„ნატო ჩვენი საზღვრების ირგვლივ“ – რუსეთი საქართველოში Agile Spirit–ის წვრთნებს აფასებს

რუსულმა მხარემ არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება საქართველო–ნატოს თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე.

„ნატო ჩვენი საზღვრების ირგვლივ“ – რუსეთი საქართველოში Agile Spirit–ის წვრთნებს აფასებს

საქართველოში მიმდინარე ნატოს წვრთნები ოფიციალური მოსკოვის მხრიდან ძალიან სერიოზულ მონიტორინგს ექვემდებარება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა, იუწყება РИА Новости.

საქართველოში რიგით მეათე ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2021 („მტკიცე სული”) 26 ივლისს დაიწყო და  6 აგვისტოს დასრულდება.  წვრთნებში მონაწილეობს  700 ამერიკელი, 1.600 ქართველი და სხვადასხვა ქვეყნის 250 სამხედრო მოსამსახურე.

„საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნები კიდევ ერთი დასტურია, რომ ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ჩვენი საზღვრების ირგვლივ არის, არამედ ჩვენს საზღვრებს ეხება. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან ძალიან სერიოზული მონიტორინგის საგანია“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან.

წვრთნები Agile Spirit 2011 წლიდან ტარდება და იგი აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლება არ ჩატარებულა.

რუსულმა მხარემ არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება საქართველო–ნატოს თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე. როგორც ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, მოსკოვი არ ეთანხმება ოფიციალური თბილისის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ წვრთნები მოწოდებულია ხელი შეუწყოს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობას.