ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი – ღარიბაშვილი

„ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი. თუ მათ აინტერესებთ ეს საკითხი, კარგად უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ“, – ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, რომ საქართველოსგან ევროკავშირში გაწევრიანების ინტერესს ვერ ხედავს.

ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი – ღარიბაშვილი

მისი თქმით, ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღების საკითხი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა.

„არ მაინტერესებს ვინ რა თქვა, სრული პასუხისმგებლობით ვეუბნები ქართველ ხალხს, რომ ეს იყო სესხი და დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი. ამას გარდა, ამ სესხმა 75 მილიონმა ევრომ ძალიან დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა და სპეკულაციების საგანი გახდა.

ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ჩვენ გადავწყვიტეთ და თავი შევიკავეთ სესხის აღებისგან“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, ევროკავშირის, 150 მილიონი ევროს ოდენობით, სესხის მეორე ნაწილის გამოყოფა საქართველოში რეფორმების გატარებაზე იყო მიბმული.

ღარიბაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის დოკუმენტი „ნაციონალური მოძრაობის“ გამო გააუქმა, მაგრამ რეფორმები შეთანხმების გარეშეც გრძელდება.