეს ეპოქალური წინადადება პუტინმა ბირთვული ომის კონტექსტში წარმოთქვა (ვინაიდან ეპოქალური სიტყვაა, არც 2021 წელს და არც შემდგომ წლებში, დიდი ხნის მანძილზე, არ მოძველდება!). რუსეთს არ აქვს ბირთვული იარაღის პრევენციული გამოყენების სურვილი, მაგრამ, თუ რუსეთის მიმართ დაიწყება აგრესია, რუსეთი იტოვებს უფლებას, აწარმოოს გამანადგურებელი აპოკალიფსური ომი. ეს თქვა პუტინმა და დაასაბუთა მორალური კრიტერიუმით. ლიბერალებს (როგორც, მაგალითად, ტვ “დოჟდის” ჟურნალისტებს) ძალიან გაუკვირდათ პუტინის ეს ნათქვამი და თან გამხიარულდნენ, პუტინის ფორმულირება მათ სასაცილოდ მიაჩნიათ. გახარებული “ბი-ბი-სის რუსული სამსახური” ტირაჟირებას უკეთებდა ინტერნეტში “მოფუსფუსე” უსაქმურების ღლიცინს, მაგალითად : “რუსი მოხვდა სამოთხეში და იქ პუტინი დახვდა”… – აი მათი იუმორის მწვერვალი.

მეტიც, “ვალდაის კლუბის” შეხვედრაზე დარბაზში მსხდომმა ვითომ სოლიდურმა საზოგადოებამაც ვერ გაიგო პუტინის სიტყვების არსი. მაშინ, როცა პრეზიდენტმა თქვა, რომ აგრესორები “უბრალოდ ჩაძაღლდებიან”, დარბაზმა ეს ხუმრობად აღიქვა და სიცილი ატყდა, შეხვედრის მოდერატორი ფიოდორ ლუკიანოვი კი უხერხულად შეიშმუშნა. ამის შემდეგ პუტინმა დასძინა: “იმიტომ, რომ ისინი მონანიებასაც ვერ მოასწრებენ”. იქ მყოფი საზოგადოება, ყოველ შემთხვევაში, მისი დიდი ნაწილი, ვეჭვობ, მაინც ვერ მიხვდა ვერაფერს. არადა, პუტინი სრული სერიოზულობით და უკიდურესად გულახდილად საუბრობდა, ეს კარგად ჩანს ვიდეოჩანაწერზე, რომლის ნახვა ყველას შეუძლია ინტერნეტში.

მაინც, რა თქვა პრეზიდენტმა პუტინმა ასეთი, რაც ღიმილს უნდა იწვევდეს?

შესაძლოა, ეს ღიმილისმომგვრელი იყოს რელიგიური შინაარსისგან სრულიად დაცლილი პრიმიტიული საზოგადოებისათვის, როგორადაც გადააქციეს თანამედროვე დასავლეთის უდიდესი ნაწილი, მაგრამ ნებისმიერმა მორწმუნე ადამიანმა იცის, რომ ადამიანის ამქვეყნიური არსებობა არის იმქვეყნიური სიცოცხლისთვის მზადება; ადამიანის ერთადერთი მიზანი პრინციპში არის (უნდა იყოს) სულის ცხონება სამოთხეში მოხვედრის გზით. სამოთხეში მოხვედრა კი შესაძლებელია კეთილი საქმეების კეთებით, მათ შორის, მართალი საქმისთვის სიცოცხლის გაწირვით.

პუტინი სწორედ ასეთ მართალ საქმეზე საუბრობს – თუკი ფიზიკური დაღუპვა გარდაუვალია, მაშინ სულიერად გადარჩენილი იქნება ის, ვის მხარესაც სიმართლეა. აგრესორის მხარეს ვერ იქნება სიმართლე, შესაბამისად, იგი უბრალოდ “ჩაძაღლდება” (ქრისტიანობა აგრესორსაც უტოვებს სულიერი გადარჩენის შანსს მონანიების გზით, მაგრამ მონანიება ამქვეყნიურ სიცოცხლეშივე უნდა მოხდეს), ხოლო ღმერთი საუკუნო სიცოცხლეს უბოძებს მას, ვინც სამშობლოს დაიცავს, საკუთარი ხალხისთვის გაწირავს სიცოცხლეს და არ დამორჩილდება აგრესორის ბოროტ ნებას. ეს არის სიცოცხლის მოწამებრივად დასრულება და, წესით, ურწმუნო ადამიანებსაც უნდა ჰქონდეთ იმდენი განათლება, რომ ეს იცოდნენ. ეკლესიას მოწამეები ხომ წმინდანებად ჰყავს შერაცხილი და ამის არცოდნა უმაღლესი განათლების მქონე ადამიანისთვის (იმისგან დამოუკიდებლად, ხარ რელიგიური თუ არა) მიუტევებელია.

პუტინმა ეს ყველაფერი იცის, აშკარაა, წლების განმავლობაში როგორ განვითარდა რუსეთის პრეზიდენტი სულიერად და ჩაუღრმავდა ქრისტიანობას. მან, პრინციპში, ძალიან ადვილად გასაგები რამ თქვა “ვალდაის კლუბის” პოლიტოლოგების ფორუმზე და, მადლობა ღმერთს, რუსეთში უამრავმა ადამიანმა სწორად გაიგო კიდეც ეს ნათქვამი (მაგრამ ვერ გაიგო პოლიტოლოგებისა და ჟურნალისტების ნაწილმა); სწორად გაიგებენ ამას ქართველებიც, რომელთა უდიდესი ნაწილი თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს.

 

გულბაათ რცხილაძე