საქართველო პარლამენტს ორი ოპოზიციური ლიდერი ტოვებს – იქნება თუ არა არჩევნების ბოიკოტი

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს მწვავე ბოიკოტის გამოცხადებას საარჩევნოდ და როგორც „რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, უკვე ყველას, მათ შორის ევროპელ პარტნიორებსაც მობეზრდათ ის არეული პოლიტიკური ვითარება, რაც ქვეყანაში ბოლო 9 თვეა გრძელდება.

საქართველო პარლამენტს ორი ოპოზიციური ლიდერი ტოვებს - იქნება თუ არა არჩევნების ბოიკოტი

„ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით ოპოზიცია მწვავე კრიტიკით პასუხობს, ნიკა მელიამ და ზურაბ ჯაფარიძემ დეპუტატის მანდატები უკვე დატოვეს, თუმცა სხვები კვლავ პარლამენტში რჩებიან.

როგორც სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ განაცხადა, “ქართულმა ოცნებამ” მიშელის დოკუმენტის ანულირებით „დასავლური სივრცე” დატოვა.

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თქმით, მისი თხოვნის საფუძველზე პარტია პარლამენტში ფორმალურად დარჩება.

„:გუშინვე „ოცნებამ” აღიარა, რომ ის ბარდება წარსულს. ეს არ ცვლის ჩვენს გეგმებს. გუშინ „ოცნებამ” დატოვა დასავლური სივრცე და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი დაასახელა. კიდევ უფრო ნათელი გახდა, რა არჩევანის წინაშე დგას ქართველი ერი. ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის.

რაც შეეხება პარლამენტს, მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თხემით ტერფამდე ელენესთან ერთად გავდივარ რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად. გუნდის შიგნით მე ვთხოვე მათ, რომ ფორმალურად დარჩნენ პარლამენტში,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტის დატოვებასთან დაკავსირებით მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე ზურაბ ჯაფარიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტში ყოფნის ვალდებულება შეთანხმებაზე ხელმოწერის გამო გააჩნდა და თუ დოკუმენტი გაუქმდა, არც ვალდებულებები აკისრია.

„ოცნება” გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან. გავიდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო -დაინახა რომ 43%-ის აღების ნული შანსი აქვთ. გავიდა მას შემდეგ, რაც დაარღვია ამ შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუნქტი. დაარღვია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მარკერით უხაზავდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. გავიდა ამ დოკუმენტის ავტორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან 1 კვირის თავზე.

აპელირება იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა” არ შეუერთდა შეთანხმებას, არის თითიდან გამოწოვილი ბოდვა. ეს შეთანხმება არ დადებულა „ნაციონალური მოძრაობისთვის”. ამ შეთანხმების შესრულება ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი – ნუ, ასე თვლიდნენ ამერიკელები და ევროპელები. ამ შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს უარს ამ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალზე.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ესენი არიან მატყუარები დან გადამგდებები, მათთან შეთანხმებას არ გააჩნია რაიმე ფასი ზუსტად ისე, როგორც კრემლთან. მე ვტოვებ პარლამენტს – იქ ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ აღებული ვალდებულება. არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება, იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს თუ ვინმე კიდევ ვერ აცნობიერებთ, რა ხდება, ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად. როგორ არ დავუშვათ ეს? ეს უნდა იყოს ერთადერთი საფიქრალი დღეს ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის,” – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

პარტიების ნაწილი კვლავ კონსულტაციების რეჟიმშია, „ლელო” ბოიკოტს განიხილავს, სხვებისთვის კი მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება. როგორც ერთ-ერთმა ოპოზიციურმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა „დღის ქრონიკასთან” საუბრისას თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიამ გადაწყვიტა პარლამენტის დატოვება, გუნდის სხვა წევრები რჩებიან საკანონმდებლო ორგანოში, რადგან არსებობს საფრთხე საკაონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნისა, ოპოზიციური მხარეების სრული ბოიკოტის გამოცხადების შემთხვევაში.

„ის ცვლილებები რომელსაც ძალიან დიდი მნისვნელობა აქვს ამ ქვეყნის მომავლისთვის და განვითარებისთვის, უნდა იქნეს მიღებული, ამ ცვლილებების განხორციელებაში კი ნაციონალური მოზრაობა მიიღებს მონაწილეობას.

„რაც შეეხება არჩევნების ბოიკოტს, ახლა არ არის ამაზე ფიქრის დრო, სავარაუდოდ „ქართული ოცნების” სცენარი სწორედ ასეთი იყო, რომ პარტიების რაღაც ნაწილს გამოეცხადებინა ბოიკოტი და მოესუფთავებინა გზა თავისი სატელიტური პარტიებისთვის, რისი საშუალებაც ნამდვილად არ უნდა მივცეთ.

„გუშინ მმართველმა პარტიამ აღიარა თავისი მარცხი და ისიც, რომ ვერ აიღებს ხმების 43%-ს არჩევნებზე. ამ გზით მან დამატებით ფანჯარა გაუხსნა ოპოზიციას იმისთვის, რომ გავაერთიანოთ ძალები და ასე შევიდეთ პოლიტიკურ ბრძოლაში „ქართულ ოცნებასთან”.

„ყველა კვლევის მიხედვით, მათ შორის თავად ხელისუფლების კვლევების შედეგად, დასტურდება, რომ მოქმედი მმართველი პარტია 30% -საც ვერ აიღბს ამ არჩევნებზე, სწორედ ამან განაპირობა ეს გადაწყვეტილება, რომ გაეუქმებინათ შარლ მიშელის დოკუმენტი და თავი აერიდებინათ მასში გაწერილი პუნქტების შესრულებისთვის,”- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ანალიტიკოს მამუკა არეშიძის განცხადებით, იმ ყველაფერს, რაც დღეს ხდება ოპოზიციური მხარეების მიერ, უკვე აქვს ბოიკოტის სახე.

„რაც შეხება არჩევნების ბოიკოტს, მოსალოდნელია ეს ფაქტიც, ოპოზიცია გაივლის კონსულტაციებს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან, ასევე მოსალოდნელია მიხეილ სააკაშვილის პოზიციამაც იმოქმედოს პოლიტიკურ მოვლენებზე. რომელმაც დღეს განაცხადა, რომ გეგმავს წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ჩამოსვლას. მართალია ასე ხშირდ უთქვამს მას, თუმცა არ არის გამორიცხული და ეს იმედს აჩენს ხოლმე ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატში.

„რთული სათქმელია, იქნება თუ არა ბოიკოტი თუმცა, ოპოზიციის რაღაც ნაწილში, რომ არის ეს განწყობა, ნათელია. მე არ მგონია მთლიანად ოპოზიციამ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა როდესაც გარკვეული პარტიები არ იღებენ მონაწილეობას, მისი ლეგიტიმურობის ხარისხი კლებულობს.

„საზოგადოებას, ხალხს და ჩვენს პარტნიორებსაც, ყველას მობეზრდა უკვე ის სიტუაცია რაც ბოლო 9 თვის განმავლობაში ხდება ჩვენს ხელისუფლებაში. უბრალოდ საოცარია ის რაც ხდება, მართალია შეიძლება მოიყვანონ არაერთი ევროპული ქვეყნის მაგალითი, მაგრამ ეს ქვეყნები ძლერ ეკონომიკური ქვეყნები არიან და ჩვენს სიტუაციაში, ასეთი ყოველდღიური რყევა სულ უფრო ასუსტებს სახელმწიფოს,” – განაცხადა არეშიძემ.

 

“რეზონანსი”